Digest Logo

რა ოცნება აუსრულა სალომე ბაკურაძემ დედას და როგორი შვილია მომღერალი

1696573575
სალომე ბაკურაძე

როგორი შვილია სალომე ბაკურაძე, როგორ უდგას მას გვერდით დედა შვილის აღზრდაში და როგორია მათი ოჯახური ურთიერთობები, ამაზე სალომე და სალომეს დედა, ქალბატონი მარინა ერთად მოგვიყვებიან. 

მარინა გელაშვილი: შეიძლება, მშობლისგან შვილის ქება ცოტა უხერხულია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სალომე არაჩვეულებრივი შვილია. ცხოვრებაში, რაც მეუღლის გარდაცვალებით დამაკლდა, მან ყველაფერი ამინაზღაურა. ჩემი „ბიჭია“. ყველაფერს მისრულებს. შემიძლია, ბოლომდე დავეყრდნო. ამის ხელში ბედნიერი სიბერე მაქვს. ქმარიც ძალიან კარგი ჰყავს.

– სალომე, როგორი დედა-შვილი ხართ?

სალომე ბაკურაძე: არ ვეპუები (იცინის). ერთად ვცხოვრობთ და ერთი დღე არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა, სადმე ვერ წავსულიყავი, იქიდან გამომდინარე, რომ პატარა შვილი მყავს. თავიდანვე უსიტყვოდ ჩაიბარა ეს პასუხისმგებლობა. დედაზე კარგი ძიძა ვინ შეიძლება იყოს?! აბსოლუტურად მთელ დროს ჩემი შვილის გვერდით ატარებს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ სხვა ყველაფერი, ანუ მისი პატრონაჟი ჩემზე უნდა გადმოსულიყო. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, თუმცა, მანამდეც ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. იმის გამო, რომ დედაა და უფროსია, ურთიერთობაში პატივისცემა უნდა არსებობდეს და რა თქმა უნდა, ეს ასეცაა, მაგრამ სხვა დანარჩენში არ ვეპუები, თანაბარუფლებიანი დედა-შვილი ვართ, მითითებასაც ვაძლევ და ყველაფერზე თავისუფლად შეგვიძლია საუბარი. თვითონაც ასე მიდგება, მაგალითად, ტელევიზიაში რომ მივდივარ და უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რა უნდა ჩავიცვა, ვეტყვი ხოლმე, აბა, შემომხედე-მეთქი და აუცილებლად რაღაც საშინელება უნდა მითხრას. მერე ეს უნდა ჩამრჩეს გონებაში და მაინც ისე მოვიქცე, როგორც მან მირჩია. სხვათა შორის, ამართლებს. იტყვის ხოლმე, კარგია, მაგრამ... ეს მაგრამ ნიშნავს მთელი ჩემი გარდერობის გადმოლაგებას და ყველაფრის თავიდან მოზომებას. თან სულ ვბრაზდები, რატომ არ ვიცვამ იმას, რაც მე მინდა, ჩემს თავს ბოლომდე რატომ არ ვენდობი-მეთქი. გავჯიქებულვარ კიდეც და ჩემი გამიტანია, მაგრამ მერე მინანია და მიფიქრია, ნეტავ, დამეჯერებინა-მეთქი (იცინის).

– ქალბატონო მარინა, ესე იგი, კრიტიკული ხართ.

ქალბატონი მარინა: როცა ტელევიზიაში მიდის კი, კრიტიკული ვარ. ეკრანი ცოტა წონას მატებს ადამიანს და ვცდილობ, ისეთი რამ ვურჩიო, რაშიც დიდი არ გამოჩნდება. სხვა მხრივ არ მაქვს შენიშვნები. სალომეს არც სჭირდება დარიგებები, ისეთი გოგოა, ყველაფერს არაჩვეულებრივად უმკლავდება. 13 წლის იყო, როცა დავტოვე და მოსკოვში წავედი. მეუღლე რომ დამეღუპა, აქ საშველი აღარ იყო, მე სოხუმელი ვარ და ყველა დევნილი მყავდა, ანუ, შველასაც ვერავის ვთხოვდი, ამიტომ გადავწყვიტე, წავსულიყავი და იქ მემუშავა. ორი გოგო მყავს და ცხოვრებისთვის შემოსავალი გვჭირდებოდა. უფროსი ქალიშვილი სალომეზე 7 წლით დიდია, ანუ, მე რომ წავედი, ის 20 წლის იყო, სალომე, როგორც გითხარით – 13-ის. ორივე მარტო დავტოვე სახლში, ქუთაისში. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ყოველი ჩამოსვლისას, ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, როგორი კარგი შვილები გყავს, როგორ კარგად წარუძღვნენ ცხოვრებასო. სალომესთვის შენიშვნის მიცემა და იმის სწავლება, რა და როგორ უნდა გააკეთოს, დღეს მით უმეტეს, არ სჭირდება.

– სალომე, ის პერიოდი როგორ გახსენდება?

სალომე: რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, მაგრამ ახლა, როცა უკვე მეც დედა ვარ, რომ წარმოვიდგენ, ეს დედასთვის როგორი მძიმე იქნებოდა, ჩემს განცდებზე საუბარიც კი არ ღირს, დედას მდგომარეობას ვერც შევადარებ. ჩვენ რომ აქედან კიდევ დაგვემატებინა მისთვის განცდები, რომ დაგვეწყო, ჩამოდი, არაფერი არ გვინდაო და ასე შემდეგ, უფრო დავამძიმებდით მის მდგომარეობას. სამწუხაროდ, დღესაც ბევრია წასული უცხოეთში, მაგრამ იმ პერიოდში ოჯახს ვერ ნახავდით, რომ ერთი წევრი მაინც არ ყოფილიყო წასული. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩვენს თავს არ ხდებოდა და ვაიმე, ეს რა მდგომარეობაში ვართო – ეს განცდა არ გვქონია. თუმცა, კი, ემოციური და რთული იყო. ყველაზე კარგი ის იყო, რომ დედა როგორღაც ცდილობდა ეს სიშორე შეემსუბუქებინა და როგორც კი საშუალება მიეცემოდა, მივყავდით. მეც და ჩემი დაც ვსწავლობდით, ამიტომ სასწავლო წლის განმავლობაში ვერა, თუმცა ზაფხულობით მივყავდით, საჩუქრებით გვანებივრებდა და მთავარი – დედას დამსახურებით ვახერხებდი, რომ მემღერა და ამ სამყაროს არ ჩამოვშორებოდი.

– ქალბატონო მარინა, ზუსტად მაშინ გახდა სალომე პოპულარული, უამრავმა ადამიანმა შეიყვარა. ამას რომ ხედავდით, ალბათ, ძალიან ბედნიერი იყავით.

ქალბატონი მარინა: ეს რაღაც არნახული განცდა იყო. სალომე რომ „ჯეოსტარში“ გამოდიოდა, ისეთ ემოციებში ვიყავი, ისე ვუყურებდი ხოლმე მის პირდაპირ ეთერებს, რომ ჩემი ახლობლები იცინოდნენ, ფოტოებს მიღებდნენ ხოლმე (იცინის). აუტსაიდერი თუ გახდებოდა, ისე განვიცდიდი, ადამიანს აღარ ვგავდი, ძალიან ვნერვიულობდი. მე ძალიან ბედნიერი დედა ვარ ჩემი შვილების გამო. ხომ შეიძლება, წახვიდე სხვა ქვეყანაში, იწვალო, მაგრამ შვილებმა ყველაფერი წყალში ჩაგიყარონ. მე ვიწვალე, მაგრამ შვილებმაც დააფასეს და იმედები გამიმართლეს. უფროსი შვილიც და სალომეც ძალიან კარგი გოგონები არიან. ყველა ამას მეუბნება, ბედნიერი დედა ხარ, შვილებმა გაგიმართლესო და მართლაც ასეა.

– რომ იგებენ, ვისი დედა ხართ, როგორ გხვდებიან?

- ცოტა მრცხვენია კიდეც იმის თქმა, თუ ვისი დედა ვარ, მაგრამ თუ ჩემი და მახლავს... რომ იგებენ, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ხოლმე.

სალომე: თუ ვინმე ვერ მიხვდა, დედასა და დეიდას ერთი სული აქვთ (იცინის).

ქალბატონი მარინა: ჩემი და იტყვის ხოლმე, ეს სალომე ბაკურაძის დედა არისო. ისე, ძალიან მამსგავსებს სალომეს და არ ვიცი, რით.

სალომე: მარტო სიარული ხშირად არც უწევს. თუ სადმე წასვლა უნდა, პრინცესულად – მე უნდა წავიყვანო და წამოვიყვანო (იცინის).

– ხმით და ნიჭითაც ხომ თქვენ გგავთ?

ქალბატონი მარინა: კი, ნამდვილად. მეც მუსიკალურ-ვოკალური მაქვს დამთავრებული. პედაგოგად ვმუშაობდი, მაგრამ ქმრის სიკვდილის შემდეგ ყველაფერს თავი დავანებე. სტრესისგან ხმაც გამიფუჭდა და სიმღერას საერთოდ შევეშვი. ჩემი ოცნებები ჩემმა შვილმა ამისრულა.

– სალომე, დედა მკაცრი იყო?

სალომე: არა, არასდროს არ ყოფილა მკაცრი. ადრინდელი მიდგომები ძალიან განსხვავდება ახლანდელისგან. ახლა ბავშვთან ქცევის და მისი აღზრდის შესახებ ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ, გვასწავლიან, როგორ უნდა მივუდგეთ მის ფსიქიკას და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი დედების თაობას ამდენი ინფორმაცია არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, დედაჩემს ეს ნიჭი ბუნებრივად აღმოაჩნდა. ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდიოდა. ცოტა ხნის წინ ჩემი ულამაზესი მეგობარი მეუბნებოდა, დედაჩემს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ლამაზი ვარ, თავი ყველაზე უნიჭო მეგონა და არც ჩემი სილამაზე აღმიქვამს ოდესმეო. დედაჩემი პირიქით იყო – მე შეიძლება, განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ დედა სულ მაქებდა. მეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი. ეს თვითშეფასებას იმდენად მიმაღლებდა, რომ მთელი ცხოვრება ლაღად მოვდივარ, თავი ყველაზე ლამაზიც მეგონა და ყველაზე ნიჭიერიც. ეს მთლიანად დედას დამსახურებაა.

– ქალბატონო მარინა, სალომე ცელქი ბავშვი იყო?

ქალბატონი მარინა: ძალიან ცელქი, მოუსვენარი და პრანჭია. შეეძლო, დღეში ხუთჯერ გამოეცვალა. სულ ღიღინებდა, მაგრამ ეს რასაც აკეთებედა, იმას სიმღერა არ ერქვა, უბრალოდ, დაუსრულებლად რაღაც ხმებს გამოსცემდა, 24 საათი პირს არ აჩერებდა და ყურთასმენა აღარ იყო. ვეტყოდი ხოლმე, გააჩერე პირი, აღარ შემიძლია-მეთქი (იცინის). ამ სიმღერ-სიმღერაში დაიხვეწა (იცინის). ერთი წუთი არ ისვენებდა. უზრდელი ბავშვი არ იყო, არც არაფერს აფუჭებდა, მაგრამ სულ მოძრაობაში იყო. სოხუმში რომ ჩავიდოდით, სულ მეზობლებში იყო – ბავშვებთან ერთად ხან სად გარბოდა, ხან – სად. პატარების შუადღეს დაძინება ხომ ბუნებრივი ამბავია, მაგრამ არ მახსოვს, სალომე დღის განმავლობაში დაწოლილიყო და დაეძინა.

სალომე: მეც მახსოვს, რომ ახტაჯანა ვიყავი. მეგობრებს ჩემთვის არც მაშინ ჰქონდა სქესი. ბიჭებთან და გოგონებთან ერთნაირად ვმეგობრობდი, ამიტომ ფეხბურთსაც ვთამაშობდი, ბლის ხეზეც დავძვრებოდი და თოჯინებითაც ვერთობოდი.

– სკოლაში როგორ სწავლობდა?

ქალბატონი მარინა: მეხუთე კლასამდე სულ ფრიადოსნების დაფაზე იყო მისი ფოტო. მერე დაიწყო გასტროლებზე სიარული. ქუთაისში საბავშვო სტუდიაში დამყავდა კოტე და ირმა მალანიებთან. მათ ხან ბათუმში მიჰყავდათ ბავშვები, ხან ბორჯომში და ასე შემდეგ. ხშირად უწევდა სიარული და ცოტა მოუკლო სწავლას, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სკოლა ცუდი შედეგებით დაამთავრა, ბოლომდე ნორმალურად სწავლობდა.

– შეყვარებული იყო?

– თვითონ არ ვიცი, მაგრამ სულ ამაზე იყვნენ შეყვარებული. ერთი ბიჭი 24 საათი ჩვენი ჭიშკრის წინ იჯდა, სალომეს უცდიდა (იცინის). ამას არ მოსწონდა და ქარიშხალივით დარბოდა. მე თავიდან არ ვიცოდი, მერე მითხრეს, რომ ამის გამო იჯდა იქ. მერე სალომეს მეზობლის ბიჭისთვის უთქვამს, ეს მომაცილე, თორემ არ ვიცი, რას ვუზამო. მას შემდეგ აღარ მოსულა, მაგრამ მითხრეს, მაინც უყვარდაო (იცინის). ერთხელ ავტობუსში ამოვიდა ერთი ბიჭი და სალომე მეუბნება, ამ ბიჭს მოვწონდი, მაგრამ მე არ მომწონდაო (იცინის). მერე გავიგე, რომ იმ ბიჭსაც ძალიან ჰყვარებია.

– სალომე, დედას უყვებოდი, თუ ვინმე მოგეწონებოდა?

სალომე: დიდად არ ვარ ის ადამიანი, რომ ჩამოგიჯდება და ყველაფერს დეტალურად მოგიყვება. ამისთვის ხასიათი მჭირდება. როცა ამის მუზა მქონდა, ვუყვებოდი, მაგრამ ყოველთვის – არა. არადა, დედა ისეთია, რომ კაკანას ვეძახი, სულ კაკანებს (იცინის). ყველაფერი ბოლო დეტალამდე აინტერესებს და ყოველთვის მოითხოვს, რომ შესაბამის ხასიათზე იყო და ყველა წვრილმანი მოახსენო (იცინის). არ ემთხვევა ხოლმე ამაში ჩვენი ხასიათები, ამიტომ შერჩა ეს სახელი (იცინის).

– მომავალი სიძე როგორ გააცანი?

- მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საქართველოში და ონლაინ გავაცანი. პირველივე დანახვისას კარგად გაუგეს ერთმანეთს და იქიდანვე დაიწყო მათი მეგობრობა.

ქალბატონი მარინა: რომ ჩამოვედი, ერთმანეთს ისე შევხვდით, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. ისე კარგად განმაწყო, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ პირველივე დღიდან შემიყვარდა. რომ გავიგე სოხუმელი იყო, მთლად გადავირიე. სულ ვამბობ, ვაჟი რომ მყოლოდა, ლაშაზე მეტად არ მეყვარებოდა, საკუთარი შვილივით მიყვარს. თვითონაც ძალიან თბილი და ყურადღებიანია.

– სალომე, როგორი სიძე-სიდედრობა აქვთ?

– მართლა კარგი. არ მიყვარს ხოლმე სტატუსებზე ხაზგასმა, როდესაც ადამიანს როგორც ძალიან ახლობელს, დედასავით უყურებ და მის ნებისმიერი სიტყვას ისე იღებ, როგორც ძვირფასი ადამიანისგან, ქვეტექსტების გარეშე, მაგ დროს არის ურთიერთობა ჯანსაღი და ამათ ნამდვილად ასეთი ურთიერთობა აქვთ. შეხუმრებული და მეგობრული.

– ქალბატონო მარინა, ბებიის ამპლუაში როგორი ხართ?

სალომე: სანტის ხუთი დღიდან მე ვზრდი. სალომე ვერ იტყვის, რომ ან გასტროლზე ვერ წავიდა, ან დასასვენებლად. ხან ამერიკაში იყო, ხან რომელ ქვეყანაში... ბავშვი ჩამაბარა და ერთი წუთით არ ჰქონია შიში. მეც ჩემი შვილივით ვზრდიდი. სანტიმ ყველა დამავიწყა. სალომე ისეთი წვალებით გავაჩინე, თუ მას ვინმე შემიცვლიდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. პირველი შვილის შემდეგ 7 წელი არ მიჩნდებოდა მეორე. ბევრი ვიწვალე, ვიმკურნალე, რა არ გავაკეთე, რომ სალომე დაბადებულიყო. ასე რომ, ნანატრი შვილია, მაგრამ სანტიმ ყველა და ყველაფერი დამავიწყა.

სალომე: როგორც მე მზრდიდა, სანტისაც ისე ზრდის. ახლა უფრო „გაგიჟებული“ და თბილია, მაგრამ არც მე მაკლებდა რამეს (იცინის).

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ვინც ვერ გაიგებს ემიგრანტი დედის შუბლზე გაჩენილი თითოეული ნაოჭის ფასს, ის ვერ გაიგებს, თუ რა არის ცხოვრებასთან ბრძოლა “ - ცისნამი საყვარლიშვილი

„ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

წყარო: tbiliselebi.ge