მსახიობი მაკა შალიკაშვილი „კვირის პალიტრას“ იმ პრობლემაზე ესაუბრა, რომელსაც 20 წელზე მეტია, უმკლავდება და მისთვის სარგებელი არ მოუტანია.
როგორც თავად ამბობს, ეს პრობლემა მას არც აძლიერებს, არც - მის პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს, პირიქით - ხელს უშლის.
მაკა შალიკაშვილი:
- საერთოდ, ადამიანს უამრავი პრობლემა აქვს, რადგან ამის გარეშე არ ვარსებობთ - ეს ვიცით და ბუნებრივია. ამისთვის გვამზადებენ ჯერ - სახლში (მშობლები), შემდეგ - საბავშვო ბაღში, სკოლაში... სწავლასთან ერთად, პრობლემებზე გველაპარაკებიან, გამოცდილებას გვიზიარებენ, რომ ცხოვრებაში სირთულეებს მომზადებული შევხვდეთ. ეს პრობლემები ადამიანს პიროვნულ ზრდაში, განვითარებაში, გაძლიერებაში გეხმარება, რომ საბოლოო ჯამში, უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდე.
ის პრობლემა, რაც მე მაქვს და რის შესახებაც მინდა გესაუბროთ, საშინლად მიშლის ხელს: ბინა არ მაქვს. ამის გამო, რაც კი ცხოვრებაში შემიძენია, ყველაფერი ფასს კარგავს, როდესაც არ ვიცი ვინ როდის, რატომ და რისთვის გამომიშვებს სახლიდან... უბინაობა პრობლემათა იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც გაძლიერებს, ცოდნას და გამოცდილებას გაძლევს, პიროვნულად გზრდის...
მე რა პრობლემაც მაქვს, ამის გამო, ჩემთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან თუნდაც ბინის მეპატრონესთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მაინც დროებითი საცხოვრებელი გაქვს. მუდმივად გადასვლა-გადმოსვლა გიწევს... პირადად მე, ამ ტიპის სიახლეების მიღება მიჭირს. ეგ კი არა, საზღვარგარეთ ამიტომ ვერ წავედი ვერასოდეს, რომ სხვაგან ვერაფრით ვიცხოვრებ.
ცუდია თუ კარგი, ჩემი ქვეყანა მიყვარს - წარმატება და ბედნიერება აქ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ზუსტად ვიცი, რომ „ერთნაირი სულის“ ადამიანების მონახვა ყველგან შეიძლება, სხვაგან მაინც ვერასდროს ვიცხოვრებ. ხომ გაგიგონიათ - მსახიობს უნდა შიოდეს და სწყუროდეს, რომ კარგად ითამაშოსო?
რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, როცა მსახიობს იმდენი საქმე გაქვს, რომ ვერ ჭამ და იცი, რა არის შიმშილი, მაგრამ დიდი განსხვავებაა, როცა გაჭირვების გამო ვერ ჭამ...
გაჭირვება ძალიან თრგუნავს და მიწასთან ასწორებს მსახიობის ღირსებას, ყველაფერს... ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, - ბინა რატომ არ გაქვსო? განა იმიტომ არ მაქვს, რომ გარკვეული პრობლემების გამო გავყიდე ან წამართვეს, ან - მამაჩემი დააკავეს და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა?.. მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ სახლი არ გვქონია ქალაქში, სადაც საბედნიეროდ თუ ჩემდა სამწუხაროდ, ის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელში ჩაბარებაც მსურდა. თეატრალური უნივერსიტეტი სოფელ იგოეთში ან კასპში რომ ყოფილიყო, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა - სნობ ქალაქელებს არ შევაწუხებდი: თბილისში არ „ჩამოვეთრეოდი" და მათ თვალში არ შევეჩხირებოდი, ვისაც ძალიან არ ვუყვარვარ და ამბობენ - სოფლელი სოფელშიო...“, - ამბობს მაკა შალიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: kvirispalitra.ge