„შვილივით და ახლობლად მიმიღო, ხომ აქვს ადამიანს პატარა საიდუმლოები, რასაც ყველას არ ეუბნება, სესილიას შემთხვევაში ყველაფერი ჩემთან იყო.
კარებს ტოვებდა ღიას, სპექტაკლიდან რომ წამოვიდოდი ღამე უნდა გამევლო, შევსულიყავი, ჩამებარებინა „აჩოტები“ და იცინოდა.
ერთ-ერთი რეპეტიცია მახსოვს ძალიან კარგად. სესილიასთან წავიკითხე, მეორედაც წამაკითხა, მომცა რჩევები და მერიკო კუჭუხიძესთან მქონდა რეპეტიცია და მითხრა დღეს გადასარევი იყავი. იმ წუთში მივხვდი ვისი დამსახურებაც იყო.
საწოლის თავთან სურათის დასადები ჰქონდა, იმის უკან კი წერილები ედო, ეს რიტუალივით ჰქონდა, თითქოს დედას ესაუბრებოდა.
ბოლო დღეს დავურეკე ტელეფონზე, რაღაც მოვუყევი და იმდენი იცინა, ხველება აუტყდა, დაკიდა ტელეფონი. მეორე დღეს ვურეკავ და სესილი საავადმყოფოში იყო“, - იხსენებს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“.