როგორია ხატია სიჭინავას თვისებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ხატია სიჭინავა: 3 აპრილს დავიბადე. ზოდიაქოთი ვერძი ვარ და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვერკვევი ასტროლოგიაში, მაგრამ ვერძის თვისებები ძალიან შეესაბამება ჩემს ხასიათს.
– ვერძი თავგადასავლების მოყვარულია, მასთან არასდროს მოიწყენთ და ყოველთვის გექნებათ მიზეზი გასამხიარულებლადო. ასეა?
– ვგიჟდები თავგადასავლებზე. ჩემი ცხოვრება თავგადასავლების გარეშე წარმოუდგენელია. ჩემთან ნამდვილად ვერ მოიწყენ, რადგან ჩემი იუმორიც, როგორც ალბათ, ყველა ვერძის, ძლიერი მხარეა. ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებსაც იუმორი აქვთ და ვიწყენ მასთან, ვინც იუმორს ვერ იგებს. ამიტომ ასეთებთან საერთოდ არ ვკონტაქტობ.
– ასხივებენ ოპტიმიზმს და არცერთი ვერძი, არასდროს არ აღიარებს წაგებას...
– პესიმიზმი ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა. ცხოვრებაში არ მქონია დეპრესია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ეტაპები მაქვს გავლილი. თუ ცუდი ხდება, მჯერა, რომ მას აუცილებლად მოჰყვება კარგი. ყოველთვის ვცდილობ, მეგობრებს თუ უცხო ადამიანებს დავაჯერო, რომ მხოლოდ ოპტიმისტური განწყობა არის ადამიანის მამოძრავებელი ძალა. ცხოვრებაში რაც არ უნდა „შავ პალასაზე“ იყო, უნდა გჯეროდეს, რომ დაღმართის შემდეგ, აუცილებლად აღმართი მოდის.
რაც შეეხება წაგებას, ჩემში ძალიან ძლიერია გამარჯვების სურვილი. ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ვერძისთვის ისაა, რომ პოზიციას არასდროს თმობს. თუ არ გამოსდის, მანამდე ცდილობს, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებს.
– პირველობისკენ სწრაფვაში ხშირად ავიწყდებათ სხვების ინტერესი...
– ვიტყოდი, იმდენად სწრაფი ვარ, რომ სხვა ჩემთვის თავისი აზრის გაზიარებას ვერ ასწრებს ხოლმე (იცინის). სანამ ვინმე რამე რჩევას მომცემს, მე უკვე გავლილი მაქვს. სხვათა შორის, ჩემი ქმარი სასწორია და სანამ ის აწონ-დაწონის, მე უკვე შვიდჯერ მაქვს გავლილი ეს გზა. ამიტომ შეიძლება, რაღაც მომენტში, ვერძები როცა მიზნისკენ ისწრაფვიან, მართლა ვერ ითვალისწინებენ სხვის აზრს. მეც, იმიტომ არა, რომ სხვისი აზრი არ მაინტერესებს, უბრალოდ, ძალიან სწრაფად ვაზროვნებ და ძალიან სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას. ვიღაც ერთი დღე რომ ფიქრობს, მე ჯიქივით მივდივარ მიზნისკენ, შეუჩერებლად და უკომპრომისოდ. როცა რამე მინდა, დედამიწაზე ვერავინ შემაჩერებს.
– უპირობო ლიდერები არიან, ადვილად იძენენ მეგობრებსაც და მტრებსაც...
– ვიტყოდი, რომ მტრებს უფრო ადვილად ვიძენ, თუმცა, მეგობრებსაც (იცინის). როგორც ვთქვი, ძალიან ადვილად შევდივარ კონტაქტში, მიყვარს ეს პროცესი. რაც შეეხება მტრებს, ადვილად ვიძენ, ალბათ, იმიტომ რომ ყველას არ უყვარს გულღია ადამიანები, თუნდაც მეგობრულები, ან ზედმეტად წარმატებულები, ან უკომპრომისოები. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდად არ უყვართ ლიდერი ადამიანები. არადა, რაც არ უნდა ვთქვათ, ვერძებს ნამდვილად აქვთ ლიდერობის თვისება.
– ოღონდ მტრებთან გამკლავებაც არ გიჭირთ.
– არა, გამკლავება საერთოდ არ მიჭირს. თუ ვიღაც დროსა და ენერგიას ხარჯავს იმაზე ფიქრში, რა უყოს მტრებს, ჩემთვის მტერი ცარიელი ადგილია. არ ვაღიარებ არანაირ მტრობას, ჩემი მტერი ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ, ცარიელი ადგილია. სოციალურ ქსელში რომ ნეგატიური კომენტარები იწერება, ჩემთვის იმდენად უმნიშვნელოა, რომ საერთოდ არ მოქმედებს. ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს რომ პასუხი გავცე, მათთვის ეს ძალიან დიდი პატივი იქნება, ამიტომ ვერასდროს ნახავთ ჩემს ერთ კომენტარსაც კი მათ საპასუხოდ.
– ვერძებისთვის ხელმისაწვდომია სიმდიდრეც, ძალაუფლებაც, მაგრამ პარალელურად, ცხოვრებაში ხვდებათ დიდი ბარიერებიც...
– ბარიერებისა და სირთულეების გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა მოსახვევში ბარიერი მხვდება. ამას იმდენად მივეჩვიე, რომ ვერ წარმომიდგენია, თუ ვიღაც სირთულეების გარეშე ცხოვრობს. იმდენად ადაპტირებული ვარ ბარიერებთან, ისეთი წინააღმდეგობები გადამილახავს, რომ არაბულ ულაყსაც გაუჭირდება გადახტომა. საბედნიეროდ, ვახერხებ – ღმერთის წყალობითა და საკუთარი თავის რწმენით. ზუსტად ვიცი, ცხოვრებაში როგორი ბარიერიც არ უნდა შემხვდეს, აუცილებლად გადავლახავ.
– აზრის ხისტად გადმოცემით ხშირად ანაწყენებენ გარშემო მყოფებს.
– კი, ბატონო. ვისზეც რას ვფიქრობ, ყველას ყველაფერს პირში ვეუბნები, მეგობარი იქნება თუ უცხო, არ აქვს მნიშვნელობა. მე არ შემიძლია, თამაში. თუ ადამიანი მომწონს, არც ამას ვმალავ და თუ არ მომწონს, ვერც ამას დავმალავ, ემოცია სახეზე მაწერია. ზრდილობის გამო არავის ვეტყვი მისთვის სასურველ სიტყვებს. შეიძლება, ბევრისთვის ხისტია ჩემი პირდაპირობა, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს და სხვანაირად, უბრალოდ, არ გამომდის.
– ზოგჯერ ნამდვილ დიქტატორებად იქცევიან ხოლმე...
– ეს, ალბათ, როცა დედის ამპლუას ეხება საქმე. მე არ ვარ ლიბერალი მშობელი, რომელიც შვილებს ყველაფრის უფლებას აძლევს. მინდა გითხრათ, რომ ოჯახში, მამასთან უფრო შეუძლიათ თხოვნებით რამის მიღწევა, მაგალითად, ღამის გათენება თუ უნდათ, ფილმის ყურება ან ასე შემდეგ, ვიდრე ჩემთან, იმიტომ, რომ იციან ჩემი აზრი, 10 საათი რომ სრულდება, ოთხივე ლოგინში უნდა იწვეს. მე რომ ვიტყვი არას, ის ნიშნავს არას და კი – კის. ალბათ, ამაში გამოიხატება ჩემი დიქტატორობა, შეუვალი დედა ვარ. მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ დისციპლინა ყველაფერში აუცილებელია.
– ქალ ვერძს მუდმივად ეჭვები აქვს საკუთარ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
– უი, არა, ბავშვობიდანვე ზედმეტად დამოუკიდებელიც კი ვარ. ცივ ქვაზე დაგასახლებსო, რომ ამბობენ, ზუსტად ეგრეა (იცინის). ბავშვობიდან ძალიან ბევრი დაღმართი შემხვედრია, მაგრამ ისევ აღმართზე ამოვდიოდი. ასე შევაკოწიწეთ და გავმართეთ ჩვენი ცხოვრება. როცა ოჯახში ცოლი ვერძია, შეგიძლია, არხეინად იყო, დაღმართზე დაშვების საშუალებას არ მოგცემს და თუ დაღმართზე აღმოჩნდებით, პირველი თვითონ ავარდება და ხელს გამოგიწვდის ასაყვანად (იცინის).
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge