ადამიანებისგან ხშირად გამიგონია, რომ ღმერთის შეურაცხყოფას არავის აპატიებენ. შეუძლია კი ადამიანს, რომ ღმერთს შეურაცხყოფა მიაყენოს ან უმტროს მას? - აღნიშნულ საკითხზე ჟურნალ „თბილისელებთან“ დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა გურამ ოთხოზორიამ ისაუბრა:
„შეიძლება, ღმერთს მტერი ჰყავდეს?! და მეორე – ვინ არის ის მტერი?! მართლაც, ისეთი გოიმი ხარ, იჯერებ, რომ ღმერთს მტერი ჰყავს?! ვინ არის ღმერთის იქით?! არავინ! მტერი ჰყავს ღმერთის შესახებ წარმოდგენებს და სწორედ ამას ებრძვის ათეისტი. ღმერთს ვინ მოერევა?! ყველა და ყველაფერი მისი შექმნილია. ნიცშეზე უკვე ვისაუბრე და, კანტის რაციონალური აზროვნებაც აქედან იწყება. მის ავტორიტეტს ვერ ექვემდებარება, ვერ იღებს, მისთვის დამთრგუნველია ავტორიტეტი. მტანჯავს მე ზოგადი ღმერთი, ავტორიტეტული ღმერთი, რომელიც გარედან მოდის. ასეთ ღმერთში მე ვიკარგები და ამიტომ ამ ავტორიტეტულობას, რომელიც მაწვება, მირჩევნია ათეიზმი, უფრო თავისუფალი ვარ. ბოლოს და ბოლოს, ჩემს თავზე მარტო მე ვაგებ პასუხს. ამ მხრივ, მე რომ მკითხო, ცოცხალი რწმენის მქონე და პატიოსანი ათეისტი ბევრად უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ყალბი ღვთისმოსავი, რელიგიური ადამიანი. ყალბი რელიგიური ადამიანი, რომელიც ზოგად ღმერთს სცემს თაყვანს, უფრო შორს არის ჩემგან, ვიდრე ათეისტი, რომელმაც მოშალა ყველაფერი. ამ შემთხვევაში ათეისტი ღმერთის უარმყოფელი კი არ არის, არამედ ღმერთზე ყალბი წარმოდგენების უარმყოფელია, იმიტომ რომ ღმერთი სიცხადეა, ჭეშმარიტებაა, მას როგორ უარყოფ?!
რაც შეეხება აგნოსტებს: აგნოსტი მე უფრო ის მგონია, ვინც წინასწარ ისაჭურისებს თავს. ათეისტი ბედავს მაინც, რომ ირწმუნოს თავისი თავის, იმის, რასაც ხედავს და ბავშვურად ამტკიცებს, არ არის ღმერთიო. ანუ კარგი საქმე გააკეთა, სიყალბეები რომ ჩამოშალა, მაგრამ ამას ღმერთიც მიაყოლა. აგნოსტი საერთოდ უარს ამბობს იმაზე, რომ რამე გაიგოს. წინასწარ უკეთებს თავის თავს კასტრირებას – შეუძლებელია, ღმერთზე რამე ვიცოდეთო. დიახ, შეუძლებელია, ღმერთზე რამე ვიცოდეთ. ეს სწორი დეფინიციაა, მაგრამ ამავე დროს ისიც სწორია, რომ შესაძლებელია, ღმერთზე ვიცოდე. აი, ასეთი ურთიერთგამომრიცხაობაა. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა მოქმედებას გვამცნობს სამყარო.
თუ პატიოსანი ხარ, ამ ჭიქიდან, მცენარიდან თუ ცხოველიდან, ყველაფრიდან, როგორც თვალსაჩინოებებიდან უნდა ამაღლდე და დასვა კითხვა: ამის მიღმა ვინ არის?! თუ ამ შედეგს ხედავ და გაოცებს, რა თქმა უნდა, იკითხავ, ვინ არის ამის შემოქმედი?! ბავშვს უჩინმაჩინმა რომ საჩუქრები მოუტანოს, გაიზრდება და იტყვის, საჩუქრები კარგია, მიხარია, მაგრამ ვინ მიგზავნის ამ საჩუქრებს?! მე მამა მინდა ვნახო და აი, ეს არის უკვე ებრაელობა. ის წერტილი, აბრაამის გულში რომ გაჩნდა – ის ხომ ქალდეის ურაში ცხოვრობდა, სადაც კერპთაყვანისმცემლობა იყო გამეფებული, მოხიბლული იყო მიწით, მატერიით, ვარსკვლავებით, ყველაფრით, რასაც ხედავდა, მაგრამ აბრაამი სვამს კითხვას: ამის მიღმა ვინ არის ის უხილავი, რომლისგანაც მე მაქვს ეს ლამაზი სამყარო?! როდესაც ნახატს ან რამე ლამაზ ნივთს ნახავ, პირველად რა კითხვა გიჩნდება?! ვინ დახატა? ვინ შექმნა?! ნუთუ ეს სამყარო არ ღირს კითხვის დასმად, ნუთუ ამის სათავე უაზრობაა?! შეიძლება, შედეგი ნაკლები იყოს პირველმიზეზზე?! შეიძლება, რაც დღეს გვაქვს, როგორც შესაძლებლობა, არ იყოს პირველმიზეზში, იმ პირველ წერტილში, რომელიც, როგორც ამბობენ, აფეთქდა?! თუ იქ არ იდო ეს ყველაფერი, როგორც შესაძლებლობა, ეს როგორ მივიღე?!
სწორედ ეს მაოცებს პატარა ბავშვივით და ყველა მეცნიერიც ამას ამბობს: ყველაფერი იწყება გაოცებით. თუ გაოცების უნარი დაკარგე და ყველაფერში ლოგიკა ჩართე, მაშინ შეგრჩება ის, რაც ტარიელ ჭანტურიას პატარა ლექსითაა ნათქვამი: თურმე, ერთმანეთს უახლოვდება შედგენილობით ცრემლი და შარდი. კი ბატონო, გამოიკვლიეს ეს მატერიალისტებმა და მაშინ რა შეგრჩა ხელში?! ცაც რაღაც ელემენტების გამო ჩანს ცისფრად; ვარდი სურნელოვანი და წითელია იმიტომ და ამიტომ. კარგი, დავიჯერე და რა მივიღე?! ლოგიკაში რომ გავატარე, არაფერი შემრჩა. არ ვამბობ, რომ ბრმად უნდა ირწმუნო, მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერი გააანალიზო. მაგალითად, სიყვარულს ანალიზს როგორ ჩაუტარებ?! ან სინდისს?! ბევრი რამაა გაანალიზების მიღმა. ალოგიკურია, ხელს ვერ კიდებ, მაგრამ არის. ფიზიკოსები უკვე ანტინაწილაკზე გავიდნენ, ესე იგი, უკვე რწმენით მოქმედებენ.
მე ჩემს რწმენაზე მოგიყვებით, მე როგორ ვირწმუნე: გითხარით, რომ ბავშვობიდან მომყვებოდა ორმაგობა: ერთი მხრივ, უკიდურეს სიღარიბეში ვიზრდებოდი და, მეორე მხრივ, დაუოკებელი შინაგანი სწრაფვა მქონდა დიდისკენ, ნათლისკენ და როდესაც ეს მდგომარეობა პიკამდე მივიდა, დიდი სიყვარული მეწვია. სწორედ ამან გახდა საკამათო ჩემი ათეისტური შეხედულება, რომ ყველაფერი იბადება, იზრდება, კვდება.
იცით, რომ წლების განმავლობაში შევდიოდი პატიმრებთან, მათ შორის, უვადო პატიმრებთან და მივხვდი, რატომ დავდიოდი მათთან. ერთს ვუთხარი კიდეც, მე შენზე უვადო პატიმარი ვიყავი-მეთქი. მე განვიცადე სიკვდილი; სიკვდილი ჩემთვის გახდა სასჯელი, როგორც გამოუვალი მდგომარეობა, რადგან ჩემი ტვინი დაღდასმული იყო იმით, რომ არაფერი არსებობს, მოკვდები და დაამთავრებ და ამ დროს არის სიყვარული, რომელიც სიცოცხლის შვილია; ის სხვა სამყაროს მაჩვენებს, ლამაზს, მშვენიერს და დარდობ, ეს რომ მოგიკვდეს, სიკვდილმა რომ ყველაფერი დაამთავროს?! და სიკვდილი, როგორც მოვლენა, ჩემთვის იქცა სასჯელად, რომელსაც ვერ შევურიგდი. სიკვდილის პირისპირ დავდექი და ვუსვამ კითხვას: ნუთუ ესაა ბოლო მდგომარეობა? ნუთუ გამოსავალი არ არის?! ისე მაწვალებდა ეს კითხვები, რომ აგონიამდე მივედი. სული მეხუთებოდა და სწორედ აქ ჩამოშალა ჩემი ათეიზმი. იმის თქმა მინდა, თუ როგორ იბადება რწმენა. მამარდაშვილიც იმავეს ამბობს, როდესაც შენ ყველაფერს ამოწურავ და როდესაც მიხვდები, რომ ამის იქით არ შეგიძლია, მოტყუვდი, იმ დიდს რომ ეძებდი; მოტყუვდი ან მოგატყუეს თურმე, ბავშვივით დაიჯერე სიზმრების, დაიჯერე ზღაპრების და ვიღაც ქირქილებს, აი, როგორ მოგატყუესო და შენ, მართლაც, პატარა ბავშვივით დაუცველი ხარ. აი, სწორედ იქ ინთება რწმენა“, - ამბობს გურამ ოთხოზორია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ხვიჩა საუკეთესოებს შორის - ხაბიბ ნურმაგოვედოვმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა
⭕ „მშვენიერი და მიმზიდველი“ - ბაბი კირკიტაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში ატარებს