
ყველასთვის საყვარელი მომღერალი მარიამ ელიეშვილი პირველი შვილის მოლოდინშია. მარიამმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც მისი ფეხმძიმობის შესახებ შევიტყვეთ და რასაც უამრავი დადებითი კომენტარი და განსაკუთრებით თბილი გამოხმაურება მოჰყვა.
ამჯერად იგი ცხოვრების ახალ ეტაპზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:
- ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებით ლამაზი და სასიამოვნო პერიოდია, რაც ყველა ქალის ცხოვრებაში გამორჩეულია. შვილის მოლოდინი საოცარი შეგრძნება ყოფილა. ალბათ, ყველა დედიკო გამიგებს. ეს შეგრძნება პირველად მაქვს, დედა პირველად ვხვდები და უფლის მადლიერი ვარ. ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.
– როდის ელოდებით პატარას დაბადებას?
– უკვე ძალიან მალე. ჩემი ორსულობის მესამე ტრიმესტრია და ჩვენი პატარა მალე დაიბადება.
– მისი სქესი გაიგეთ?
– კი, პატარა ბიჭუნას ველოდებით. განსაკუთრებული პერიოდია, ამის ახნა ბოლომდე შეუძლებელია. ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივარ. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობ, დადებითი ემოციებით დავიმუხტო, პოზიტიური განწყობა მქონდეს და მთელი ორსულობა ასე გავატარო. ღმერთის წყალობით, ორსულობა საკმაოდ ბედნიერად მიმდინარეობს, პრობლემების გარეშე.
ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მეუღლეს, გიორგის, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს, რომ ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან მშვიდი და ლაღი იყოს. ნებისმიერი პასუხისმგებლობა ჩემთან ერთად აქვს გაზიარებული და გვერდში მიდგას და ყველაფერში ჩართულია. შესანიშნავი მეორე ნახევარია. მოგეხსენებათ, ბავშვის მოლოდინში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და ის არცერთ მომენტს არ ტოვებს: იქნება ეს ექიმთან კონსულტაცია, სახლის მომზადება თუ ტანსაცმლის შერჩევა ჩვენი პატარისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, ცდილობს, არცერთი წამი არ დაკარგოს და ეს პერიოდი მაქსიმალურად შემიმსუბუქოს.
მეც საკმაოდ აქტიური ვარ. მესამე ტრიმესტრშიც ვცდილობ, არ მოვდუნდე ამ თვალსაზრისით. თუმცა, ბუნებრივია, რომ ორგანიზმს დასვენებაც სჭირდება და ჩემი მეუღლე ყველანაირად მიწყობს ხელს.
– როგორ შეიტყვე ფეხმძიმობის შესახებ და როგორ გახსენდება იმდროინდელი ემოციები?
– ვერ აღვწერ, იმდენად მოულოდნელი სიხარული იყო. აქ ჩამოსვლიდან ძალიან მალე გავიგე, რომ პატარა გვეყოლებოდა. ჩემს საქორწილო ფოტოებში, ოდნავ უკვე მეტყობოდა პატარა მუცელი და სხვათა შორის, ახლა უკვე ბევრი აღნიშნავს, რომ ქორწილის ფოტოების ნახვის შემდეგ, ეს აზრი გაუჩნდათ კიდეც (იცინის). ისე გამოვიდა, რომ ჩვენს ქორწილში უკვე სამნი ვიყავით, მე გიორგი და პატარა. ქორწილის ფოტოები და ვიდეო ისედაც ხომ ძალიან დასამახსოვრებელი და ძვირფასია ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენთვის – კიდევ უფრო მეტად, რადგან უკვე სამნი ვიყავით. ეს ჩვენი ოჯახებისთვის დიდი ბედნიერებაა. მინდა, ყველა წყვილს, ვისაც შვილის ყოლა უნდა, ვუსურვო თავიანთი სიყვარულის გაგრძელება ჯანმრთელ და ბედნიერი პატარაში.
– მეუღლეს როგორ უთხარი ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ სქესის გაგების ცერემონიალიც მხოლოდ ჩვენთვის გაგვეკეთებინა, ანუ პირველებს ჩვენ გაგვეგო, გოგო გვეყოლებოდა თუ ბიჭი. წარუშლელია ეს ემოციები. განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, რაც სხვა წყვილს არ გამოუცდია. ეს ჩვენი სიყვარულის ულამაზესი დაგვირგვინებაა და ახლა უდიდესი სიხარულით ველოდებით ჩვენს პატარას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პოლიციამ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა
⭕პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია