Digest Logo

„ხრტილის გადანერგვა დამჭირდა. სახეზე, ყბების და ნიკაპის მოჭრაც, დამახერხეს და სახე უკან ამაკერეს“ - ტესა რუხაძის მძიმე ამბავი

1666861052
ტესატესატესა

25 წლის ტესა რუხაძემ იმისთვის, რომ მისი ვიზუალი და შინაგანი მდგომარეობა ერთმანეთს დამთხვეოდა, ბევრი იბრძოლა. 17 წლის ასაკში ქუთაისიდან დედაქალაქში ჩამოვიდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექვსი ურთულესი ოპერაცია ჩაიტარა. სასწაული ტრანსფორმირება მოახდინა და საკუთარი „მეს“ მტკივნეულ ძიებაში, ადრე გიორგიმ, ახლა კი ულამაზესმა ტრანსგენდერმა ტესამ, ერთ დღესაც ჩაიხედა სარკეში და ნამდვილი ქალი აღმოაჩინა. თუმცა, ქუთაისში დაბადებული გიორგისთვის თბილისში ჩამოსულ ტესამდე გზა საკმაოდ რთული გასავლელი აღმოჩნდა.

ტესა რუხაძე: ადრეულ ასაკში მივხვდი, რომ ჩემ ირგვლივ მყოფ ბიჭებს არ ვგავდი. რასაკვირველია, ვერ ვაანალიზებდი, რა მჭირდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. მართალია, ვერ ვხვდებოდი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, მათ არ ვგავდი. ბაღის ასაკიდან მომწონდა მაკიაჟი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ლამაზი კაბების ჩაცმა.

– ტესა, ერთ წელში ექვსი ურთულესი ოპერაცია ჩაიტარე და უმძიმესი სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარე. გარდა იმისა, რომ ეს გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა.

– დიახ, ასეა. ძალიან რთული ოპერაციების ერთდროულად ჩატარება დამჭირდა და საკმაოდ სოლიდური თანხაც დაჯდა, რაც ერთ-ერთმა გავლენიანმა და მდიდარმა ადამიანმა დამიფინანსა, რომელიც ჩემზე იყო შეყვარებული. ბევრი რამ გამიკეთა ცხოვრებაში ამ ადამიანმა, თუმცა ჩვენი ურთიერთობა, გარკვეული მიზეზის გამო, აღარ გაგრძელდა. მოკლედ, სულ თავიდან, როცა გიორგი ვიყავი, ორჯერ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია. საკმაოდ დიდი ცხვირი მქონდა, პირველმა ორმა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა, პრობლემებიც მქონდა, ხრტილის გადანერგვა დამჭირდა. მოკლედ, ორჯერ ცხვირის ოპერაცია გიორგიმ გავიკეთე და მესამე ოპერაცია, სხვა ურთულეს ოპერაციებთან ერთად, უკვე ტესამ ჩავიტარე. ასევე, სამჯერ დამჭირდა მკერდის გაკეთებაც. სახეზე, ყბების და ნიკაპის მოჭრაც დამჭირდა – ყბები და ნიკაპი დამახერხეს და სახე უკან ამაკერეს. მოკლედ, ცხვირი, მკერდი და სახის ოვალი, ერთდროულად გავიკეთე ერთ ოპერაციაში. საკმაოდ რთული და მტკივნეული იყო რეაბილიტაციის პერიოდი. იმდენად მტკივნეული, რომ სიკვდილს ვნატრობდი, ახლა კი შედეგი ძალიან მომწონს. ამის მერე კი გვერდების გამოსაკვეთად ბოდი ფილერებიც გავიკეთე. იმპლანტითაც კეთდება, მაგრამ ფილერით მერჩივნა. სხვათა შორის, ოპერაციის მერე, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მედგა და მამხნევებდა.

– ანუ, მანამდე გყავდა საყვარელი ადამიანი, სანამ ოპერაციებს ჩაიტარებდი?

– დიახ, ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი დიდი სიყვარული და ბედის ირონია ისაა, რომ ოპერაციის დროს გვერდით მედგა, სარეაბილიტაციო რთული პერიოდი ჩემთან ერთად გაიარა და ამის მერე მიმატოვა. ზუსტად ერთი წლის წინ გავიცანი ის ბიჭი. თავიდან მის მიმართ ინტერესი არ მქონდა, თუმცა, მერე დავახლოვდით და ძალიან შემიყვარდა. როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, გვერდიდან არ მომცილებია, ტკივილი მან გადამატანინა, ჩამოვეყრდენი და ამის მერე წავიდა.

– რატომ მიგატოვა?

– ოპერაციის მერე სახეგასიებული და თვალებდასიებული ვიყავი, ადამიანს არ ვგავდი. სახვევი რომ მოვიხსენი, პირდაპირ მითხრა: მე ისეთი უფრო მომწონდიო. დამოკიდებულება შეიცვალა და მეც კომპლექსი გამიჩინა: იქნებ, მართლა დავმახინჯდი და ასე უნდა დავრჩე-მეთქი. ზუსტად ამ პერიოდში დავიწყე ჰორმონების დალევა, გავხდი სასწაულად ემოციური და იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე ადრე მიყვარდა. არავისთან კონტაქტი არ მინდოდა, ჩავიკეტე, არ ვჭამდი, შიმშილით გულიც წამსვლია. არ დამავიწყდება, ახალ წელს გავემზადე, დავანთე სანთლები, გავშალე მაგიდა, მას ველოდებოდი და დამირეკა და მითხრა: მე არ მოვალო. ნარკოზები, ჰორმონები, სიყვარული... გადამეჭედა და სუიციდის მცდელობაც კი მქონდა. ახლა ზუსტად ვიცი, არ შეიძლება ასე ადამიანის შეყვარება. მალავდა ჩემთან ურთიერთობას და თან ასაკით ჩემზე პატარაც იყო. ახლა მასთან კონტაქტი აღარ მაქვს, დავჭკვიანდი და ჩემი თავი ყველაზე მეტად მიყვარს. იმ პერიოდში ვბრაზობდი, ახლა კი ნამდვილად აღარ მაქვს ბრაზი გულში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რუსულ ჭურვებს მისი მამა და ფეხმძიმე დედა ემსხვერპლნენ! პატარა ბიჭმა, საყვარელ ძაღლთან ერთად, ბევრი საათი გაატარა მარტოობაში“ - რას წერს გიგა მაქარაშვილი

🔵„ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია? ვერ მოგართვით!“ - ბაია პატარაია

🔵რას მოუტანს დღევანდელი მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება

წყარო: tbiliselebi.ge