Digest Logo

„თითქოს ტალახში შედიხარ, ისვრები და ფიქრობ, მოდი, ბოლომდე დავისვრები...“ - რას ჰყვება ვახო ბიჭიკაშვილი?

1744118489
ვახო ბიჭიკაშვილი

მსახიობი და იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მიუხედავად სირთულეებისა, ცდილობს, თავისი ნიჭი და გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს და მომავალში, უამრავი სასიამოვნო სიახლე შესთავაზოს თავის გულშემატკივრებს, რაზედაც ვახო ბიჭიკაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:

– საქართველოში წარმატებული მსახიობი იყავი, მიგყავდა საღამოები, მღეროდი, რადიო და სატელევიზიო წამყვანიც იყავი, ბავშვთა სამსახიობო სტუდიაში პატარებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდი. არ გაგიჭირდა ამ ყველაფრის მიტოვება, საყვარელი საქმიდან ჩამოშორება, უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელება და ცხოვრების ნულიდან დაწყება?

ვახო ბიჭიკაშვილი: ძალიან რთული იყო იმ ყველაფრის მიტოვება, რასაც საქართველოში ვაკეთებდი, თუმცა, ჩემი განვითარებისთვის, ასე იყო საჭირო. მე სტუდენტური ვიზით ვიმყოფები ამერიკაში, სტუდენტი ვარ, მეორე სემესტრია, ინგლისურ ენას ვეუფლები ნიუ-იორკის „კინგს ბოროს“ უნივერსიტეტში. ასევე, ჩამოსვლის დღიდან, მეგობრების დახმარებით, შევქმენი GEO production „იუთუბ ჩენელი“, რომელიც აქ მყოფ წარმატებულ ქართველებზეა გათვლილი. ვაკეთებთ სიუჟეტებს მათზე, ვინც აქ წარმატებით მოღვაწეობს, სპორტია ეს, კულტურა თუ სხვა სფერო. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა და არ მინდა, მას მოვწყდე. ასევე, დავაარსეთ ახალი კომპანია, GEO Events, ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებთან – ნიკუშა ნატროშვილთან და ირაკლი ფაჩულიასთან ერთად და გეგმაში გვაქვს მომავალში ძალიან კარგი ღონისძიებების ჩატარება. აქ ყველაფერი ქართული მონატრებული და ძვირფასია. აქაურმა ემიგრანტებმა კი სასწაული გვერდით დგომა იციან. ჩემი მიზანია, ჩვენი ქვეყნის უფრო წინ წამოწევა, მისი სამყაროს ლეგიტიმურ წევრად ყოფნა.

ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, ყველა მიმართულებით შეგვიძლია სუნთქვა, ოკეანეში მშვიდი ცურვა, ხმამაღალი სიტყვა სპორტსა თუ კულტურაში და ჩვენ ხშირად ვამაყობთ მათი წარმატებებით. ამერიკა დიდი ქვეყანაა, როცა აქ ჩამოხვალ, ამ ქვეყნის მსახური ხარ, მიგრანტი და უფრო რთული გზების გავლა გიწევს, მაგალითად, რასაც ჰქვია დოკუმენტაციის მოგვარება, უცხო გარემოსთან დაახლოება, სწავლა და ასე შემდეგ. აქ უამრავი მეგობარი მყავს და მქონდა ურთიერთობები, მაგრამ როცა აქ ჩამოდიხარ, მაინც შენს თავთან რჩები, მარტო და დამოუკიდებლად უნდა გაიარო ის გასასვლელი გზა, რომელიც ყველა ემიგრანტმა გაიარა და დღემდე გადის.

არ მიყვარს წუწუნი და არც ვწუწუნებ, რადგან ეს გზა ჩემი არჩევანი იყო, თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ჩემს შემთხვევაში ბევრად მარტივად მოხდა ამ გზის გავლა, რადგან მექსიკის ურთულესი საზღვარი არალეგალურად არ გადმომილახავს, არც საპატიმროში ვმჯდარვარ თვეობით და არ გამომივლია ის რთული დღეები. მონატრება, რასაკვირველია, არის, უნდა იყო ძლიერი პიროვნება, გაუმკლავდე, სხვა გზა არაა. მე ასეთი ძლიერი აღმოვჩნდი.

სულ ვფიქრობ, ახლა რაღა უნდა მოხდეს-მეთქი, სულ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს, თუმცა, პასუხიც მაქვს: ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, შეუძლებელი არაფერია. აქ ჩამოსულმა რამდენიმე ეტაპი გავიარე, მე ეს შევძელი და უკვე აღარაფრის მეშინია. ღმერთისა და მეგობრების დახმარებით, ოჯახის გვერდით დგომით, ბევრი მოვახერხე და იმედია, კიდევ, ბევრს შევძლებ. ნამდვილად არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო, რადგან ამდენი ხნით არ ვაპირებდი დარჩენას. როგორც გითხარით, მანამდე ვხვდებოდი ქართველ ემიგრანტებს, რადგან მქონდა გამოსვლები და კონცერტები სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და რაღაც ეტაპზე ვიცნობდი ამ ემიგრანტულ გზას. მაგრამ, როცა უშუალოდ შენი არჩევანი ხდება ეს გზა, თითქოს შეტოპე და მერე გიჭირს უკან გამოსვლა. უფრო გასაგები რომ იყოს, ალეგორიულ შედარებას გავაკეთებ: თითქოს ტალახში შედიხარ, ისვრები და ფიქრობ, მოდი, ბოლომდე დავისვრები თუ ბოლოს, ამ დასვრის შემდეგ, შხაპი მელოდება და ჩამოვირეცხავ ტალახსო. მე ჯერ კიდევ მივდივარ და გაცნობიერებული მაქვს, სირთულეები და ბარიერები მელის, თუმცა არ მეშინია, ვიცი, გადავლახავ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში, დამოკიდებულებები და შეხედულებები...“ - ვახო ბიჭიკაშვილი ამერიკაში ცხოვრებაზე

🎥 „ვინერვიულე, არავის საქმე არ არის ჩემი პირადი“ - გია ფარადაშვილი საზოგადოების მხრიდან ბულინგზე

⭕„ნებისმიერი მიმი, სადაც სოსო და კიმ ჩენ ინი ერთად ფიგურირებენ, შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან საშიში მისთვის...“ - რა განცხადება ვრცელდება სოციალურ ქსელში?