Digest Logo

„მინდა ცნობილი გავხადო რას მოიცავს ავიაცია, რატომ არ არის საშიში პილოტობა...“ - გაიცანით 14 წლის თაზო, რომელმაც ორგანიზაცია Young wings ჩამოაყალიბა

1746633350
თაზო კაბულაშვილი

14 წლის ასაკში შესრულებული პირველი ფრენა,  საოცნებო საქმე, რომელიც თაზო კაბულაშვილის მამოძრავებელი ძალაა და ამავე ასაკში შექმნილი ორგანიზაცია Young wings, რომლის მიზანი საქართველოში საავიაციო სფეროს პოპულარიზაციაა. 

პატარა მფრინავით  „დაიჯესტი“  დაინტერესდა და მას ესაუბრა. 

თაზომ დეტალურად გვითხრა როგორ დაიწყო მისი დამოკიდებულება, სიყვარული საავიაციო სფეროს მიმართ და გავარკვიეთ, რომ მისი შთაგონების წყარო საკუთარი და აღმოჩნდა, რომელიც ასევე აღნიშნული სფეროთი იყო დაინტერესებული. 

„ვარ 14 წლის, მეცხრე კლასში. ჩემი დილა იწყება ტელეფონში რადარის გახსნით, ვნახულობ თვითმფრინავების განრიგს. შემდეგ ვიბან ხელ-პირს, ვემზადები და მივდივარ სკოლაში. კლასიდან თვითმფრინავებს ვუყურებ, ასევე  სახლში დაბრუნების შემდეგ კვლავ რადარს ვამოწმებ და ვუყურებ თვითმფრინავებს. 

რაც თავი მახსოვს, მთელი ბავშვობა მინდოდა პილოტობა. ჩემი და სწავლობდა საავიაციოზე, უნდოდა ბორტ გამცილებელი ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ბიზნესზე გააგრძელა სწავლა. მას ყოველთვის ჰქონდა თვითმფრინავები, ტელეფონის ფონადაც ის ეყენა. ნათლიაჩემიც საავიაციო სფეროში მუშაობდა და ამ ყველაფერმა გამიჩინა ინტერესი. ბებია ხშირად მიდიოდა კიევის უნივერსიტეტში, ვაცილებდი და  ვხედავდი როგორ გამოდიოდნენ პილოტები, თვითმფრინავები სულ მინდოდა გავჩერებულიყავი და მეყურებინა“, - ამბობს თაზო კაბულაშვილი. 

თაზომ „დაიჯესტს“ მომავალი გეგმების შესახებაც უამბო. როგორც მომავალი პილოტი ამბობს, მისი მიზანია საქართველოში საავიაციო სფეროს პოპულარიცაზია და მეტი ადამიანის დაინტერესება. 

„პირველ რიგში ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველოში საავიაციო ჩამოყალიბდეს ისეთივე სფეროდ, როგორიცაა სამედიცინო, პოლიცია, მხატვრობა. მინდა ცნობილი გავხადო რას მოიცავს ავიაცია, რატომ არ არის საშიში პილოტობა. 

საფრთხეები გაცნობიერებული მაქვს, თუმცა ეს ყველაფერი პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. რაც უფრო პროფესიონალი ხარ, მით უსაფრთხოა ფრენა. არსებობენ მფრინავები, რომლებიც არიან გამოცდილები და წამში ნახულობენ სიტუაციიდან გამოსავალს“, - ამბობს მომავალი პილოტი. 

14 წლის თაზო კაბულაშვილმა გვერდით მისი თანატოლები შემოიკრიბა და ორგანიზაცია, სახელად Young wings ჩამოაყალიბა, რომელსაც პირველი გახსნითი ღონისძიება უკვე ჰქონდა. ჯგუფი სკოლებში სიარულს და ბავშვებისთვის საავიაციო სფეროს შესახებ ინფორმაციის გაზიარებას აპირებს. 

„ორგანიზაცია Young wings, იმისთვის შევქმენი, რომ განვავითარო და პოპულარიზაცია გავუწიო ავიაციას. ვფიქრობდი, მხოლოდ რამდენიმე ბავშვი იყო დაინტერესებული ამ სფეროთი, ამიტომ თავიდან გავაკეთეთ ფეისბუკ გვერდი, გავაერთიანე ამ ჯგუფის ქვეშ ის ბავშვები, ვინც დაინტერესებული იყო ფრენით. ამის შემდეგ დავფიქრდი, რატომ მარტო ჩვენ? მხოლოდ ჩვენ რატომ უნდა ვიცოდეთ ამ სფეროზე-მეთქი და ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია. 

ვაპირებთ, დავიწყოთ სკოლებში ვიზიტები, მოვაწყოთ ღონისძიებები, რათა მთელმა საქართველომ გაიგოს როგორ დაიწყო ქართული ავიაციის განვითარება, ახლა რა ეტაპზეა და როგორი მომავალი აქვს.

ამ ყველაფერში არავინ გვეხმარება, საკუთარი სახსრებით ვაკეთებთ ყველაფერს. ყველა ღონისძიებისთვის ვეძებთ სპონსორებს, ამჯერად „თიბისი“ ბანკი დაგვეხმარა, დაგვაფინანსა როგორც ახალგაზრდა ნოვატორები, ასევე რაიონის გამგეობამ გამოგვიყო ადგილი ღონისძიების ჩასატარებლად. 

ოჯახი მაქსიმალურად მხარს მიჭერს ყველაფერში, მეც და ჩემს გუნდსაც. ყველაზე დიდი მხარდამჭერი დედაჩემი და დაა“, - ამბობს „დაიჯესტთან“ თაზო კაბულაშვილი.

„სიმართლე გითხრათ, ტელეფონი, კომპიუტერული თამაშები არასდროს მიზიდავდა, მხოლოდ ტექნიკით და თვითმფრინავებით ვთამაშობდი, ვშლიდი და ვამოწმებდი შიგნით რა ხდებოდა. 

ვაპირებ, გავხდე რაც შეიძლება კარგი, პროფესიონალი პილოტი.

გამორჩეული პილოტია ლაშა გურგენიძე, ჩემი ნაცნობია. ყველგან ამას ვამბობ, ვინც მეკითხება. მან ყველაფერი გააკეთა მიზნის მისაღწევად. თავიდან დაიწყო ბორტ გამცილებლობით, ბოლოს კი გახდა პილოტი. ეს მაძლევს სტიმულს, რომ მეც შევძლებ. 

მინდა ბავშვებს ვუთხრა, რომ თუ საკუთარი მიზნის გჯერა, აუცილებლად გამოვა! შეიძლება საქართველოში ძალიან ძვირია სწავლა საავიაციოზე, მაგრამ 100%-ით მჯერა, რომ მიზნებს მივაღწევ და პილოტი გავხდები!

პირველი ფრენა შევასრულე 14 წლისას, მიმიწვია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა. თავიდან ამინდს რომ შევხედე, შემეშინდა ვერ მეფრინა. თუმცა მეორე დღეს თელავში ვიფრინე და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, კარგი და წარმატებული ფრენა გამოვიდა“, - ამბობს თაზო კაბულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

როდის და როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ აგვიხდეს - ასტროლოგებმა 2025 წლისთვის მნიშვნელოვანი თარიღები დაასახელეს

გიორგი კეკელიძე მამა გახდა - „იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა, თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი“

„დიდი კომპოზიტორის დაბადების დღეა!“ - ზურა ხაჩიძის მილოცვა მარიკა კვალიაშვილს