საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლის გამოცემა Erem News-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე.
„ბოლო თვეების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ საუბრობენ. სანიოლი მას კარგად იცნობს – პსჟ-ის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრების კაპიტანია. სანიოლი არ არის დარწმუნებული, რომ კვარაცხელია ამ ეტაპზე ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე ფიქრობდეს“, – წერს გამოცემა და ფრანგი სპეციალისტის კომენტარს აქვეყნებს.
„არ მგონია, რომ ამჟამად კვარაცხელიას პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადასვლა განიხილებოდეს. რაც შეეხება ჭორებს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, ყველაფერი მის თამაშზეა დამოკიდებული. თუ ის ასე გააგრძელებს, ბუნებრივია, „რეალის“ გარდა, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ის პარიზში ბედნიერია და კლუბის შეცვლას არ აპირებს“, – განაცხადა სანიოლმა.
ფრანგ სპეციალისტს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შესაძლო მწვრთნელობაზეც ჰკითხეს:
„შესაძლოა, ოდესმე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ამ პოსტზე ზინედინ ზიდანი დაინიშნება. ის ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, „რეალში“ მწვრთნელის რანგშიც ფანტასტიკური სამუშაო გასწია. ვფიქრობ, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მისნაირი ადამიანი სჭირდება – ზიზუ ფრანგული ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და ეს ისტორია მწვრთნელის რანგშიც უნდა გააგრძელოს“ - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველა სიცოცხლეში ჩემი გქვია“ - ლიკუნა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე
⭕ „თუ ქალი ხარ და ამას კითხულობ, გთხოვ, სერიოზულად მიიღე...“ - რას წერს არუნ ხათრი
წყარო: 1tv.ge