„შევჯერდით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური საგნები, დანარჩენი არატექნიკური საგნები კი, მილევად რეჟიმში იქნება.
პრემიერის განმარტებით, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის“ შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, რაც იყო უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.
„შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი. რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩებიან მილევად რეჟიმში. შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: