ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ომიკრონის ახალ ვარიანტზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, „შეშფოთების ვარიანტების ახალ კატეგორიაში წამოვიდა“ და ამ ეტაპზე არავინ იცის როგორ განვითარდება.
კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე გარდა კორონავირუსის შტამებისა, „მაიმუნის ყვავილსა“ და პომიდვრის ვირუსის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
ექიმის თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე დომინანტური შტამი BA.5 ვარიანტია. მისივე თქმით, ინფექციის მიმდინარეობის თვალსაზრისით ცვალებადობაა.
„თუ ჩვენ შევხედავთ მსოფლიოში გლობალურ მონაცემებს, ბუნებრივია, საქართველო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება. დღეს მსოფლიოში 99% ეს არის BA.5 ვარიანტი. რა თქმა უნდა, შეშფოთების ვარიანტების კატეგორიაში წამოვიდა, იგივე აშშ-ში ზედამხედველობითი გენომური კვლევით 17% არის ახალი ვარიანტი და ესაა BA4.6 ვარიანტი, რომელიც არ ვიცით როგორ განვითარდება.
ჩვენს ქვეყანაში გავრცელების ძირითადი დომინანტური შტამი არის BA.5 ვარიანტი. მიმდინარეობის თვალსაზრისით ცოტა ცვალებადობა გახლავთ ის, რომ წინა ვარიანტებთან თუ ვამბობდით, რომ ინფექციასთან კონტაქტის ან შეხვედრის ე.წ. ინკუბაციური პერიოდი სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო, ახლა ეს არის საშუალოდ 3 დღე.
ადამიანებს, რომელთაც კონტაქტი აქვთ ინფიცირებულ ადამიანებთან, ინფექციის განვითარების შემთხვევაში მათი საშუალო ავადობა ვლინდება კლინიკური სიმპტომებიდან 3 დღის განმავლობაში. პირველი დღეების განმავლობაში კოვიდს სხვა რესპირაციული დაავადებებისგან ვერ განვასხვავებთ, ესეც უნდა ვიცოდეთ და ცალსახად უნდა ვუთხრათ მოსახლეობას“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არის იმის მოლოდინი, რომ ინფექციის ტრაგიკული გავრცელება იქნება.
„მოლოდინი ისეთი, რომ აქ იქნება ინფექციის ტრაგიკული გავრცელება, რომელიც კლინიკების გადატვირთვას გამოიწვევს, არ იქნება, თუმცა წინა 2 კვირის განმავლობაში უნდა ვთქვა, რომ ერთი-ორი ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონარი და ისინი ჩემთან კონტაქტზე იყვნენ, მათი სტაციონარში განთავსება ვერ მოხერხდება. ინფექციური კლინიკა ამბობდა, რომ მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი, სხვა კლინიკები ამბობდნენ, რომ არ ჰქონდათ არანაირი ადგილი.
პირბადის ტარების მაჩვენებლები ამ ეტაპისთვის ძალიან დაბალი გვაქვს, სასურველია, რომ შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ თავშეყრის ადგილებში, ვისაც პირბადის ტარება შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემა არ ექმნება, ატარონ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ მსოფლიოში ვერ ვხედავთ ტენდენციას, რომ ინფექცია დასრულებისკენ მიდიოდეს, ამიტომ არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
რაც შეეხება „მაიმუნის ყვავილს“, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ექსპორტირებული შემთხვევა იყო და შიდა საზოგადოებრივ გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რაც თავისთავად ინფექციის მართვას ნიშნავს.
„საქართველოშიც იყო ერთი შემთხვევა და ეს იყო ექსპორტირებული. შიდა საზოგადოებრივ გადაცემას საქართველოში ადგილი არ ჰქონია, რაც პრაქტიკულად ინფექციის მართვას ნიშნავს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა რეგიონალური უწყება არის ინფორმირებული, როგორც კი გამონაყარით საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდება, ქვეყანას შეუძლია ტესტირება და ლუგარის ლაბორატორია ძალიან სწრაფად მოახდენს რეაგირებას.
მსოფლიოში საკმაოდ ბევრი შემთხვევაა, აშშ ამ შემთხვევაში გენერატორია, 17 ათასზე მეტი შემთხვევაა. ჯერჯერობით კლასტერულად, როგორც ჩვენ ვხედავთ, მაინც მამაკაცებში არის ეს ინფექცია გავრცელებული. ამიტომ, რაიმე გლობალური საფრთხე ამ ეტაპისთვის არ განიხილება. ჯერჯერობით მართვადია სიტუაცია, რისკის ჯგუფები ცნობილია, ვაქცინაციის პროცესსაც კი იწყებენ, ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაციის საჭიროება არ არის“, - ამბობს კულუმბეგოვი.
ამასთან, ექიმი ინდოეთის რამდენიმე შტატში გავრცელებული ე.წ. პომიდვრის ვირუსის შესახებაც საუბრობს და განმარტავს თუ რატომ ეწოდა, მას აღნიშნული სახელწოდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აუხსნელია თუ რასთან გვაქვს საქმე.
„ჯერჯერობით აუხსნელია რასთან გვაქვს საქმე. განვმარტოთ თუ რატომ ეძახიან პომიდვრის ვირუსს, გამონაყარი რაღაც ეტაპზე, ბლისტერულია ანუ ბუშტუკოვანი, რომელიც პომიდორს მოგვაგონებს. პომიდვრით რომ დაისვაროს ადამიანი, მარტივად რომ ვთქვათ, აი, ასეთ დაზიანებას იწვევს და ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება.
შესაძლოა, არის ვერსია, რომ ჩვენთანაც არის მაღალი გავრცელება, ისეთი ვირუსის როგორიც არის პირის, ხელისა და ფეხის დაავადება, რომელსაც კოქსაკის ვირუსი იწვევს, ეს არის გამონაყარი და მის ნაირსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, ასევე, არის ვირუსული დაავადება, რომელიც კოღოებით გადადის, განსაკუთრებით ტროპიკულ ქვეყნებში და ჩიკუნგუნიას სახელით არის ცნობილი. ჯერჯერობით მას გეოგრაფიული არეალი არ გაუფართოებია, სიკვდილიანობა პრაქტიკულად მინიმალურია და ჯერჯერობით გლობალური საფრთხე, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება“, - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21-28 აგვისტოს პერიოდში კოვიდ 19-ის 13 737 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 14 486 ადამიანი, ხოლო ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა.
7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 17.91%. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 704 ტესტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
🔵„მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო, როგორიც მამიკოს უნდოდა“ - ნინო ბერიძის ემოციური მილოცვა შვილს
წყარო: pia.ge