Digest Logo

ირაკლი ჩარკვიანი 60 წლის გახდებოდა - 27 გენიალური ფრაზა მეფის შემოქმედებიდან

1637305143
მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი

19 ნოემბერი ქართველი მუსიკოსის, პოეტისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა.

ჩარკვიანის პირველი სოლო-ჩანაწერი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-ალბომი, „Svan Songs“ ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს გერმანიაში.

1997 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს კი დაიწერა „მეფეს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა „საქართველო”.

2004 წელს გამოქვეყნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ჩარკვიანის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“.

ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ჩარკვიანის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.

2006 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ირაკლი ჩარკვიანის გენიალურ ფრაზებს:

1. არასოდეს უნდა გამორიცხო, რომ შენ აბსოლუტურად ცდები და სხვები აბსოლუტურად მართლები არიან.

2. ჭეშმარიტი მიზანი თვითონ გზაა და არა ის მიმზიდველი სატყუარა, რომელიც კვლავ წინსვლას გაიძულებს.

3. ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. შენ და ტალღა ერთი ხართ. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ მიგიყვანს იქ, სადაც მიდის. მიჰყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.

4. მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი.

5. მე სხვა გზით წავედი, ანუ არანაირი გზა არ ავირჩიე, თვით გზებს მივეცი ჩემი აქეთ იქეთ ტარების უფლება.

6. არასოდეს არ მყოლია მეგობრები, ეს სულ დროებითი ხალხია. როგორც წესი მერე თორმეტკაციანი გუნდი თავისას ჩაიდენს, თუ დროზე არ დაუსხლტი ხელიდან, იმას გიზამენ რაც საწყალ იესოს უქნეს.

7. ჭეშმარიტი გმირობა გმირობაზე უარის თქმაა.

8. ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა, ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს, ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან, ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.

9.სინამდვილეში სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე.

10. მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი.

11. დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა, გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ!

12. მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას… სულ ეს არის და ეს.

13. სიჩუმისადმი გაუწონასწორებელი დამოკიდებულება კაცობრიობის ყველაზე დიდი უბედურება იყო.. სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით უნდა შეურიგდე, მიჰყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, თუ როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.

14. ხალხი ღიზიანდება, როდესაც მეფეს ირქმევ, მაგრამ ხალხი ყოველთვის გაღიზიანებულია, როცა პოპულარული ხარ, ამიტომ დიდი განსხვავება არაა მეფეს დაირქმევ თუ არა, ვიღაც ყოველთვის შენს წინააღმდეგ იქნება, ამიტომ სჯობს მეფეს ებრძოდნენ, ვიდრე ირაკლი ჩარკვიანს!

15. ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცო
ცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.

16. მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს.

17. სიმართლე სჯობს ნაკლებმა ხალხმა იცოდეს, რადგან ის ცხვირზე ამოსულ მუწუკს ჰგავს, რომელიც სწორედ მაშინ ამოდის, როცა წვეულებაზე ხარ დაპატიჟებული.

18. რაც უფრო მეტს გასცემ,მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.

19. ყველაზე მთავარი რაც მარტოობაში ვიგრძენი, ის არის რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული აღარასოდეს მიმატოვებს.

20. კაიფში ყოფნა შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნას ჰგავს და ამიტომ, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ცდილობს მოიტყუოს თავი, რომ სიყვარული არსებობს.

21. ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეა

22. დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!

23. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

24. თუ მართლა ბედნიერი გინდა იყო, არ უნდა ატეხო ბრძოლა ბედნიერებისთვის

25. ჭეშმარიტი დაბადება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ჩვენს კავკასიურად შემოსაზღვრულ წრეში, სადაც სიკვდილი ერთადერთი ბილეთია საყოველთაო სიყვარულის სპექტაკლზე

26. გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას

27. მოკვდი, მოკვდი, მოკვდი, რომ გახდე თვითონ შენი თავი!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს გაიზრდება ტრავმების და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა“ - ცაგარელი

🔵„მას ყველაზე მეტად ეშინოდა ტელევიზორის და ახალგაზრდული გაერთიანებების“ - ხათუნა ხოფერია

🔵COVID 19-ის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოშია