Digest Logo

როგორ ხდება საჭმელი ემოციური გადარჩენის იარაღი და გზა კვებით აშლილობამდე

1791541774
კვება და ფსიქოლოგია

კვება, თავისი ბუნებრივი არსით, არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება სხეულის ენერგიით შევსებისა და სიცოცხლის შენარჩუნების ინსტრუმენტი. თუმცა, თანამედროვე ფსიქოემოციურ რეალობაში საკვებმა მხოლოდ ეს მარტივი ფუნქცია დაკარგა.

როდესაც ადამიანი საკვებს ანიჭებს არა ფიზიკურ, არამედ ჭარბ ემოციურ, სიმბოლურ ან კონტროლის ფუნქციას, ყალიბდება ფენომენი, რომელსაც ფსიქოთერაპიაში „კვებით ისტერიას“ ვუწოდებთ.

ეს უბრალოდ „ცუდი ჩვევა“ ან „ნებისყოფის ნაკლებობა“ არ არის. რეალურად ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ ფსიქიკა ვეღარ უმკლავდება შინაგან კრიზისებს და ცდილობს მათ მოგვარებას კვებითი ქცევის მანიპულირებით.

კვებითი ისტერია არის აკვიატებული, შფოთვითი და ემოციურად ჰიპერტროფირებული დამოკიდებულება ჭამასთან, წონასთან, სხეულის ფორმასთან ან საკვების „გადარჩევასთან“.

ის ვლინდება ორ უკიდურეს პოლუსზე:

1. აკვიატებული შეზღუდვა/კონტროლი: ყოველი კალორიის, ინგრედიენტის თუ მიღების დროის პანიკური კონტროლი, „აკრძალული“ საკვების შიში, დანაშაულის განცდა ოდნავ მეტის ჭამის გამო.

2. იმპულსური/კომპულსიური ჭამა: საკვების გამოყენება როგორც ერთადერთი დამამშვიდებელი, „ნარკოტიკული“ საშუალება შინაგანი სიცარიელის, სტრესის, ბრაზის თუ მოწყენილობის ჩასახშობად.

ორივე შემთხვევაში მთავარი მექანიზმი ერთია. საკვები აღარ არის საწვავი, საკვები ხდება ემოციური რეგულაციის ერთადერთი ინსტრუმენტი.

კვებითი ისტერია ჯერ კიდევ არ არის კლინიკური დიაგნოზი, მაგრამ ის არის ხიდი, რომელსაც ადამიანი გადაჰყავს ჩვეულებრივი ემოციური დისკომფორტიდან მძიმე კლინიკურ აშლილობებამდე (ანორექსია, ბულიმია, ქრონიკული გადაჭარბებული კვება/BED).

ყველაფერი იწყება არა საჭმლიდან, არამედ შინაგანი სამყაროდან. როდესაც ადამიანი განიცდის ქრონიკულ სტრესს, მიუღებლობას, ემოციურ უგულებელყოფას, ტრავმას ან შინაგან კონფლიქტს, მისი ფსიქიკა ეძებს უსაფრთხოებას.

თუ გარემოს ან საკუთარი ემოციების კონტროლი შეუძლებელია, ფსიქიკა პოულობს ერთადერთ სფეროს, სადაც „სრული ძალაუფლება“ აქვს საკუთარ სხეულსა და ულუფაზე.

საკვები ხდება ერთგვარი ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი (ჩანაცვლება). ადამიანი აღარ ფიქრობს თავის რეალურ პრობლემაზე (მაგალითად, სიყვარულის დეფიციტზე, თვითშეფასების არქონაზე ან საზღვრების დარღვევაზე), არამედ მთელ ენერგიას გადაამისამართებს იმაზე, თუ რა შეჭამა ან არ შეჭამა.

კვებითი ისტერია სწრაფად ითრევს ადამიანს ჩაკეტილ წრეში:

მკაცრი აკრძალვა: ადამიანი იწესებს არარეალურ შეზღუდვებს, რათა იგრძნოს კონტროლი.
ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროტესტი: სხეულს აკლდება ნუტრიენტები, ხოლო ფსიქიკას სიამოვნება. შფოთვა იზრდება.

ფსიქიკა ვეღარ უძლებს წნეხს და ხდება იმპულსური გადაჭარბებული კვება.

დანაშაულის განცდა და თვითგვემა: ვითარდება ძლიერი სირცხვილი, საკუთარი თავის სიძულვილი და განცდა, რომ „ნებისყოფა არ მაქვს“.

როდესაც ეს ნევროზული ციკლი ხდება ქრონიკული, ფსიქიკური სტრუქტურა ირღვევა. კვებითი ისტერია უკვე აღარ არის უბრალოდ „ემოციური ჭამა“ - ის გადადის კვებით აშლილობაში.

თუ კონტროლის შენარჩუნების მცდელობამ სრული შიმშილი და სხეულის უარყოფა გამოიწვია ყალიბდება ნერვული ანორექსია.

თუ „დარღვევის“ შემდეგ ამოქმედდა კომპენსატორული ქცევა (ღებინება, საფაღარათო საშუალებები, ჭარბი ვარჯიში დანაშაულის გამოსასყიდად) ყალიბდება ნერვული ბულიმია.

თუ „რღვევას“ არ მოჰყვება წმენდა, მაგრამ ხდება ემოციების რეგულარული ჩახშობა საკვებით ყალიბდება კომპულსიური/ფსიქოგენური ჭამა (BED).

ფსიქოთერაპიული პრაქტიკიდან გამომდინარე, კვებითი ისტერიის მიღმა თითქმის ყოველთვის დგას სხეულთან გაწყვეტილი კონტაქტი.

ადამიანი წყვეტს სხეულის რეალური სიგნალების მოსმენას. შიმშილისა და დანაყრების ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს ჩაენაცვლა გონების მიერ შექმნილი იდეოლოგია ან ემოციური შიმშილი.

ემოციური შიმშილი ვითარდება მყისიერად და ითხოვს კონკრეტულ საკვებს (ხშირად ტკბილს ან ცომეულს), ხოლო ფიზიკური შიმშილი იზრდება ეტაპობრივად. კვებითი ისტერიის დროს ადამიანი კარგავს ამ ორს შორის ზღვარს.

- როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან?

კვებითი ისტერიის დაძლევა არ გულისხმობს მორიგ დიეტას ან „უფრო მკაცრ ნებისყოფას“. პირიქით მკაცრი კონტროლი ამ პროცესის საწვავია. მკურნალობა და აღდგენა მოითხოვს სიღრმისეულ მუშაობას.

1) საკვები არ არის „ცუდი“ ან „კარგი“, ის უბრალოდ საკვებია.

2) სწავლა იმისა, თუ რა იმალება ჭამის სურვილის მიღმა. „ახლა მართლა მშია, თუ ვგრძნობ მარტოობას/ბრაზს/შფოთვას?“

3) სხეულთან ჰარმონიული კონტაქტის აღდგენა, შიმშილის და დანაყრების რეალური სიგნალების ამოცნობა.

4) იმის გაცნობიერება, რომ კვებითი ისტერია არ არის სუსტი ნებისყოფის ბრალი.

ეს არის ფსიქიკის მცდელობა გადარჩეს.

ამ მექანიზმისადმი მადლიერებით შეხედვა და მისი უფრო ჯანსაღი, უსაფრთხო მეთოდებით ჩანაცვლება.

კვებითი ისტერიიდან თავის დაღწევა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს არა კალორიების ან წონის კონტროლს, არამედ საკუთარი შინაგანი სამყაროს მოსმენას და პატივისცემას.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არასწორია ბავშვს გააგებინოთ „არაუშავს თუ არ შეჭამს, მოშივდება და შეჭამს“ - ფსიქოლოგი კვებით დარღვევებზე პატარებში

🎥 რის თქმას აპირებს დავით ლომიძე „ევროვიზიის“ მოგების შემთხვევაში

⭕შენი წარსული არ არის შენი განაჩენი: როგორ ვქმნით რეალობას ჩვენივე ფილტრებით - ცნობიერების განვითარების მენტორის მიმართვა

✕