ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.
როგორც წესი, შეკითხვებს ყოველთვის სხვას უსვამს, მაგრამ იშვიათად თავადაც ხდება რესპონდენტი. იგი „ირინას ეპიზოდის“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა.
გარდა ამისა, ტელეწამყვანმა სხვადასხვა საკითხზე საკუთარი შეხედულებები გაგვაცნო. მათ შორის, ფულთან დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ცხოვრებაში არავისგან უსესხებია და არც გაუსესხებია:
„პატარა ვიყავი, სადღაც 10 წლის, ჭიათურაში იყო ოქროულობის მაღაზია. დახლზე, მინის ქვეშ ეწყო ოქროები. იქ მუშაობდა ერთი ქალი, რომლის სახელიც არ მახსოვს. ეს ქალი თავისი ოჯახის ამბებს მიყვებოდა, ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა ოჯახში, იყო ძალადობის მსხვერპლი, დედამთილი, მამამთილი, მეუღლე ცუდ რაღაცებს უკეთებდნენ და მახსოვს, მინაზე ერთ მხარეს მე ვიყავი დაყრდნობილი, მეორე მხარეს ის და ჩვენს შორის ოქრო და ბრილიანტები იყო. მახსოვს, რომ ის ქალი თავის ტრაგედიას ჰყვებოდა ამ ოქრო/ბრილიანტის ფონზე. მე ვუსმენდი, განვიცდიდი და თან ისე მხიბლავდა ეს ოქრო/ბრილიანტი. ორი ემოცია მქონდა ერთდროულად, სულ ასე გავიზარდე.
ძალიან მინდოდა ადრე ოქრომჭედლობა მესწავლა. ერთმა ჩემმა მეგობარმა დაიწყო ოქრომჭედლობა და არ ვიცოდი. მოვიდა და მომიტანა გაკეთებული ბეჭედი. მითხრა, ეს არის ის, რაც პირველი გავაკეთე და შენ გაგიკეთეო. თქვენ არ იცით როგორ მიყვარს, ყურადღება, ამაგი თუ კი მისთვის რამე მაქვს, რომ გამოხატა.
იშვიათად და თითქმის არც, რომ რესპონდენტმა რაღაც მაჩუქოს. მყავს მეგობრები, ესენი მანებივრებენ, მთელი ცხოვრება ვმუშაობ.
ჩემს ცხოვრებაში ფული არც მისესხია და არც გამისესხებია. მე ვარ ძალიან პრაქტიკული ადამიანი, ისე ვანაწილებ ყველაფერს, რომ არ უნდა დავრჩე მშიერი და ვიღაცის ხელის შემყურე. ფულთან, პროფესიასთან, საერთოდ სიცოცხლესთან მაქვს ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, საკუთარი თავი არ შევარცხვინო ან დავუშაო. როცა ფულს სესხულობ და ვალს ვერ იხდი, ხომ უშავებ საკუთარ თავს? ან რომ გაასესხებ და აღარ გიბრუნებს, ხომ აგრესიაში ვარდები? ყველამ იცის, რომ მე ფული არავინ უნდა მთხოვოს და მეც არავის ვთხოვ ფულს. მიმიცია, უამრავ ადამიანს ვეხმარები, უთხოვიათ, ვინც ავად ყოფილა. ყველას ვერ დააკმაყოფილებ. 1 000 კაცს რომ აჩუქო, 1001-ს ვერ მისცემ და ის გაგლანძღავს.
არავის ვერჩი, არასდროს ვუკითხავ სხვას მორალს, ვცხოვრობ ჩემთვის. გინდა? მიიღე. ჩემს თავს ადამიანების თილისმას ვეძახი. მოვედი, მოგიტანე დადებითი ენერგია, მინდა, რომ გაგიმართლოს, არ გეწუწუნები, გამიხარდება, რომ კარგად იქნები. სულ ასე ვარ“, - ამბობს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: