საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა აგვისტოში გასამართი მატჩებისთვის თბილისში მზადება დაიწყო.
აგვისტოს მიწურულს ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის – 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიასთან. მანამდე, 23 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში ამხანაგურ შეხვედრას ისრაელთან ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრებთან ერთად მოახლოებული შეხვედრებისთვის ემზადებიან NBA-ს მოთამაშეები – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. გუნდთან ერთად არის ლეგიონერი მარკის რიდიც, ასევე კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკალათბურთო კლუბ „დუბაის“ წევრი გახდა.
ამ ოფიციალურ მატჩებზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ. პირველად გუნდმა პლანეტის პირველობაზე 2023 წელს იასპარეზა – იაპონიის კუნძულ ოკინავაზე კაბო „ვერდე“ და „ვენესუელა“ დაამარცხა, მეორე ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავიდა, სადაც ოთხი ახალი ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.
ჩვენი ჯგუფის გუნდები (საქართველო, ესპანეთი, უკრაინა) B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია) საუკეთესოებს შეხვდებიან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაზე სიმპათიური მერი და საამაყო ქართველი...“ - რა კადრებს აქვეყნებს კახა კალაძე
⭕ ავარია ხაშურის მიმდებარედ - არის მსხვერპლი
წყარო: 1tv.ge