
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს და ულტრადამუშავებულ საკვებზე წერს:
„ექიმების გაფრთხილება: ულტრადამუშავებული საკვები და პარკინსონის დაავადება – ახალი სამეცნიერო კვლევა გვაფრთხილებს.
რას ამბობს ახალი კვლევა?
2025 წლის 7 მაისს, წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა:
ულტრადამუშავებული საკვების (UPF – Ultra-Processed Food) ხშირი მოხმარება მჭიდრო კავშირშია პარკინსონის დაავადების ადრეულ ნიშნებთან.
ძირითადი მიგნებები:
• კვლევაში მონაწილეობდა 42,853 ადამიანი, საშუალო ასაკი – 48 წელი;
• დაკვირვება გრძელდებოდა 26 წლის განმავლობაში;
• მათ, ვინც დღეში 11 ან მეტ „პორციას“ იღებდა ულტრადამუშავებული საკვებისა, 2.5-ჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, რომ გამოევლინათ პარკინსონის ადრეული ნიშნები.
რომელი პროდუქტებია ულტრადამუშავებული?
ერთ პორციად ითვლება:
• 1 ჭიქა გაზიანი სასმელი (შაქრიანი ან დიეტური);
• 1 ჰოთ-დოგი;
• 1 ნაჭერი შეფუთული ნამცხვარი;
• 1 სუფრის კოვზი კეტჩუპი;
• 30 გრამი ჩიფსი.
ეს პროდუქტი შეიძლება იყოს პატარა რაოდენობით, მაგრამ მათი რეგულარული მოხმარება კრიტიკულ ზემოქმედებას ახდენს ტვინზე.
როგორ მოქმედებს ულტრადამუშავებული საკვები ტვინზე?
კვლევის ავტორი, პროფესორი სიანგ გაო (Fudan University, შანხაი), აღნიშნავს:
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ულტრადამუშავებული საკვების – მაგალითად, ტკბილი გაზიანი სასმელებისა და შეფუთული სნექების ჭარბად მიღება შესაძლოა აჩქარებდეს პარკინსონის დაავადების ადრეულ სიმპტომებს.“
სხვა მეცნიერები, დოქტორი ნიკოლაოს სქარმეასი (Columbia University) და დიეტოლოგი მარია მარაკი, დასძენენ:
„ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენცია შეიძლება დაიწყოს სადილის მაგიდიდან. ეს საკვები არამხოლოდ მეტაბოლურ დაავადებებს უწყობს ხელს, არამედ აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს“.
პარკინსონის დაავადების სიმპტომები:
პარკინსონი ნელა ვითარდება, თუმცა არსებობს ადრეული ნიშნები, რომელთა გაცნობიერება გადამწყვეტია:
• ხელების ან თითების კანკალი;
• მოძრაობის შენელება;
• კუნთების სიმკვრივე;
• ბალანსის დაკარგვა;
• ყნოსვის დაქვეითება;
• დეპრესია, უძილობა ან დღის ძილიანობა.
ჩვენ რაც უფრო მეტ შეფუთულ, პარკში გამზადებულ საკვებს ვიღებთ, მით მეტია ტვინის დაზიანების რისკი. არ უნდა ველოდოთ დაავადებას – პარკინსონის, ალცჰაიმერისა თუ სხვა ნეიროდეგენერაციულ პრობლემებს – პრევენცია იწყება რაციონიდან. დღიდან დღემდე, თქვენ გაქვთ არჩევანი: თეფშზე დადოთ სიცოცხლე, თუ დაავადება“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზუკა ხუციშვილის შვილი გაქრისტიანდა - „გილოცავ, პატარა სიყვარულო“