Digest Logo

„ვინც კი შევიდოდა ტყეში, იარაღს ესროდა, ამისთვისაც მზად ვიყავი, ოღონდ მამაჩემი დამესაჯა უსაფუძვლოდ გაბრაზების გამო“ - რას ჰყვება მაიკო კაჭკაჭიშვილი

1788178796
მაიკო კაჭკაჭიშვილი

მაიკო კაჭკაჭიშვილი არის ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, მუსიკოსი და პედაგოგი, რომელმაც სახელი არაერთი პოპულარული ქართული ჰიტის შექმნითა და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით გაითქვა. მას ეკუთვნის მრავალი ცნობილი სიმღერა, რომლებსაც წამყვანი ქართველი შემსრულებლები ასრულებენ.

იგი ჟურნალ „თბილისელებს“ პირად ცხოვრებაზე ესაუბრება: 

– 45 წლის ასაკამდე ძალიან ბევრჯერ მოგიწია ცხოვრების თავიდან დაწყება. როდის მიხვდი, რომ ძალიან ძლიერი ქალი ხარ?

– ძლიერი რომ ვიყავი, პატარაობიდან მივხვდი – როცა მამა დაუმსახურებლად გამიბრაზდა, წავედი და მანდარინების ტყეში დავიმალე, სადაც დიდი საფრთხე იყო, შეიძლება დარაჯს კისტის თოფი ესროლა. იმ დარაჯს მევლუდი ერქვა და ვინც კი შევიდოდა ტყეში, იარაღს ესროდა. მე კი ამისთვისაც მზად ვიყავი, ოღონდ მამაჩემი დამესაჯა უსაფუძვლოდ გაბრაზების გამო. ფაქტობრივად, უსამართლოდ დასჯის გამო შვიდი წლისა მზად ვიყავი, საკუთარი სიცოცხლე გამეწირა. მთელ სამ კორპუსს ვაძებნინე თავი. შეიძლება, ჯიუტი ხასიათი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში უდანაშაულო ვიყავი და ასე დავსაჯე მშობლები (იცინის). სამაგიეროდ, მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და როცა ასეთი ხარ, ამას ბავშვობიდანვე თავადვე გრძნობ და სხვებიც ხვდებიან, ეს ყველაფერი ენერგეტიკულად ჩანს.

– თავმდაბლობამ, დათმობამ ან პირდაპირობამ ზიანი მოგაყენა?

– ჩემმა პირდაპირობამ დამაკარგვინა ადამიანები, რომლებიც როგორც ახლა ვფიქრობ, სულაც არ იყვნენ საჭიროები. ანუ, პირიქით, მომწონს ეს ჩემი ხასიათი, ჩემი პირდაპირობა, რომელიც უზრდელობას არ ნიშნავს და მირჩევნია, ის იყოს ჩემ გვერდით, ვისაც ასეთი ნამდვილი და გულწრფელი ვუყვარვარ. იმიტომაცაა, რომ დღეს არცერთი კონკურსის ჟიურიში არ მიწვევენ და ნუთუ იმდენი არ დამიმსახურებია, რომელიმე კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილიყავი?

მაგრამ, არ უყვართ ჩემნაირი პირდაპირი ადამიანები, ისეთები, მათ რომ არ ემორჩილებიან, აქვთ საკუთარი ხედვა და 26 წელია, ამიტომაც ვერ დავიმსახურე, თუნდაც, ერთი კონკურსის ჟიურის წევრობა. თუმცა, კიდევ ვამბობ, ღმერთს მადლობა, რომ არ მიმიწვიეს. სხვათა შორის, სულ მინდოდა, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, კარგია, რადგან კონკურსიდან გავარდნილი ამდენი ადამიანის ცუდი ენერგია და წყენა ამცდა.

– რამდენად გაქვს განვითარებული ინტუიცია და რისკიანი ადამიანი თუ ხარ?

– ინტუიცია ისეთი მაქვს, ცოტა მაშინებს. ფაქტობრივად, წინასწარ ვგრძნობ ყველაფერს. რაც შეეხება რისკს, ექვსი წელი რომ ვიწექი ლოგინში, ღრმა დეპრესიაში, უცბად ვეუბნები ბექა ბროლაძეს, არ გახსნა სალონი, დამიჯერე, გახსენი ჩემი სტუდია და ნახავ, რამხელა წარმატებას მივაღწევთ-მეთქი. წარმოიდგინეთ, ექვსი წელი რომ მუსიკოსი წევს, როგორ უნდა იყო დარწმუნებული, რომ ვინმე შენთან მოვა. ბექამ კი ლოგინში მწოლიარეს დამიჯერა, 600 ბავშვი მოვისმინეთ მიღებაზე, ეს ხომ რისკია. ინტუიცია მკარნახობდა, გავრისკე და გამოვიდა. ვიცოდი, ხალხს რომ ვუყვარდი, მაგრამ ეს სიყვარული ამხელა დოზით თუ იყო, არ მეგონა, ვერ წარმოვიდგენდი. უზომოდ ბედნიერი ადამიანი ვარ და უზომოდ იღბლიანი. ყველაზე მეტად კი შვილებში გამიმართლა. ქალისთვის ეს ყველაზე დიდი გამართლებაა!

– არასოდეს გიფიქრია უცხოეთში კარიერის აწყობა ან შემოთავაზება თუ ყოფილა?

– ბევრი შემოთავაზება მქონდა უცხოეთიდან, მაგრამ თვითმფრინავში ვერ ვჯდები და ამის გამო ვერ წავედი ვერსად და უარი ვთქვი. მე, მარტო სიზმრებში ვმოგზაურობ, ხან – სად, ხან – სად (იცინის).

ასევე დაგაინტერესებთ: 

გაფრთხილება: „მომხმარებელს ეუბნებიან, რომ მათ სახელზე ვიღაცამ აიღო ონლაინ სესხი და საჭიროა სწრაფად რეაგირება“

„აქტიურად იმუშავეთ პარტნიორებთან, რათა გაჭიანურებული საკითხები საბოლოოდ გადაწყდეს...“ - მიმდინარე კვირის ნუმეროპროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

🎥 „ყველაზე იაფი და ჯანსაღი საკვები დედამიწაზე...“ - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს

წყარო: tbiliselebi.ge