Digest Logo

მეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“

1773850302
მეუფე შიო ილია მეორეზე

პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიო (მუჯირის) განცხადებით, უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, კვირას დაკრძალავენ.

როგორ მეუფე შიომ მრევლისთვის სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა, შემთხვევითი არ არის თარიღი, როდესაც საქართველოს პატრიარქი აღესრულა.

„ბატონო პრემიერო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო ბიძინავ, ყოვლად სამღვდელოებავ, მეუფენო, მღვდელმთავარნო პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო.

დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება მისი უდიდებულესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მსახურებაში. ვართ ნამდვილად დაობლებულები. პირადად, გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას. ვიცი, რომ ჩვენი დები, ძმები, უმრავლესობა ასე განიცდის ამ მოვლენას, მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი მადლი, რომელიც იღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა.

მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ, საქრისტიანოზე. ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის.

მინდა, მოგისამძიმროთ დღეს ყველას მის უწმინდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი თვისება ჰქონდა მას, რომ მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა, როგორც მთელს საქართველოს, ისვე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან.საოცარი მადლი ჰქონდა,ადამიანებში ახდენდა დიდ ფერისცვალებას და ცხოვრება, ვისაც გვქონია შეხება მასთან, უკეთესობისკენ იცვლებოდა.

არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსმყოფელ ჯვარს. ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება იმისი, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამეობრივი. მინდა დავამატო, რომ როგორც უკვე გაიგეთ, მისი დასაფლავება მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ", - განაცხადა მეფე შიომ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

„12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა, ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი

⭕„სული, რომლის გადარჩენა მას ჩავაბარეთ, უპატრონოდ დაგვჩა… ახლა ვინ ილოცებს ჩვენთვის, ვის შესწევს ძალა უანგაროდ იღვაწოს ასე?“ - თიკო ჩხეიძე

⭕„დიდი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, უდიდესი სურვილი მქონდა შევხვედროდი, ერთ დღესაც საპატრიარქოს გზას დავადექი...“ - ინგა მამუჩიშვილი პატრიარქთან შეხვედრაზე