საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებულის, ანდრია ფუტკარაძის ემიგრანტი დედა, შორენა აბაშიძე საკუთარ ემოციებს fortuna-ს უზიარებს. უკვე სამ წელიწადზე მეტია, ის ემიგრანტია, აშშ-ში ცხოვრობს და იქ მუშაობს, სიმღერა, რომელიც ანდრიამ დედიკოს მიუძღვნა, გამორჩეულ ემოციებს იწვევს.
რამდენი ხანია, რაც ამერიკაში ხართ წასული?
სამ წელიწადზე მეტია, რაც მე ვიმყოფები აშშ-ში. რატომ მომიწია წასვლამ? ზუსტად იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ ჩემი შვილისთვის შემექმნა უკეთესი მომავალი. ყველა დედას უნდა შვილის გვერდით ყოფნა, მაგრამ მინდოდა, ანდრიასთვის სხვა კუთხით მიმეცა უფრო მეტი. ამერიკაში ჩასვლიდან ერთ წელიწადში დავიწყე მუშაობა ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში, სადაც დღემდე ვმუშაობ.
რა სიხშირით გაქვთ თქვენ და ანდრიას კონტაქტი? ემიგრაციაში წასული ქართველი დედები ხშირად წლები ვერ ნახულობენ შვილებს…
ანდრიას ცხოვრებაში 24საათი რეჟიმში ვარ ჩართული, მიუხედავად დროის სხვაობისა. ჩამოვდივარ ხშირად, როცა ანდრიას ცხოვრებაში ხდება მნიშვნელოვანი, ვცდილობ, ყველა ღონისძიებას დავესწრო, „რანინას“ გამარჯვებული რომ გახდა, მაშინაც აქ ვიყავი. კონცერტებზე ჩამოვდიოდი. ეს ჩამოსვლა არის მერვე, ვცდილობ, რა თქმა უნდა, ხშირად ვიყო ჩემს შვილთან. მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი ფუნქცია არის ის, რომ ჩემს შვილში ჩავდო ინვესტიცია…
ფხიზლად მძინავს, დროის სხვაობიდან გამომდინარე. ჩემთან რომ ღამეა, შეიძლება, აქ რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდეს, ანდრიას სჭირდებოდეს რაღაც საკითხის გადაწყვეტა, დახმარება, ტელეფონზე დამოკიდებული ვცხოვრობ ეს სამი წელია, ეს ყველაფერი დამღლელია, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან სასიამოვნო…
როდის ბრუნდებით ამერიკაში?
ორ კვირაში… ემოციურად ძალიან რთულია ყოველი დამშვიდობება, ყოველი დამშვიდობება უფრო რთულია წინაზე, რაც უფრო იზრდება ანდრია, უფრო გაცნობიერებული აქვს რაღაცები. უფრო მეტად მჭიდრო კავშირი გვაქვს, რომ ჩამოვდივარ, სულ ერთად ვართ, 24 საათი, ერთად დავდივართ რეპეტიციებზე, გადაღებებზე, ტელევიზიებში. ფიზიკურადაც 24 საათი რომ ერთად ვართ, კიდევ უფრო რთულდება დამშვიდობება… როცა ამერიკაში ჩავდივარ ხოლმე, ძალიან დიდი ხანი მჭირდება, რომ გავაანალიზო და გადავერთო იქაურ ცხოვრებაზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არის ჩიყვი და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ის? - ექიმის რჩევები
წყარო: fortuna.ge