Digest Logo

„ხან გამათხოვეს, ხან დამაორსულეს, იმასაც იძახდნენ, რომ ადრე კაცი ვიყავი და მერე ქალად გადავკეთდი...“ - რას ჰყვება ანი ყიფშიძე

9 მაისი 15:52
ანი ყიფშიძე

„პრაიმჰაუსელი“ ანი ყიფშიძე უსიამოვნო ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდა. უცნობია, ვინ, თუმცა ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს +18 ხასიათის ვიდეოსთან მისი სახელის დაკავშირებას და ამ კადრების სოციალურ ქსელებში გავრცელებას.

ანი ყიფშიძე: სოციალურ ქსელებში, უფრო მეტად „ტიკ-ტოკზე“, რამდენიმე ადამიანმა მომწერა, მეკითხებოდნენ, ზურგზე ტატუ მქონდა თუ არა. ვპასუხობდი, რომ არა, რომ ზურგი მთლიანად სუფთა მქონდა და არც ვაპირებდი ტატუს გაკეთებას. მერე ეს კითხვა თანდათან გახშირდა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მაინტერესებდა, ყველა მაინცდამაინც ამას რატომ მეკითხებოდა. მერე ჩემმა ახლობელმა მითხრა: ანი, ერთ ვიდეოს განახვებ. მე კი ვიცი, რომ იქ შენ არ ხარ, მაინტერესებს, ზურგზე ტატუ თუ გაქვსო. გადავირიე, რა ხდება, რამე შეთქმულებაა თუ რა არის-მეთქი. მოიცა, დამშვიდდი და შეხედეო. გამომიგზავნა +18 ვიდეო, ისეთი, რომ ბოლომდე ვერც ვუყურე. გოგოს, რომელიც მასში იყო, ზურგზე ტატუ ჰქონდა. მივხვდი, რომ მთელი ეს პერიოდი ამაზე იყო საუბარი და კითხვებსაც ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მისვამდნენ. ეს იმიტომ, რომ თურმე, ვიღაცები წერდნენ, რომ ამ ვიდეოში არსებული გოგო ანი ყიფშიძეაო.

მერე კიდევ უფრო დიდი საშინელება მოხდა. ეს ვიდეო ჩემს შვილსაც გამოუგზავნეს. კიდევ კარგი, რომ მის ფეისბუკს მეც ვხსნი ხოლმე. ერთ დღესაც შევდივარ და მხვდება შეტყობინება, გავხსენი და ეს ვიდეოა. აი, დედაშენიაო, – წერს ვიღაც, – ნახე, როგორი ვიდეოები აქვსო. კიდევ კარგი, ბავშვს ეს არ უნახავს.

რომ ვნახე, საქმე სერიოზულად იყო, მივხვდი, რაღაც უნდა მომემოქმედა. ჩემს მენეჯერს დავურეკე და დახმარება ვთხოვე. როცა ჩემ წინააღმდეგ უსამართლობა ხდება, ასეთ დროს მე მახასიათებს აფეთქება, ბილწსიტყვაობას ვიწყებ და მერე ისევ მე გამოვდივარ დამნაშავე, ჩემს ბრაზსაც ჩემ წინააღმდეგ იყენებენ და ისევ მე გამოვდივარ ცუდი, გათახსირებული და უკანასკნელი ადამიანი. არადა, როგორია, ვიღაც ასეთ ვიდეოს გივრცელებს და წერს, რომ მასში მე ვარ. კი, რაც ამ ვიდეოში ხდება, ამას ყველა ადამიანი ვაკეთებთ, რა პრობლემაა, ეს სირცხვილი კი არ არის, მაგრამ ვიდეო გაგივრცელონ? ეს ჩემთვის არ არის ლამაზი. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ამ საქმით არის დაკავებული, მაგრამ მე არ ვარ ასეთი ტიპაჟი, ეს ჩემთვის მიუღებელია. არის რაღაცები, რაც არ მომწონს, თორემ, რომ მინდოდეს, ვინ დამასწრებდა ამის გაკეთებას.

– ეს რაღაც სექტაა თუ რა ხდება, ან საიდან აქვთ ამდენი ადამიანის ასეთი ვიდეო?

– შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას საკუთარი ხელით გაუგზავნა, მაგრამ არა იმიტომ, რომ გაუსაჯაროვონ და სახალხოდ გამოიტანონ მისი პირადი ვიდეო.

მე დაახლოებით ორი წლის წინაც გამივრცელეს ასეთი ვიდეო. მაშინ დავამტკიცე, რომ მე მუცელზე ჯვარი მეხატა. ისევ ტატუები დამეხმარა. ის გოგო, რომელიც იმ ვიდეოში იყო, მართლა მგავდა. ახლა ეს კიდევ საერთოდ სხვა ვიდეოა. ეს უკვე სისტემატურ ხასიათს ატარებს. ასე მგონია, ხალხს სხვა საქმე არ აქვს, გარდა +18 ხასიათის ვიდეოთი გართობისა. ამ ახალ ვიდეოში, გოგოს შავი თმა აქვს, ჩემი მსგავსი ცხვირი, რაღაცით მამსგავსებენ, მაგრამ ზურგზე დრაკონი ახატია. ვიღაცები ეს რომ აქვთ ნანახი და ფიქრობენ, მე ვარ, მიწერენ, აა, მოგეწონა? კარგი იყო ასე რომ შვებოდი და ასე შემდეგ. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რას მეუბნებოდნენ, სანამ ძალიან ახლობელმა ადამიანმა არ მანახვა. ყველამ ხომ არ იცის, მე ზურგზე ტატუ მახატია თუ არა და ბევრი შეიძლება, შეცდომაში შევიდეს.

ძალიან განვიცადე, ვიტირე. ყველას ჰგონია, რომ ცხოვრება აწყობილი მაქვს და არაფერი მაინტერესებს. არადა, ჩემზე ასეთი რამეები ძალიან მოქმედებს. როდესაც ჩირქს გცხებენ, მერე სადაც არ უნდა მიხვიდე, რაღაცნაირად გიყურებენ, იმას კი არ კითხულობენ, რაც გაიგეს, მართალია თუ არა. ვიღაც ჩათვლის, რომ ოჯახში შემოსაშვები არ ვარ, რატომ, როცა ასეთი რამ მე არ გამიკეთებია და იმ ვიდეოში მე არ ვარ. არ შეიძლება, ადამიანს ასეთი რამ გაუკეთო. არ ვიცი რატომ აკეთებენ ასე, იმიტომ, რომ ხალხს ძალიან ვუყვარვარ? ვერ ვხვდები, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, არ შეიძლება, ასეთი ბოროტი იყო. როგორი ჭორი არ გამიგია, ხან გამათხოვეს, ხან დამაორსულეს... ჯანდაბას, ბოროტი ჭორები არ ყოფილა. იმასაც იძახდნენ, რომ ადრე კაცი ვიყავი და მერე ქალად გადავკეთდი, ათასი სისულელე. კიდევ, თითქოს, ევროპაში წავედი იმისთვის, რომ სუროგაციით დავკავებულიყავი. რა აღარ გამიგია, მაგრამ არ ვაქცევ ასეთ რამეებს ყურადღებას, თუმცა, ეს უკვე სხვა არის, ეს ძალიან დიდი ბოროტებაა, რომელიც ჩემს ყველაზე ძვირფასს, ჩემს შვილსაც ეხება და როდესაც ასე ხდება, კლანჭები მეზრდება, ამიტომ არავის ვურჩევ ასე მოქცევა გააგრძელოს. პირველად რომ გამივრცელეს ასეთი ვიდეო, ჩემს შვილს ჩაუგდეს და მან გახსნა. უცებ შეჰყვირა, ეს დედა არ არის, დედას მუცელზე ჯვარი ახატიაო. ხომ წარმოგიდგენიათ ეს როგორი სანახავია. მაშინ რომ „გავატარე“, იმიტომ მივიდნენ ამ ზომამდე, ამიტომ ყოველთვის არ „გავატარებ“ და მინდა, ეს გაითვალისწინონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ენერგეტიკა შეაქვს ტელეფონის ნომერს მფლობელის ცხოვრებაში და როგორ უნდა გამოთვალოთ ამ ნომრის ციფრული კოდი

„რაც უფრო მეტ შეფუთულ, პარკში გამზადებულ საკვებს ვიღებთ, მით მეტია ტვინის დაზიანების რისკი...“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

ზუკა ხუციშვილის შვილი გაქრისტიანდა - „გილოცავ, პატარა სიყვარულო“

წყარო: tbiliselebi.ge