
გიორგი ფოცხიშვილი ფოცხიშვილების ქართული ხალხური ცეკვის დინასტიის წარმომადგენელია. მისი ოჯახი 60 წელია ამ საქმეს ემსახურება. ბაბუა, გელოდი ფოცხიშვილი იყო ქორეოგრაფიული ანსამბლის, „მეტეხის“ დამაარსებელი. გიორგის მშობლებმა, მაია კიკნაძემ და გელა ფოცხიშვილმა, ოჯახის ტრადიცია გააგრძელეს, მათ თავიანთი სტილი შექმნეს ქართულ ცეკვაში და ჩამოაყალიბეს ცეკვის აკადემია. რომელსაც თავად ხელმძღვანელობენ.
გიორგიმ ცეკვა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. ასრულებდა ქართულ ტრადიციულ ცეკვებს ოჯახის ეროვნულ საცეკვაო ანსამბლში. 12 წლის იყო, როცა მშობლებმა შესთავაზეს ბალეტში ეცადა ძალები. ეს განსაკუთრებით დედის სურვილი იყო, რადგან იგი პროფესიით ბალერინაა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლა აქვს დამთავრებული.
13 წლის იყო გიორგი ფოცხიშვილი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სახელოვნებო სკოლაში ჩააბარა, სადაც ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა.
ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის წამყვანი სოლისტი გიორგი ფოცხიშვილი საქართველოში იმყოფება, მისი ნახვა მაყურებელს თბილისში, ოპერის და ბალეტის თეატრში შეეძლება.
მანამდე კი გიორგი გადაცემის „შუადღე“ სტუმარი იყო, სადაც ქართველ მაყურებელზე ისაუბრა:
„ძალიან კარგი ფესტივალია, რასაც ყოველ წელს თბილისში, ოპერის და ბალეტის თეატრი აკეთებს. მართლა დღესასწაულია რაც საქართველოში ხდება. მეორე წელია ჩამოვდივარ, მაქვს პატივი ვიცეკვო ამ ძალიან ლამაზ სცენაზე, ისტორიულ ადგილას.
რომ დავფიქრებულვარ რომელი სცენა და პუბლიკა არის ის, ვის წინაშეც ყველაზე მეტად ვინერვიულებ და პასუხისმგებლობას ვიგრძნობ, ალბათ თბილისს და ამ თეატრს არაფერი შეედრება, რადგან ქართველები, ჩემი მაყურებელია, ჩემი ხალხია. ვცდილობ მაქსიმალური ჩამოვიტანო და მივცე ხალხს, რადგან აქ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები.
საქართველოში აპლოდისმენტები სხვაგვარად ისმის - თითქოს დრო ჩერდება და სისხლი წინაპრების მელოდიით მოძრაობს“, - ამბობს გიორგი ფოცხიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: