Digest Logo

„იმდენი რამ გადამხდა, რომ თავი იმაზე ხნიერი მგონია, ვიდრე ვარ“ - რას ჰყვება ეკა ბესელია

1732629095
ეკა ბესელია

დაბადების დღე, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულია, თუმცა, ზოგს არ უყვარს მისი აღნიშვნა, ზოგი კი – პირიქით, ცდილობს, ეს დღე განსაკუთრებულად აქციოს. როგორი დამოკიდებულება აქვს საკუთარი დაბადების დღის მიმართ ეკა ბესელიას, რომელმაც ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

ეკა ბესელია: 6 ნოემბერს დავიბადე. მე ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ეს ჩემი დღეა და არ შეიძლება, ისე გავატარო, როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე. მიმაჩნია, რომ საკუთარი დაბადების დღე რაღაც დეტალით შენ უნდა აქციო განსაკუთრებულად. რაღაც შენ თავად უნდა შექმნა და მოიფიქრო, რითაც მას სხვა დღეებისგან გამოარჩევ. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. რადგან უფალმა ამ დღეს ინება ჩემი მოვლინება ამქვეყნად, ესე იგი, ჩემთვის ეს დღე გამოარჩია და ამიტომ სულ ვცდილობ, ყოველ 6 ნოემბერს რაღაც გამორჩეული გავაკეთო. თუ შემიძლია, რომ რამე ახალი დავიწყო, ვცდილობ, დავიწყო. მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რადგან ამ დღეს ყოველთვის რაღაც ახალს ველოდები. ვცდილობ, მთელი წლის შემაჯამებელ და შემდეგი წლისთვის შესანიშნავ დასაწყისად ვაქციო.

– ზოგი ქალი ასაკს არ ასახელებს, როგორც მივხვდი, თქვენ არ ერიდებით.

– არა. ბევრი მწერს სოციალურ ქსელში სხვადასხვა კითხვით, ასაკს მეკითხებიან და იქვე დაამატებენ ხოლმე, საჯარო პირი ხარ და გუგლშიც შემიძლია, ვნახო შენი ბიოგრაფიაო. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ვმალო ჩემი ასაკი, ეს საჯარო ინფორმაციაა (იცინის). გარდა ამისა, ვიცი, რომ ასაკით პატარა არ ვარ, ისიც ვიცი, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. 53 წლის გავხდი, ძალიან ხშირად მეუბნებიან, არ გეტყობაო და მეც ვიცი, რომ ასეა.

ბაირონისა არ იყოს, იმდენი რამ გადამხდა, რომ თავი იმაზე ხნიერი მგონია, ვიდრე ვარ. მგონია, რომ უკვე რამდენიმე ცხოვრება გავიარე. რამდენჯერმე მქონდა უკიდურესი კათარზისი. ზღვარზე ვყოფილვარ, ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, შევეხე. მქონდა ასეთი მომენტები, ამიტომ ახლა ასაკი ჩემთვის უფრო ციფრები და დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა.

– ისე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასაკის მატებასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ გეტყობათ?

– რაც შეეხება გარეგნობას, სარკეში რომ ვიყურები, ჩემს თავს ვეუბნები, ეკა, ბუნებრივად დაბერდი! ანუ, არ მიყვარს ხელოვნური ჩარევები. არცერთ ნაოჭს არ გავაქრობ ჩემი სახიდან. მინდა, ყველაფერი ბუნებრივად მქონდეს, საერთოდ, მე ყველაფერში მიყვარს ბუნებრიობა. ნატურალურად მინდა, შევხვდე ასაკს, ამიტომ არანაირ მანიპულაციებს არ მივმართავ, თუმცა, არ ვაკრიტიკებ მათ, ვინც ასე იქცევა.

რაც შეეხება შინაგან მდგომარეობას, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ გამოვიყურებით ისე, როგორი კლიმატიც ჩვენს სულშია. ჩემი შინაგანი სულიერი ამინდი ცვალებადია. მგონია, რომ ადამიანი საკუთარ თავს ძალიან მაღალ თამასას უნდა უწესებდეს და მე ჩემს თავს ნამდვილად ძალიან ბევრს ვთხოვ. ვეუბნები, რომ რადგან ადამიანად დავიბადე, ადამიანად უნდა დავრჩე. მე მთავარი ამოცანა ადამიანად დარჩენა მგონია. ვცდილობ, ჩემზე ვერაფერმა ვერ მოახდინოს ისეთი გავლენა, რომ მარადიული და ხელშეუხებელი ღირებულებები დამაკარგვინოს. ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ მინდა, გავხდე გულქვა, უემოციო, სხვის მიმართ ინდიფერენტული, დავკარგო სამართლიანობის იდეა... მინდა, ამისთვის ყოველთვის ვიბრძოლო და არასდროს დავკარგო ბრძოლის უნარი, არ შევეგუო იმას, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემს თავს ამ ტიპის ვალდებულებებს ვუწესებ და მუდმივად ვამოწმებ: „აბა, ეკა, ხომ არ დაიღალე, ხომ არ მოგბეზრდა ბრძოლა, ხომ არ შეწყვეტ მას?!“ მე მინახავს ყველა ტიპის წარმატება, მინახავს ყველანაირი გამარჯვება, მინახავს ბევრი პრიზი და ამავე დროს მინახავს ჩემი თავი უკიდურესი სირთულის წინაშე. როგორც გითხარით, სიკვდილსაც შევხებივარ და თვალებშიც ჩამიხედავს მისთვის. მოვახერხე, რომ დღემდე დავრჩენილიყავი ადამიანად და არ შემეწყვიტა სამართლიანი სახელმწიფოსთვის ბრძოლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დედამიწა უკიდურესად მძიმე და კრიზისულ ვითარებას უახლოვდება, ეს იქნება მძიმე და მტკივნეული, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი“ - 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ყველა გატანილი გოლის შემდეგ ცაში ღმერთს ვესაუბრები... უფლის თუ არ მწამს, აბა ვისი უნდა მწამდეს?“ - გიორგი მიქაუტაძე

🎥 „პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი პრობლება წარმოშვას...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

წყარო: tbiliselebi.ge