
„როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ მკვლევართა რიცხვს გამოაკლდა დიდი მეცნიერი, დიდი პედაგოგი, დიდი განმანათლებელი, გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული დიდი პიროვნება, ბატონი რისმაგ გორდეზიანი“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწმინდესი რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მის ოჯახს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს უსამძიმრებს.
„ფრიად ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის მიერ დაარსებულ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეროვნულ აკადემიას და მის მრავალრიცხოვან მოწაფეებსა და აღზრდილებს, ყველას, ვისთანაც იგი თანამშრომლობდა და ვისთვისაც ძვირფასია ამ შესანიშნავი ადამიანის ღვაწლი და შრომა.
მოხარული ვართ, რომ მას ბოლო წლებში ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოსთანაც.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რისმაგის სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ძალა მარადისობაში დასამკვიდრებლად ბატონი რისმაგისთვის ლოცვითი შეწევნისა“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
85 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი 13 აგვისტოს გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „უმშვენიერესი გოგო...“ - თამო ვაშალომიძე ბათუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს