დეკანოზი გურამ ოთხოზორია მონანიების არსსა და მის სულიერ მნიშვნელობაზე ჟურნალ OK!georgia-სთან ინტერვიუში საუბრობს. სასულიერო პირის განმარტებით, ჭეშმარიტი მონანიება ფორმალურ სიტყვებზე გაცილებით მეტია და ის ადამიანის გონებრივ და სულიერ გამოფხიზლებას უკავშირდება.
მამა გურამის თქმით, ცოდვა თავისი არსით რეალობიდან აცდენა და ერთგვარ „სიზმარში ყოფნაა“, საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ რეალური გაცნობიერებით არის შესაძლებელი:
„მონანიებაც სწორედ გონს მოსვლაა – არა უბრალოდ „ბოდიში“, არამედ გაღვიძება. როგორც სიზმარში, როცა რაღაც საშინელება გესიზმრება და უცებ იღვიძებ – ხვდები, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ცოდვაც სწორედ ეს არის – აცდენა, სიზმარში ყოფნა და როცა გონს მოდიხარ, ყველაფერი იცვლება.
ადამიანი ნელ-ნელა კარგავს ღრმად ფიქრის უნარს. წიგნის კითხვაც კი უჭირს ბევრს. კითხვა თავისთავად ნიშნავს, რომ რაღაცას ეძებ, რაღაც გაკლია. მაგრამ დგება მომენტი, როცა კითხვები ამოიწურება ან პირიქით, იმდენად ბევრია, რომ გაღიზიანებს. სწორედ აქ იწყება სხვა ეტაპი – მოსმენა, გაცნობიერება. ეს არის მდგომარეობა, როცა აღარ ეძებ პასუხს გარეთ. როცა „შინ ხარ“ ანუ საკუთარ თავში, ცნობიერებაში. ამ დროს კითხვა აღარ არსებობს, რადგან პასუხიც იქვეა. მაგრამ ამ მდგომარეობამდე მისვლა რთულია, იმიტომ, რომ მოითხოვს სიმშვიდეს, ყურადღებასა და მზადყოფნას.
თუ მზად არ ხარ, პასუხსაც ვერ დაიჭერ. მოდის ნათელი, მაგრამ ვერ უყურებ, თუმცა მაინც რაღაც გრჩება, რომელიც მერე უნდა გამოიყენო. სამყარო ეტაპობრივად გაძლევს ამ ყველაფერს, ჯერ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველაფერი ერთბაშად დავინახოთ“, - აღნიშნავს მამა გურამ ოთხოზორია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ბავშვობის სიყვარული, რომელიც დიდებაზე ძლიერი აღმოჩნდა: ლეო მესისა და ანტონელას სამაგალითო ისტორია