
საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშინდელი მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძეს 58.84 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს თავისუფალ პროგრამაში მან 128.97 ქულა დაიმსახურა, ხოლო საერთო ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
გოგონათა შორის ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო შვეიცარიის წარმომადგენელმა, ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა.
ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ფიგურულ ციგურაობაში შეჯიბრება ბათუმის ყინულის არენაზე მიმდინარეობს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 9 თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვალს დასრულდება.
შეგახსენებთ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ჯამში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული და ოთხივე ფიგურულ ციგურაობაში. პირველად ვერცხლის მედალი 1997 წელს შვედეთში ვახტანგ მურვანიძემ მოიპოვა. 2017 წელს ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 2023 წელს კი კონსტანტინე სუპატაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ინგა გურგენიძე პირველი ქართველი მოციგურავე გახდა, ვინც საქართველოს ამ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოუტანა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ ბერდება ია ფარულავა? - მსახიობმა მისი სილამაზის საიდუმლო გაამხილა