
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უარყოფს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს.
უწყება კორძაიას განცხადებას ცრუ ბრალდებას უწოდებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი.
„ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.
გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.
იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.
აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თამარ კორძაიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გაყალბებული პირადობის მოწმობებით არჩევნებს აყალებებს.
„ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი. პერსონალურ ინფორმაციას ვავრცელებთ, მაგრამ ამას საჯარო ინტერესი მოითხოვს. ერთი ადამიანის პირადობის მოწმობა გვაქვს, სადაც სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ემთხვევა და ორივე მოქმედია, რომელსაც ვადა აქვს 2031 წლამდე.
არ ემთხვევა გვარი და პირადობის მოწმობის სერია. აქედან გამომდინარე დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით, საქართველოს ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს.
დღეს საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების დაწყების მოთხოვნას, იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ყველა უწყების, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული“, – აცხადებს თამარ კორძაია.
კორძაიამ ასევე ხმის მიცემის პროცესის სხვა დარღვევებზეც ისაუბრა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ფოთში აგიტატორმა „პირველების " ჟურნალისტს სცემა
🔵„მთაწმინდიდან გამოქანდი, მელია... დღევანდელი გამარჯვება ჩვენია“ - ხათუნა ხოფერია
🔵რა ვაჩუქოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
🔵„ძალიან, ძალიან ტრაგიკული დღეა... მივდივარ უბანზე ძალიან მძიმედ“ - რას წერს თინა ხიდაშელი
🔵VIDEO: „ხმა მივეცი კახა კალაძეს“ - თბილისის მერი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა
წყარო: exclusivetv.ge