
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი არის მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს ფეხბურთში შრომას, მოთმინებას და პროფესიონალიზმს.
ქოჩორაშვილი ფართო ასპარეზზე სულ ახლახან გამოჩნდა, თუმცა ბევრმა არ იცის, რა გზის გავლა მოუწია აქამდე მოსასვლელად - დღეს მთელი საქართველო მასზე ლაპარაკობს და ბევრი საბერძნეთთან ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც ასახელებს.
ყველაფერი 2017 წელს დაიწყო. 19- წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდა. პირველი მატჩი საქართველომ ფინალისტ პორტუგალიასთან დათმო, შემდეგ კი შვედეთის ნაკრები დაამარცხა. იმ მატჩებში ქოჩორაშვილი გამორჩეული იყო. ცნობისთვის, მაშინდელი 19- წლამდე ნაკრებიდან დღეს ეროვნულში მხოლოდ ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე არიან.
მიუხედავად იმისა, რომ 19- წლამდელები ჯგუფში ჩარჩნენ, საქართველოსთვის ეს ტურნირი მაინც სარფიანი გამოდგა, რადგან ვიხილეთ ფეხბურთელები, რომლებმაც გაგვიჩინეს იმედი, რომ მომავალში დიდ შედეგებს დადებდნენ. მათ სიაში ქოჩორაშვილიც იყო.
ამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების მიუხედავად, ქოჩორაშვილს საკლუბო კარიერაში კარგი პერიოდი არ ჰქონდა. ის საბურთალოდან „ხირონას“ ახალგაზრდულ გუნდში გაანათხოვრეს. კლუბებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა და სამშობლოში დაბრუნდა.
ქოჩორაშვილს საბურთალოს ძირითად გუნდში საერთოდ არ ათამაშებდნენ. ამასობაში, მას შეთავაზება აქვს რუსთავიდან. 19 წლის ქოჩორაშვილი დილემის წინაშეა - ან საბურთალოში დარჩენა იმის პერსპექტივით, რომ უკეთეს გუნდში გადავა ან რუსთავში გადასვლა და დიდი სათამაშო დრო. უნდობლობის მიუხედავად, მან საბურთალოში დარჩენა არჩია და მალევე ესპანეთიდან ახალი შეთავაზებაც მიიღო.
რამდენიმე თვე ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ მეორე გუნდში თამაშობდა, ჰქონდა ტრავმები, რის გამოც დიდ გუნდში ვერ ხვდებოდა. 2020 წელს, კორონავირუსის გამო, ლა ლიგამ კლუბებს სათადარიგოთა სკამის გაფართოების საშუალება მისცა. ქოჩორაშვილი პირველად ლევანტეს ძირითადი გუნდის განაცხადში სევილიასთან მოხვდა, ლა ლიგაში მისი დებიუტი ბილბაოსთან შედგა. ქოჩორამ იმ სეზონში ბარსელონასთანაც ითამაშა. „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში გავარდა, 24 წლის ნახევარმცველი გუნდში დარჩა, ესპანური მაღალ დონეზე ისწავლა და დღეს ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.
დიდი ხნის განმავლობაში, ქოჩორაშვილის ნაკრებში გამოძახებას ითხოვდნენ, თუმცა ეს პროცესი გაიწელა. არადა, ეს პოზიცია კანკავას წასვლის შემდეგ პრობლემატური გახდა. პირველად ის 2023 წლის სექტემბერში გამოიძახეს. ქოჩორაშვილმა იმედები გაამართლა. მისი დებიუტი ნორვეგიასთან შედგა. სანიოლმა ქოჩორას მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, მარტინ ოდეგორის პერსონალურად აყვანა დაავალა, ქოჩორაშვილი ჩვენი მხრიდან იმ მატჩში საუკეთესო იყო და ამის შემდეგ, ნაკრების უცვლელი წევრია.
ქოჩორაშვილმა საუკეთესო თამაში აჩვენა ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბოლო მატჩში, სადაც თანაგუნდელებთან ერთად მოახერხა და თავისი წილი ისტორიის სტრიქონი დაწერა.
სიდინჯით, შრომითა და პროფესიონალიზმით ქოჩორაშვილი ლევანტესა და საქართველოს ნაკრების შეუცვლელი ფიგურა გახდა, თუმცა ისტორიის წერა ჯერ არ დასრულებულა, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია.
აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილის საფეხბურთო კარიერა საკმაოდ წარმატებულია, თუმცა აგრეთვე საინტერესოა მისი პირადი ცხოვრებაც.
როგორც „ინსტაგრამიდან“ ირკვევა გიორგის რჩეული ბრაზილიელი სანდრა მენდოსანია.
ასევე სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, იგი ბორტგამცილებელია და ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს.
გასულ წელს სანდრა გიორგის საგულშემატკივროდ საქართველოში იმყოფებოდა. რატომღაც სანდრამ ამ მნიშვნელოვან თამაშზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა შეყვარებულს სოციალურ ქსელში გამარჯვება მიულოცა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: lagazzetta.ge