ახლახან პარიზში ჩატარდა მოდის კვირეული. პოდიუმზე ნუკი კოშკელიშვილი არა როგორც სპონსორი, არამედ თავისი ბრენდის – „ნუკი კოსმეტიკსისა“ და ქართველი დიზაინერის – „მოლმაუნის“ საოცრად საინტერესო კოლაბორაციით წარდგა. როგორც თავად ამბობს, ორი წელი სთავაზობდნენ, პარიზის კვირეულში მიეღო მონაწილეობა, თუმცა თავს იკავებდა. წელს კი, ისეთი შთამბეჭდავი გამოცდილება მიიღო, იმედია, მომავალ მიწვევებზე უარს არ იტყვის და მიუხედავად ნერვიულობისა, კოლოსალური შრომისა და დაღლისა, სიხარულით დათანხმდება.
ნუკი კოშკელიშვილი: ზოგადად, გამოწვევები და სიახლეები არ მაშინებს, პირიქით, მიყვარს და მომწონს, რადგან ახალ გამოცდილებასთან ერთად, ახალ ადამიანებს ვიცნობ. „პარიზის ფეშენ-ვიქზე“ ჩემი გამოჩენა ბევრს გაუკვირდა, თუმცა ვიტყვი, რომ ორი წელი გვწერდნენ, ხომ არ გინდათ სპონსორობაო. ვიცი, რომ მნიშვნელოვანია კონტაქტების დამყარება, მით უმეტეს პარიზის მოდის სამყაროში, მაგრამ რატომღაც, ფულს „ვჟმოტავდი“ (იცინის). ფული კი იმიტომ მენანება, რომ მერე ახალ პროდუქციას ვერ გავაკეთებ, ვერ დავტესტავ და ამიტომ „ვჟმოტავდი“. წელს კი, როგორც იცით, ქართველმა დიზაინერებმა დაიპყრეს მოდის სამყარო და ჩემამდე მოვიდა შემოთავაზება, ხომ არ გინდა მონაწილეობა მიიღო, რომელიმე ქართველ დიზაინერთან გაერთიანდე და ერთობლივი პროექტი გააკეთოთო. ანუ, უშუალოდ ისე, როგორც „ლორეალი“ იღებს მონაწილეობას „პარიზის ფეშენ-ვიქში“, ამის მსგავსადო. სიმართლე გითხრათ, ერთი თვე გავატარე ძიებაში, ხომ არ მატყუებენ-მეთქი (იცინის). სანამ პირადად არ შევხვდი და დეტალები არ გავიარე. იდეა მომეწონა, მაგრამ მერე იმაზე დავფიქრდი, რომ შვიდი თვის ორსული ვარ და ამ დროს სად უნდა წავსულიყავი. მაგრამ, როცა მითხრეს, ჩვენება ისტორიულ შენობაში, კერძოდ კარლ ლაგერფილდის ყოფილ სასახლეში იქნება, სადაც აქამდე მხოლოდ „შანელის“ ჩვენება იყო ჩატარებულიო, ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი და დავიწყე სამზადისი. მოკლედ, „ნუკი კოსმეტიკსი“ ქართველ დიზაინერ „მოლმაუნთან“ გაერთიანდა და საოცარი ჩვენება გამოვიდა. არ დამავიწყდება, ათი წლის წინ საფრანგეთში ვიყავი, ჩემს დაქალებთან ერთად, ჩვენი ბიუჯეტი მხოლოდ 100 ევრო იყო, ვჭამდით კონსერვებს და ვცდილობდით, ყველა ღირსშესანიშავ ადგილას გადაგვეღო ფოტო, მოვმხმვდარიყავით ყველა მუზეუმში და თან, თანხები მაქსიმალურად დაგვეზოგა. და, ნახეთ, როგორ იცვლება ცხოვრება – ახლაც ისევ პარიზში ვიყავი, ოღონდ უკვე „ფეშენ-ვიქზე“, „მოლმაუნთან“ ერთად, ჩვენი საოცარი კოლაბორაციით.
– პოდიუმზე საოცრად გამოიყურებოდი, როცა ბოლოს გამოხვედი. ყველა ელოდებოდა რა გეცმეოდა და რა ფორმაში გაივლიდი შვიდი თვის ორსული წითელ ხალიჩაზე. თუმცა, იქ არ გამოჩნდი და შენი ადგილი ორ გოგონას დაუთმე.
– ვიცი, რომ ყველა ელოდებოდით, რა მეცმებოდა, რომელი ბრენდი, რა ფორმაში გავივლიდი წითელ ხალიჩაზე შვიდი თვის ორსული. ჰოდა, მე ცოტა სხვა გზა ავირჩიე – კარგად ვიცი, რას ნიშნავს კამერების წინ დგომა და რამდენად გმატებს ეს თავდაჯერებულობას, განსაკუთრებით ჩვენ, ქალბატონებს. ამიტომ, ეს ადგილი დავუთმე მათ, ვინც წითელ ხალიჩაზე გავლას, ყველაზე მეტად იმსახურებს, ანუ ნამდვილ ვარსკვლავ, „ნუკი კოსმეტიკსის“ სტენდის კონსულტანტებს, გოგონებს, რომლებიც თქვენ გხვდებიან ყველა მოლში, მთელს საქართველოში. ნუკი კოსმეტიკსის გოგოები ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ პარიზში, დაიპყრეს პაპარაცების გულები და მთელი ყურადღება მიიპყრეს. უკან, კულისებში მესმოდა როგორ კითხულობდა ყველა მათზე: ვინ არიან ეს მშვენიერი, თავდაჯერებული ქალები? გოგონებო, ეს მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ გჯერათ საკუთარი თავის, შრომობთ და თავდაჯერებულად მიდიხართ თქვენს გზაზე, ყველაფერი გამოგივათ. არასოდეს იფიქროთ, რომ რაღაცას არ იმსახურებთ ან თქვენი ოცნებები ძალიან შორსაა რეალობისგან. თქვენთვის ყველაფერი შესაძლებელია. მინდოდა, უფრო მეტი გოგონა ჩამომეყვანა პარიზში, მაგრამ ფიზიკურად არ იყო შესაძლებელი. თუმცა, ყველაფერი წინაა. ზოგადად, თავდაჯერებულობა და წარმატება არ იბადება ჩემსავით ვიდეოების გადაღებაში და ლუქების დადებაში, ის იბადება ყოველდღიურ შრომაში. შრომა ყოველთვის ფასდება და ყველა ქალი ვარსკვლავია, რადგან ჩვენ ყოველდღე გვაქვს ჩვენი პატარა წითელი ხალიჩა-სამსახურში, სკოლაში, მშობელთა კრებაზე, პაემანზე, მაშინაც კი, როცა სახლს ვალაგებთ ან საჭმელს ვამზადებთ. ამიტომ, მინდა, გჯეროდეთ საკუთარი თავის და არაფრის შეგეშინდეთ. სხვათა შორის, პარიზის მოდის კვირეული რომ დასრულდა და ყველაფერმა კარგად და წარმატებულად ჩაიარა, ვერ ვიჯერებდი, თავი სიზმარში მეგონა და ვეუბნებოდი ბენის: მიჩქმიტე, ხომ ფხიზლად ვარ და არ მძინავს -მეთქი (იცინის). ახლაც ვერ ვიჯერებ – „ვოგი“, „ელლი“, როგორი ფოტოგრაფები, ვინ ვნახე, რა ვნახე... სხვათა შორის, ამერიკაში რომ ჩამოვედი, ძალიან კი ვიყავი დაღლილი, მაგრამ შეხვედრები მქონდა ჩანიშნული და ვერ გავაცდენდი. კი მიყვარს სიახლეები, ისიც ვიცი, რომ დასვენების დროა, მაგრამ ამხელა მუცლით, ისევ საქმეებზე მომიწია სიარული. ექიმთან რომ მივედი, მკითხა: ხომ ისვენებ და ცოტას ხომ დადიხარო. როგორ მეთქვა, რომ ერთი კვირის წინ, ქუსლიანი ფეხსაცმლით კი არ ვიარე, ვირბინე, სიმძიმეებიც ავწიე და ყველაფერი ჩავიდინე, რაც ორსულს ეკრძალება -მეთქი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლელა წურწუმიამ იმიჯი შეიცვალა - „აბა, როგორ მოგწონთ?“
⭕„მოსწავლის კარგი ფიქრი, მასწავლებლის ყველაზე დიდი ჯილდოა...“ - გია მურღულია
წყარო: tbiliselebi.ge