
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება - ეს განცხადება მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიხეილ ყაველაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში“,- განაცხადა მისი წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე „ტვ პირველთან“ კომენტარი გააკეთა მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშას ტალახაძემ:
„ის არის ნამდვილად პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გახლავთ. მან საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლიდან გადაინაცვლა და დეპუტატის მანდატი ჩაიბარა.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ საქართველოს საზოგადოება; დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება“, - განაცხადა ყაველაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 „ყველა მისი ნაბიჯი ჩემთვის ღირსეული კაცის ნაბიჯია“ - ლიზა ბაგრატიონი სიძეზე