ქართული „x ფაქტორის“ ყველაზე სკანდალური, მისტიკური და ექსცენტრიკული გოთვარსკვლავი, სანდრო (ქილერ) მენსონი, საფრანგეთის დედაქალაქში საკუთარ უდიდეს ინსპირაციას – მსოფლიო როკლეგენდა მერლინ მენსონს პირისპირ შეხვდა.
„შეხვედრა შედგა პარიზში, ხელოვნების კვირეულის ფარგლებში „არტ აიკონის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, სადაც პირადად ვიყავი მიწვეული. ამ მასშტაბურ გამოფენაზე მსოფლიოს თანამედროვე ფოტოგრაფები და არტისტები იყვნენ წარმოდგენილნი. გამოფენის მთავარ სენსაციას წარმოადგენდა მერლინ მენსონის მეუღლის, ლინდსი იუსიჩის შთამბეჭდავი ინსტალაცია – მენსონის პორტრეტებისგან აგებული მონუმენტური ჯვარი. სწორედ ამ გარემოში შედგა ჩემი შეხვედრა ჩემს „კუმირთან“ – მერლინ მენსონთან, რომლის შემოქმედებამაც ჩემი, როგორც გოთი არტისტის, მუსიკოსისა და ფოტოგრაფის ხედვაზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენი ერთ სივრცეში ყოფნა და აზრების გაზიარება დაუვიწყარი გამოცდილება იყო“, - ამბობს სანდრო მენსონი.
– როგორი ემოციები გქონდა საკუთარი „კუმირის“ ხილვისას, რომელმაც ფაქტობრივად, შენი ცხოვრება განსაზღვრა?
– ემოციები იმდენად მძაფრი იყო, რომ თავიდან საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ეს იყო მომენტი, როდესაც დრო თითქოს გაჩერდა და რეალობამ ფორმა იცვალა. რთულია გაცნობიერება და იმ ემოციის გადმოცემა, რომ შენ წინაშე დგას ადამიანი, რომლის მუსიკამ, ფილოსოფიამ და ვიზუალურმა ხელოვნებამ, ფაქტობრივად, განსაზღვრა შენი ცხოვრების შემოქმედებითი გზა, მსოფლმხედველობა და არტისტული იდენტობა. მერლინ მენსონი ჩემთვის უბრალოდ მუსიკოსი არ არის ის არის ეპოქალური ფენომენი, რომელმაც მასწავლა და შთამაგონა, თუ როგორ ვიყო თავისუფალი, შინაგანად ძლიერი და ავთენტიკური ჩემს შემოქმედებაში. ამ შეხვედრამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ყოველთვის უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ბოლომდე იბრძოლო შენი მიზნებისთვის...
– როგორი იყო მერლინ მენსონის რეაქცია, როდესაც შენი ვიზუალი და მაკიაჟი დაინახა?
– სანამ უშუალოდ გასაცნობად მივიდოდი, ჩვენი პირველი კონტაქტი შორიდან, მზერითა და თვალებით მოხდა. მისი რეაქცია იყო საოცრად ინტერესიანი და იმავდროულად, ოდნავ გაკვირვებულიც. მე სწორედ ამ მომენტს, ამ ენერგეტიკისა და აურის კავშირს ველოდი ჩვენს შორის, რაც წარმოუდგენლად ბუნებრივად შედგა და ასე მივიქციე მისი ყურადღება. მისი რეაქცია იყო ცოცხალი, გულწრფელი და ყოველგვარი ვარსკვლავური პათოსისგან დაცლილი. ეს არ იყო უბრალოდ ფანის შეხვედრა ვარსკვლავთან, ეს იყო ორი ხელოვანის ენერგიების გადაკვეთა. გარდა ამისა, გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებამ და მათ შორის თავად მენსონის ერთგულმა ფანებმა, მყისიერად შენიშნეს ჩვენი ვიზუალური მსგავსება. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, თუ როგორ, ღრმად და ავთენტიკურად მქონდა გადმოცემული მერლინ მენსონის კლასიკური იმიჯი და გოთიკური ესთეტიკა“, - თქვა სანდრო მენსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნანიკო ხაზარაძე - ყველა მეუბნება: „დედა, რა კარგად გამოიყურები, როგორი დამშვიდებული სახე გაქვს“
წყარო: tbiliselebi.ge