2024 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სატრანსფერო ამბავი ხვიჩა კვარაცხელიასა და „პსჟ-ს“ უკავშირდებოდა. პარიზული კლუბი ქართველი ფეხბურთელის დამატებას დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ცდილობდა - ლუის კამპოშმა კვარაცხელიას სანაცვლოდ მინიმუმ 3 შეთავაზება გააკეთა, მათ შორის ყველაზე მაღალი, €100 მილიონიანი, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა ყველა ეს შეთავაზება დაბლოკა და ქართველი ფეხბურთელი შეინარჩუნა.
ამ ამბებიდან დაახლოებით 3 თვის თავზე კი „ნაპოლი“ და კვარაცხელიას წარმომადგენლები ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ. მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ ხერხდება. ნაპოლი ქართველ ფეხბურთელს ხელფასის სახით €5-6 მილიონს სთავაზობს, როცა მამუკა ჯუღელი €8 მილიონს ითხოვს. პრობლემაა ასევე გამოსასყიდი თანხაც - ნაპოლი კონტრაქტში მინიმუმ €100 მილიონის ჩაწერას ითხოვს, როცა ქართველის წარმომადგენლები თანახმა მხოლოდ €80 მილიონზე არიან. სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ დრომდე ახალი კონტრაქტის გაფორმება. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მხარეები გარკვეული სახის დათმობაზე შეიძლება წავიდნენ, რადგან ორივე მხარის სურვილია თანამშრომლობა გაგრძელდეს. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მხარეები კი ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას განიხილავენ.
„პსჟ“ საქმიდან გავიდა? არა, პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და თუ ქართველი ფეხბურთელი და „პარტენოპეი“ ახალ ხელშეკრულებაზე სეზონის ბოლომდე ვერ შეთანხმდებიან, ფრანგული გრანდი 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, საქმეში დაბრუნდება. ლუის კამპოში და ლუის ენრიკე კვარაცხელიას დიდი გულშემატკივრები არიან და მის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს სიმღერა ძალიან მასევდიანებს“ - რომელი სიმღერა ახსენებს გარდაცვლილ დედას გიორგი ღოღობერიძეს?
წყარო: lagazzetta.ge