
ნებისმიერი ადამიანი მოწოდებულია, რომ ეძებოს და მიაგნოს, ჭეშმარიტებას თუ არა, სიმართლეს, რაც მას ცხოვრებასაც გაუადვილებს და ღმერთთანაც დააახლოებს, თუმცა, რაც ბევრია კითხვა და მეტია პასუხი, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, რის გაგებასაც ცდილობ, – აღნიშნულ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა მამა გურამმა (ოთხოზორია) ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.
– რატომ იბნევა ადამიანი უფრო და უფრო, რაც მეტსა და მეტს იგებს?
მამა გურამი: ჩვენ, ყველანი, ვატარებთ, გარკვეულ ცოდნას და თავად ადამიანად ყოფნა ნიშნავს ზიარებას. ადამიანი თავის თავში ჩაკეტილი არსება არ არის, ადამიანი გამოდის თავისი თავიდან და სწორედ ამით ქმნის საკუთარ თავს. ესაა ის, რასაც შოთა ამბობს: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა დაკარგულია“. ადამიანი გაცემაა და ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებას, სიყვარულს. ვინც, მაგალითად, მე მისმენს, კითხულობს, რასაც მე ვამბობ, არ არის პასიური მიმღები. ჩვენ ერთი მთლიანი ვართ და ორივე მხარე გავცემთ: ის სიხარული, რასაც ჩემი ნათქვამის გაგება იწვევს, მე მიბრუნდება და ეს გაცემა უფრო მეტია და მე უფრო მეტად ვარ მიმღები. ასე რომ, ჩვენ ერთი მთელი ვართ. „ბიბლიაზე“ ლამის ყველამ ყველაფერი იცის, ხელოვნური ინტელექტიც კი მოგიყვება უამრავ რამეს, მაგრამ იბადება კითხვა: მაინც რატომ გვჭირდება ისევ „ბიბლიაზე“ ლაპარაკი?! ან რა არის ჩვენი მასალების მიზანი?! რომ იმაზე ოდნავ უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ვიყავით, დანარჩენი ყველაფერი საშუალებებია. ინფორმაცია არავის სჭირდება, ისედაც დამძიმებულები ვართ ინფორმაციით. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის გახსენება. ყველანი ხომ ადამიანები ვართ?! და ვინ არის ადამიანი? ადამის შვილი. ჩვენ ერთი წინაპარი გვყავს; არაფერი რომ არ ვთქვათ ახალ ადამზე, რომელშიც ვიშვით და ამ შობით ისევ ერთი სხეული ვართ. ეს მოცემულობაა, მაგრამ ერთია მოცემულობა და მეორე, როგორ ვახორციელებთ ამ მოცემულობას. ესაა გზა, რომელსაც ყველანი მივუყვებით. ამიტომ „ბიბლიაც“, ჩვენი მასალებიც იმის მცდელობა და შესაძლებლობაა, რომ გადავლახოთ ჩვენ შორის არსებული გაუცხოება.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
წყარო: tbiliselebi.ge