
დათო ევგენიძე ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პიროვნებაა. იგი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მუსიკალურ პროექტებსა და ღონისძიებებში. ხშირად ჩანს ეკრანებზე და შესაბამისად დიდი პოპულარობით გამოირჩევა.
ამჯერად მუსიკოსი გადაცემის „ყავა ბათუმურად“ სტუმარი იყო, სადაც მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გულწრფელად ისაუბრა.
მომღერლის თქმით, შემოქმედება სპონტანურად მოდის.
იგი მიიჩნევს, რომ თითოეულ ადამიანს დაბადებიდან აქვს თავისი მისია - ვიღაც კარგი მუსიკის, ვიღაც ღვინის, ვიღაც კი სხვა საქმისთვისაა განსაზღვრული.
„ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი მისტიკაა, თითქოს დაწერილი რომანია ჩემი ცხოვრება. ეს დაიწყო ჩემი დის გარდაცვალებით, როცა მე 18 წლის ვიყავი, 16 წლის და ზღვაზე დამეღუპა. მერე ყველაფერი შეიცვალა, სამყაროს შეგრძნება, როცა გარდაცვალების გამართლებას იწყებ, იქ ხდები მისტიკოსი.
5 წლიდან ვწერდი მუსიკას, ღამე რომ ვდგებოდი და ვუკრავდი, მამაჩემი ბებიაჩემს ეუბნებოდა, ფსიქიატრთან წავიყვანოთო.
როცა ინსტრუმენტთან ვჯდები, ხელები უკრავენ, თვალდახუჭული მივყვები. შენ უბრალოდ ხარ გამტარი, ვიღაც წერს, შენში ატარებს და შენ აფიქსირებ.
ყველა შემოქმედებას ერთი ავტორი ჰყავს და ეს არის ღმერთი. დარწმუნებული ვარ, არცერთი ადამიანი არ იბადება მისიის გარეშე. ვიღაცამ ვაზისგან კარგი ღვინო უნდა დაწუროს, ვიღაცამ კარგი სახლი ააშენოს, ვიღაცა კარგ მუსიკას წერს, მკვლელიც იმისთვის იბადება, რომ მოკლას.
სიჩუმეა ის, რასაც ჩვენ დავარქვით სიჩუმე, თორემ ისე არ არსებობს, რაღაც სიხშირესაა მიჩვეული ყური, რასაც ვერ ვიგებთ. ხმაური ძალიან მიშლის ხელს მუსიკის დაწერაში.
არასდროსაა ის მომენტი, ავდგე და დავწერო. ხმა მეუბნება, მივდივარ და ვუკრავ. შეიძლება სულ სხვა რამეს ვაკეთებდე, მივატოვო და დავწერო მუსიკა. ლექსიც სპონტანურად მოდის, უცნაურია, რადგან მთელი შემოქმედება თხრობითია.
სულ ფრენის მდგომარეობაში ვიცხოვრე, არ დავმიწებულვარ, როდის დაეცემი არ იცი“, - ამბობს დათო ევგენიძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=DTcw3AjArrM
ასევე დაგაინტერესებთ: