Digest Logo

წამება და 23 წლის ასაკში სამშობლოს შეწირული სიცოცხლე - აგვისტოს ომის გაუტეხელი გმირის, გიორგი ანწუხელიძის უკვდავი ამბავი

1723093972
ანწუხელიძე

1984 წელი, 18 აგვისტო...  ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი... სოფელში ბიჭი დაიბადა, ბიჭი რომლის გულიც სამშობლოს სიყვარულით ძგერდა...

2008 წელი, 9 აგვისტო... ცხინვალი... IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი... სამშობლოსთვის აძგერებული გული წამებით, სამუდამოდ გააჩერეს.

დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა. თუმცა მაინც არ გატყდა... თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემაში ამოხადეს სული...

გიორგი ანწუხელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მასთან ერთად, ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს.

სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს - 2008 წლის 9 აგვისტო.

მისი ხსოვნის მემორიალი, 2013 წლის 26 ოქტომბერს, ქვემო ალვანში გაიხსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა თავდაცვის სამინისტროს სერჟანტთა მომზადების სკოლას.

ბავშვობა...

(ნაწყვეტი გამოცემა „FOR.GE-ს“ ინტერვიუდან)

„სულ რაღაც 23 წელი იცოცხლა...

მამა ფიზიკურად შრომობდა, დედა შვილებისათვის თავს არ ზოგავდა და გაჭირვების დასამარცხებლად სამუშაოს ყველგან ეძებდა... შინ კი იყო ერთი ქალი, რომელმაც როგორც კი გია დაინახა, მიხვდა, მისი იყო, მისი ცხოვრების აზრი...

ამ ქალს ეთერი ჰქვია..

არ გათხოვილა...

საკუთარი ბიოლოგიური შვილები არ ჰყავს...

სამაგიეროდ, ჰყავს სამი შვილი - სამი ძმისშვილი... ჰყავს გია, რომელიც მის ცხოვრებას აზრს აძლევს...

საღამოა...

გიას ბავშვობა სიბნელესთან ასოცირდება...

90-იანი წლების დასაწყისი...

არც დენი და არც მშვიდი ცხოვრება...

მამიდა, ძილის წინ, პატარა ანწუხელიძეს მიუწვებოდა და ზღაპრის მოყოლას დააპირებდა, მაგრამ გიას ზღაპრები არ უყვარდა...

უყვარდა ისტორია...

განსაკუთრებით კი, ერთი ქალის ცხოვრება...

ეთერ ანწუხელიძე სინანულით ამბობს:

- ნეტა, არ მელაპარაკა ამდენი ქეთევან წამებულზე... რომ ვეუბნებოდი, დედოფალი მხნედ მიდიოდა და თავი არ დაუხრია, ისე აწამეს-მეთქი, სულგანაბული მისმენდა... ღმერთო, თურმე, ვის ჰბაძავდა...

სულ 23 წელი იცოცხლა....

იმ დღეს კი...

თბილისში მამა და მამიდა ეწვივნენ...

ექიმთან წაიყვანა... დიაგნოზებს გადახედა...

მერე, გორში, ორსული ცოლი და შვილი გააცილა დასასვენებლად...

საღამოს დაწვა...

მშვიდი ძილი მამიდამ შეაწყვეტინა:

- მეთაურმა დარეკა, განგაშიაო!

ადგა და წავიდა...

კართან მისული უკან მოტრიალდა, მამას აკოცა, მამიდას ჩაეხუტა და უთხრა გული რაღაცნაირად მაქვს, მაკას ხშირად დაურეკე, რამე არ დასჭირდეს, მიხედე შენებურადო...

მიდიოდა და ცოლისა და შვილის დარდი მიჰქონდა...

და ტოვებდა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა!

არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ომის დროს...“.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔵„ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!“ ორგანოები ამოაცალეს, არ დაიჩოქა, დროშას ფეხი არ დააბიჯა! - ტატუნაშვილის გმირობის ამბავი

🔵„შენ მოკალი შენი შვილიო“! ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგო - ეკა ბეჟანიშვილის სისხლით მოპოვებული თავისუფლება

🔵შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები