
26 აპრილს, ლოს-ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ ჰილსში მომხდარი მკვლელობის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია. ბოროტმოქმედები 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის სახლში, შაბათს გამთენიისას შეიჭრნენ და მოკლეს. სამივე ეჭვმიტანილს ბრალი მკვლელობაში წაუყენეს და თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.
ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებმა ნახეს სასტიკად ნაცემი კაცი, რომელსაც თავის არეში მიყენებული ჰქონდა სასიკვდილო დაზიანება. მედიკოსებმა იგი ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.
მომხდარში ბრალდებულები ქართველები არიან - 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი. ისინი უკვე დააკავეს.
მოკლულის ახლობელი „ამბებს“ უყვება, რომ დამნაშავეებს მოდებაძის ვალი ჰქონდათ და ასე მოიშორეს თავიდან.
„ალექსანდრე მოდებაძე ვერაზე გაზრდილი ბიჭია, შემდეგ წლები ცხოვრობდა ამერიკაში, მოქალაქე იყო. საოცარი ადამიანი იყო, ბევრი ბიზნესი ჰქონდა, ყველას ძალიან ეხმარებოდა. პირველი ოჯახიდან უფროსი გოგონა ჰყავს, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს. მეორე ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა, ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
საქართველოში აპირებდა ალექსანდრე აღდგომას ჩამოსვლას და შემდეგ გადაიფიქრა. ბარემ ივნისში ჩამოვალ, დაბადების დღეს გადავიხდი და ბავშვობის მეგობრებს ვნახავო.
მკვლელები ქართველები არიან. თუ არ ვცდები ერთი კახეთიდან არის, ორი თბილისიდან. მკვლელებს მისი ვალი ჰქონდა, უთხრა, - დამიბრუნეთო. ადგნენ და ასე მოიშორეს თავიდან. დაკავებულების ოჯახები თბილისში ცხოვრობენ. ყველა შოკში ვართ, იმედი გვაქვს, რომ დამნაშავეებს სამუდამოს მიუსჯიან“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს, 29 აპრილს „რუსთავი 2-ზე“ ახალი მეგა შოუ „საქართველოს ხმა“ იწყება
⭕გურამ ქუთათელაძე UFC-დან გაუშვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
წყარო: www.ambebi.ge