„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება - ეს განცხადება მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიხეილ ყაველაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში“,- განაცხადა მისი წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გახლავთ. მან საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლიდან გადაინაცვლა და დეპუტატის მანდატი ჩაიბარა.
ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1995-1997 წლებში საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.
ყაველაშვილი დაოჯახებულია და ცოლად მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და თამარ ბაგრატიონი ჰყავს.
წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავთ: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი - 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში, მესამე შვილი - ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში დაიბადა.
ფოტოზე: მიხეილ ყაველაშვილი ქალიშვილთან ერთად
მიხეილ ყაველაშვილზე, მისი ცოლის და, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი წერდა:
„უკვე 22 წელია ჩემი სიძეა, მაგრამ ალბათ არასდროს მქონია საშუალება მისთვის სიყვარული ამეხსნა და გამომეხატა ის მადლიერება და პატავისცემა რასაც მე მის მიმართ განვიცდი!!! სიყვარული აუხსნელი შეგრძნებაა, ის მიზეზებს არ საჭიროებს.
აი, პატივისცემას და მადლიერებას კი დამსახურება უნდა!!!
ყველა მისი ნაბიჯი ჩემთვის ღირსეული კაცის ნაბიჯია....
ყველაფერს დიდი სიყვარულით, საქმისა და ადამიანების სიყვარულით აკეთებს!!!
არასდროს წასულა სინდისთან კომპრომისზე!!!
მიყვარს... მეამაყება... ვმადლობ:
ჩემი დის ბედნიერებისთვის...
ჩემი ოთხი ანგელოზის აღზრდისთვის...
თავისი საქმის ერთგულებისთვის...
კეთილშობილებისთვის...
ადამიანებისა და ქვეყნის სიყვარულისთვის და
იმისათვისაც რომ დღეს მან ქვეყნის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტა!!!
მე დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ ყაველაშვილი ისეთივე ღირსეული პარლამენტარი იქნება როგორიც ფეხბურთელი, მამა, მეუღლე, შვილი და თავისი ქვეყნისთვის ჭეშმარიტი პატრიოტია!“,- დაწერა 2016 წელს ლიზა ბაგრატიონმა.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ საქართველოს საზოგადოება; დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება“, - განაცხადა ყაველაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გარემოს ეროვნული სააგენტო - „საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით“
⭕ვეტერანი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე: სანამ ის „ნაპოლიშია“, 100%-ით უნდა დაიხარჯოს