UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას საკულტო ბრძოლის წინ, ჟურნალისტმა ნათია გვაზავამ სპორტსმენის დედასთან, ინგა თოფურია-ბენდელიანთან მოკლე, თუმცა ძალიან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა. საუბრის მთავარი თემა ჩემპიონის პირადი ცხოვრება, ოჯახური გეგმები და მომავალი მეუღლის კრიტერიუმები აღმოჩნდა.
ინგა თოფურია-ბენდელიანმა ღიად უპასუხა საზოგადოებაში არსებულ ინტერპრეტაციებს იმის შესახებ, თუ ვის სურს ხედავდეს შვილის გვერდით და ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად ილია იღებს.
„მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები აუცილებლად ქართული ტრადიციებით გაიზარდონ. თუმცა, ეს შეუძლია გააკეთოს არაქართველმაც, რომელსაც ეყვარება თავისი ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე, რასაც საბოლოოდ ისევ ილია გადაწყვეტს და არ ვწყვეტ მე, როგორც ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ. მე არავის ვურჩევ მეუღლეებს.
როგორ არ მინდა, რა თქმა უნდა, მინდა ქართველი რძალი. თავისთავად ლოგიკურიც არის და ბევრი მიზეზის გამო უნდა მინდოდეს კიდევაც, ძალიან მიყვარს ქართველი გოგოები. მე შემიძლია მას მხოლოდ რჩევა მივცე და ვუთხრა, თუ როგორი ადამიანი უნდა იყოს ასეთი ძლიერი კაცის გვერდით.
ილიას გვერდით ყოფნა რთულია. მისი მეუღლე არ უნდა დანებდეს, ის ძლიერი უნდა იყოს. ილიას გვერდით ძლიერი ბებიები და ძლიერი დედა დგანან, ამიტომ ის არა ძლიერ ადამიანთან კომფორტის ზონაში ვერ იქნება. ძლიერი არ ნიშნავს იმას, რომ ნაზი არ იყოს - ილიას ძალიან უყვარს სინაზე, მაგრამ მისი პარტნიორი მებრძოლი უნდა იყოს და ყველაზე მეტად - არ უნდა იწუწუნოს. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ინგა თოფურია-ბენდელიანი.

ცნობისთვის, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი ოფიციალურად განქორწინდნენ. წყვილის ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურ მედიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი სასამართლო დავისა და შეთანხმების დეტალებიც გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ განქორწინება 2025 წლის ბოლოს მოითხოვა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. თავად ილია აცხადებდა, რომ პირადი და ოჯახური პრობლემების გამო გარკვეული პერიოდი სპორტული კარიერაც შეაჩერა. მოგვიანებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ ყოფილმა მეუღლეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სასამართლო დავა დასრულდა.
წყვილს საერთო შვილი - ქალიშვილი დედის მოსახელე, ჯორჯინა ჰყავს. ბოლო თვეებში მათი ურთიერთობა აქტიურად განიხილებოდა როგორც ქართულ, ისე ესპანურ მედიაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ერთმანეთისგან დისტანცირების შემდეგ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: