Digest Logo

„ნიკო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობა დღესაა დაბადებული, მისი დაღუპვის დღესაც ნიკოლოზობა იყო...“- დალი ფალიანი, ნიკოს მამიდა

1748853572
ნიკო ფალიანი

29 წლის მესტიელი ალპინისტზე, მოთხილამურეს და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი, 22 მაისის დილას მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

დალი ფალიანი, ნიკოს მამიდა:

ნიკო ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, ჩვენი სახლების მიმდებარედ, შემაღლებულზე ფუსდის ეკლესიაა, ჩვენს სახლებს დაჰყურებს. სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, 2 დღით ადრე, დღის 4 საათი იქნებოდა, როცა უეცრად მოიღრუბლა, ცა მოიქუფრა, ერთი დაიჭექა და ეკლესიის გაყოლებაზე, ნიკოს სახლის სიახლოვეს, მეხი ჩამოვარდა. ეს რაღაც ავის მანიშნებელი იყო, ავფორიაქდი... მეხი ცარიელ ადგილას არ ეცემა, ასე ვიცით სვანეთში. ჩვენ, სვანები, ჯგრაგები ანუ წმინდა გიორგის ხალხი ვართ. წმინდა გიორგი ჩვენი პირველი მფარველი წმინდანია, რომელიც ფუსდმა – უფალმა მის მიერ კურთხეული ტერიტორიის ღვთაებად დასვა. სამწუხაროდ, ადამიანები ვეღარ აცნობიერებენ იმ დიდ მინიშნებას, რაც ამ დღეებში უფალმა მოგვივლინა. ალბათ, ესეც უფლის ნება იყო...

ნიკო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობა დღესაა დაბადებული, მისი დაღუპვის დღესაც ნიკოლოზობა იყო... უჭკვიანესი ბიჭი იყო, აუღელვებელი, ყველაფერს აკვირდებოდა, მაგრამ, ალბათ, იმ დღეს ბედისწერამ და ბუნებამ უბიძგა, დილაუთენია, მზის ამოსვლამდე რომ მიაშურა უშბას. ნიკო პირველად დაეშვა თხილამურებით უშბის კალთიდან და საუბედუროდ, მერე დიდხანს და დიდი სიმაღლიდან იფრინა ჩემმა ბიჭმა. შვეიცარია-ავსტრიიდან ჰყავდა სტუმრები, სარეკლამო რგოლს იღებდნენ და ამიტომაც ჩამოეშვა პირველი. ისეთი ბიჭი იყო, მასში სიბოროტის მარცვალს ვერ ნახავდი. იმხელა მიღწევები ჰქონდა, მაგრამ არ მინახავს, რაიმეთი ეყოყლოჩინოს, ჩუმი და უპრეტენზიო, თავმდაბალი ბიჭი იყო.

მთამ უდიდესი პიროვნება დაკარგა. პერსპექტიული ბიჭი იყო, ენებიც შესანიშნავად იცოდა, სვანურს და სვანეთსაც უდიდეს პატივს სცემდა, იყო ღვთისმოშიში... ძალიან ეკლესიური ოჯახი აქვთ, უმცროსი და-ძმები ფეხზე დააყენა, ექვსნი არიან და ყველას პატრონობდა. ნიკოსნაირ ღირსეულ ადამიანს ცოტას თუ შეხვდებით. უზომოდ უყვარდა მთა. ნიკოს ბაბუა ძალზე შრომისმოყვარე ადამიანი და კარგი ოსტატი იყო, სოფელში ყველა მადლობელი რომ ჰყავდა. ზურაბი თან მეურნე კაცი იყო, ბევრი საქონელი ჰყავდა და გაზაფხულობით მუდამ იალაღებზე მიდიოდა მთაში, ქორულდის მხარეს. უშბაც ქორულდის პირდაპირ დგას და პატარა ნიკო მუდამ ბაბუას დაჰყვებოდა მთებში. შესაძლოა სწორედ ბაბუასთან მიკედლებამ ჩაუნერგა მთის სიყვარული. არადა, რა სასტიკია და მკაცრი მთები და მით უფრო, უშბა. როგორც ჩანს, მრისხანე და დაუნდობელმა მწვერვალმა უვნებლად არ გაუშვა ნიკო მისი კალთებიდან - 800 მეტრი იფრინა არწივივით. საუბედუროდ, მისი ძმა, ზურაბი შეესწრო ამ ტრაგიკულ ამბავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ -  2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„შენ დაიბადე იმისთვის, რომ ჩემპიონი იყო“ - ნიცა თავაძე მეუღლეს

წყარო: kvirispalitra.ge