
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ქართული დასის“ ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას უსმენენ, რომელიც 2008–2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
როგორც ჯონდი ბაღათურიამ კომისიის სხდომაზე შესავალ სიტყვაში აღნიშნა, კომისიას დღეს წარუდგენს მასალებს, რომლებიც, ბაღათურიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს აჩვენებს.
„საქმე, რომელიც ამ კომისიამ უნდა გააკეთოს, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მორალური, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. მასალები, რომლებიც დღეს წამოვიღე და მინდა, კომისიას წარვუდგინო, არ აჩვენებს მხოლოდ ერთი კონკრეტული დანაშაულის ან ერთი კორუმპირებული პრეზიდენტის ან მისი ოჯახის კორუმპირებულობას, რაც თავისთავადაც ცხადია, ისედაც სამარცხვინოა.
მასალებში ჩანს, ხელისუფლების ყველა შტოს ხრწნის უკანასკნელი სტადია, სისტემური დანაშაული – როცა დანაშაულში ჩართულია ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული. ანუ დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც შექმნა პრეზიდენტმა თავის გუნდთან ერთად. ამაში ჩართულია სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო. საჯარო რეესტრიც კი ჩართულია კორუფციასა და კორუფციის გადაფარვაში, ასევე დედა, მამა, სიდედრი, ცოლი, მედია. თან ეს ყველაფერი არის მტკიცებულებებით წარმოდგენილი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რა შემოსავლებით დაიწყო სააკაშვილმა პრეზიდენტობა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რით დაიწყეს და როგორ მოხერხდა მისი პრეზიდენტობის ვადაში მილიარდების დაგროვება, ძირითადად სახელმწიფო ქონების ხარჯზე, თუმცა არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების ხარჯზე, არამედ, რიგითი ადამიანების ძარცვის, სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე. ადამიანებისგან პირდაპირ ხდებოდა მისი კერძო, პირადი ქონების ჩამოერთმევა და შემდეგ ამ ბანდიზიტმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდნენ მაგალითად, მაშინდელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ცნობილი ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი. როგორ იყო ჩართული ცრუ ბრალდებების შექმნაში ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 კვერცხი, თაფლი, კონიაკი და ლიმონი - უნივერსალური რეცეპტი მრავალი დაავადების განსაკურნებლად