Digest Logo

🎥 „გიორგიმ ორჯერ ისწავლა ანბანი თავიდან, მას აუხდა 8 წლის ასაკში დაწერილი ოცნება...“ - გაიცანით, გიორგი მიქაუტაძის მშობლები, რომლებმაც შვილები ემიგრაციაში სამშობლოს სიყვარულით გაზარდეს

1720180704
გიორგი მიქაუტაძის მშობლები

ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი მიქაუტაძის სახელი უკვე კარგად იცის. საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.

GEO TEAM-ის იუთუბის არხზე ვიდეო გამოქვეყნდა სახელწოდებით - გაიცანით მიქაუტაძის მშობლები.

ალბათ, ყველას აინტერესებს ეროვნული ნაკრების ბომბარდირისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძის ოჯახი და წარმომავლობა, როგორ და სად გაიზარდა იგი - სწორედ ამ თემებზე მისმა მშობლებმა საბა საპანაძის ბლოგში ისაუბრეს.

„ყველა მშობლებს სურს, რომ შვილი გაიზარდოს ქართულად და იცოდეს ქართული ენა, ადათი და წესი - ეგრე გავზარდეთ. ჩვენს დროს, საფრანგეთში ნაკლები ქართველი იყო და ნაკლები კონტაქტი იყო, სკოლაში. რამდენჯერმე თავიდან ისწავლეს ანბანი, მაგრამ კონტაქტის გამო დაავიწყდათ, რომ არ ჰქონდათ შეხება ქართველებთან, ბიჭებმა ორ-ორჯერ ისწავლეს თავიდან. ყველა ემიგრანტს მშობლისთვის საამაყოა, რომ წარმატებულია და მისი შვილი დაბრუნდა სამშობლოში“,- ამბობს გიორგის მამა, ლაშა მიქაუტაძე.

გიორგის დედამ, ნათია მიქაუტაძემ კი ის საიდუმლო და ოცნება გაუმხილა გულშემატკივრებს, რაზეც 8 წლის პატარა გიორგი ოცნებობდა.

„კარგები არიან, არა იმიტომ, რომ ჩვენი შვილები არიან, არამედ ყველა ამას გეუბნება. სიყვარულით გავზარდეთ შვილები. ჩვენგან ისწავლეს და ჩვენგან შეიყვარეს საქართველო. გიოს ყველა თამაშზე, ვიტირე. საამაყოა, რომ ასე გვასახელა და ასე უყვარს საქართველო. ყველას მადლობას ვუხდით, არ დავიღლები მადლობის გადახდით, იმიტომ რომ სიყვარულს ვგრძნობთ საქართველოდან და საფრანგეთშიც. სკოლაში ჰქონდათ თემა, რა გამოხვალ სკოლაში: 8 წლის ასაკში უწერია საკუთარი ხელით შექმნილ ჟურნალში, მე ვიქნებიო ყველაზე მაგარი ფეხბურთელი მსოფლიოში, და ლიონის ფეხბურთელების ფოტოებზე საკუთარ სურათს აკრავდა. აუხდა თავისი ბავშვობის ოცნება“,- ამბობს ნათია მიქაუტაძე.

ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაამარცხა, ანგარიშით 2:0. პირველი ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო, რაც მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გაგრძელდა.

მან პორტუგალიელების კარი მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ აიღო. ამის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას დაეუფლნენ და უპირატესობაც მათ მხარეს იყო, თუმცა ჩვენები კარგად იცავდნენ თავს. მე-16 წუთზე თამაშში ჩართვა მოუწია გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რონალდუს უძლიერესი დარტყმა მოიგერია. 

57-ე წუთზე კი პორტუგალიის კარში პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ეს მისი მე-3 გოლია ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელებმა საკუთარ საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქციეს, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ზუსტად შეასრულა მიქაუტაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია“ - „ლე პარიზიენი“

⭕„ამ გუნდს და ჩვენ ზოგადად, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა გაგვაჩნია იმის, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ“ - ლევან კობიაშვილი