
1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. მარტოობით შეწუხებულ ვაჟას სასთუმალთან ხშირად ეჯდა ხოლმე მოწყალების და, ნინო ციციშვილი (შემდეგში დამსახურებული ექიმი), იგი დასტრიალებდა თავს ავადმყოფ არწივს. სხვა მოწყალების დებმა ქართული ყველამ კარგად არ იცოდა და ვაჟასი რცხვენოდათ. ნინო კი თავისი შვილივით შეიჩვია, ესაუბრებოდა. ერთხელ ქაღალდიც მოატანინა: ლექსი უნდა დაგიწეროო, მაგრამ ვეღარ შეძლო.
გვერდში წყალი ნელ - ნელა უშრებოდა ვაჟას და 13 ივლისისათვის სულ დაუშრა, მაგრამ დროგამოშვებით სიცხეს აძლევდა და ის ასუსტებდა. ყოველ ღონეს ხმარობდნენ, როგორმე იმდენად მოეღონიერებინათ, რომ ავადმყოფს შეძლებოდა რომელიმე აგარაკზე წასვლა, რადგან საშინელი სიცხე სულს უხუთავდა.
ექიმებმა გადაწყვიტეს, სურამში გაეგზავნათ, კიდეც მიავლინეს ვიღაც ბინის დასაქირავებლად. ვაჟასაც უთხრეს, შენი ჰაერზე გაყვანაა საჭიროო. ვაჟა ერთთავად ამას ნატრობდა და ითხოვდა: სურამში კი არა, თუ წამლები აღარ არის ჩემთვის საჭირო, ფშავში წამიყვანეთ, იქაური ჰაერი და წყალი უცებ მომაბრუნებსო.
ვაჟა გამოცოცხლდა, გახალისდა, იმედი მიეცა თავისი ჩარგლის ნახვისა. ოცი მანეთი ფული გაატანა მაღაროსკარში თავის სიძესთან, დავით ჯანაშვილთან, და თან წერილიც მისწერა „მჟავეწყალთან ჩარდახი გამიკეთე, იქ უნდა დავრჩე სამკურნალოდო“.
ემზადებოდა სამკურნალოდ და ახალი ნაწარმოებების შესაქმნელად. სანახავად მისული ვასილ ბარნოვისათვის უთქვამს, რომ იცოდე, კიდევ რამდენი რამა მაქვს დასაწერიო. დურგლისათვის ფართო ფანჯარა შეუკვეთია და ჩარგალში გაუგზავნია, ჩემი სახლის სარკმელი უნდა გავაფართოვო, ბევრი სინათლე შემოვიდესო. ჩანს, ეს თვალთა სინათლის დაკლებამ და თბილისის უნივერსიტეტის ფართო ფანჯრების ნათელმა აფიქრებინა.
შესაძლოა, ვაჟას აღარც მთაში სიცოცხლის იმედი ჰქონდა, მაგრამ „იმათ კალთაზე“ ერჩივნა სიკვდილი. ყველანაირად იბრძოდა, იმდენად მომაგრებულიყო, მთამდე აეღწია. სანდროსა და შიო მღვიმელისათვის უთხოვია, მამადავითის ეკლესიასთან, კლდეში რომ წყარო გამოდის, ის უნდა როგორმე ჩამომიტანოთ, ჩვენ მთის წყაროებს ის უფრო ჰგავს და ცოტა იქნება მომასულიეროსო.
მეორე დღეს დოქით ჩამოუტანეს, დოქითვე მოიყუდა – ასე უყვარდა წყლის სმა, ბუერით თავდაცობილი სველი დოქიდან თუ თუნგიდან. ასე იყო ბავშვობიდანვე მთაში მიჩვეული და ახლაც მთის წყალი მთის წესზე დალია. ეამა ვაჟას – ძლივს ჩემი გემოს წყალი დავლიეო.
რაღაცის ჩურჩული დაიწყო თვალდახუჭულმა, მილუშულმა. დამლაგებელმა, ვინმე მაისურაძის ქალმა ყური ახლოს მიუტანა და გაარჩია ძლივს გასარჩევი სიტყვები. ვაჟა უკანასკნელ ამოსუთქვასაც ლექსს აყოლებდა:
„მუხთალო, წუთისოფელო,
ტანჯული შვილი გშორდები,
თუ ვინმეს ვალი მიმყვება,
იქიდან გავუსწორდები“.
უტყუარი ალღოსა და გრძნობის მგოსანი სულ ოდნავ მოტყუვდა, ესეც ავადმყოფობის ბრალი იყო, ალბათ: ექვს საათზე დაჰკარგა გრძნობა. ერთი საათი გასტანა სულთმობრძაობამ, ერთ საათს ეყრებოდა მის ტანჯულ სხეულს ძლიერი სული, საღამოს 7 საათზე ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. ეს მოხდა 1915 წლის 27 ივლისს.
ვაჟა-ფშაველა გაიხსენეს გადაცემაში „შუადღე“, სადაც მისმა შთამომავალმა ისაუბრა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როდის ჩნდება ლიპედემა და როგორ ვუმკურნალოთ მას? - ზაზა თელიას რჩევები
⭕გარემოს ეროვნული სააგენტო - „ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება“
წყარო: guriismoambe.com