
მუსიკალური ანსამბლი „იამე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გუნდი გახლავთ, რომლის ძირითადი რეპერტუარი აგებულია ძველ იმერულ და ქალაქურ სიმღერებზე.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს სახალხო არტისტის, მუსიკოსისა და ოპერის მომღერლის, ვაჟა კუბლაშვილის ქალიშვილი, გულთამზე კუბლაშვილი გახლავთ. იგი ასევე ხელმძღვანელობს, როგორც ბავშვთა, ისე ვაჟთა ანსამბლებს და აქტიურად არის ჩართული ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში.
ანსამბლი ექვსი წევრისგან შედგება, ისინი ძირითადად სიმღერებს გიტარის აკომპანირების თანხლებით ასრულებენ. გიტარისტი კი ასევე მუსიკოსი და მომღერალი ვალია მინდიევია.
ამჯერად, მუსიკალური ანსამბლი „იამე“ გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრები იყვნენ, სადაც შემოქმედებაზე, დაარსების ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს:
„ანსამბლი „იამე“ 2012 წელს ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი ჩვენ სიმღერის სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა და დაგვაკავშირა ერთმანეთთან. თითქმის ყველა მუსიკოსები ვართ. მინდოდა ჩვენ რაიონში, თერჯოლაში ამის რესურსი ყოფილიყო, რომ ქალთა ანსამბლი ჩამოგვეყალიბებინა და ქალბატონებიც დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩემს წინადადებას. სახელწოდება უკავშირდება ქალაქური სიმღერის „ყაყაჩო აყვავებულას“ ტექსტის შინაარსს. დაარსების დღიდან ანსამბლი ხშირად გამოდის სიმღერებისა და საგალობლების კონკურსებსა და ფესტივალებზე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, თურქეთში, ქალაქ მარმარისში ჩატარდა ფესტივალი, სადაც ლაურეატის წოდება მოგვენიჭა და სპეციალური პრიზი გადმოგვეცა.
ჩვენ რეპერტუარში ძირითადად იმერული სიმღერები გვაქვს, ქალაქური. ამ ანსამბლის მიზანი არის, ძველი ქალაქური და ფოლკლორული სიმღერების შესწავლა და პოპულარიზაცია. მე მყავს ბავშვთა ანსამბლი, შესაბამისად თუ გინდა, რომ ეს სიმღერები არ დაიკარგოს მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ახალ თაობას“, - ჰყვება გულთამზე კუბლაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მთელი ჩვენი საგვარეულოს და ოჯახის დიდი სიმდიდრეა...“- გაიცანით ლაშა დვალიშვილის 97 წლის ბაბუა