
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ღირებულებების შესახებ წერს.
„2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი სრულდება.
ეს დიდად მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც - სადღესასწაულო განწყობასთან ერთად - ბევრ მარადიულ ღირებულებაზე დაგვაფიქრებს.
მაგალითად, ასეთზე:
ადამიანის ღმერთთან მიმართებით სამი მთავარი სიტყვა არსებობს: სიყვარული, თავისუფლება და შემოქმედება. თუ არ შეგიძლია გიყვარდეს, თავისუფალ ნებას გამოხატავდე და რამე ახალს ქმნიდე, შენში ღვთის ხატება და მსგავსება (რითაც, შესაქმის წიგნის თანახმად, კაცი დაიბადა) არ არის.
სწორედ ეს სამი სიტყვა წარმოშობს ნამდვილ რწმენას.
მათ ერთმანეთის მიმართაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება ასე გამოვხატოთ:
გიყვარდეს თავისუფლება და შემოქმედება, მიეცი თავისუფლება სიყვარულსა და შემოქმედებას, შექმენი სიყვარული და თავისუფლება. ეს სამი სიტყვაც ერთარსება სამებას გამოსახავს და სწორედ ისინი უნდა მეგზურობდნენ ჩვენს ქვეყანას მომავლის გზაზე.
ქრისტიანობა არა მხოლოდ დიდებული წარსული, არამედ შესანიშნავი მომავალიცაა. მუდმივად გვახსოვდეს, ვინ ვართ ჩვენ და რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად. არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, არამედ ქრისტიანობის იდეალებითაც ვცხოვრობდეთ.
ეს არ არის ადვილი და შეიძლება ხანდახან წავბორძიკდეთ კიდეც, მაგრამ მის გარეშე ისტორიულ სახეს დავკარგავთ. ვიფიქროთ ამაზე და დავაფიქროთ ჩვენი შვილებიც - ერის არსება ერთი წამითაც არ უნდა წყდებოდეს ან იკარგებოდეს. ბედნიერი დილა საქართველოს!“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი საქართველოში - განახლებული პროგნოზი