პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ყველაფერი, რაც სიცოცხლის მანძილზე გვხვდება, სიხარულიც და ტკივილიც, იმისთვის ხდება, რომ დაცემული, გაუცნობიერებელი მდგომარეობიდან ცნობიერად მივწვდეთ ჩვენს სულს, ღმერთს და სამყაროს.
მისი თქმით, „შეიცან თავი შენი“ - ეს არის ადამიანის დედამიწაზე მოსვლის არსი:
„არ არსებობს ადამიანი, ვისაც ტკივილი არ განუცდია. ყველას გვგონია, რომ ჩვენი ტკივილია ყველაზე მძიმე, მაგრამ სინამდვილეში ტანჯვა საერთო გამოცდილებაა. ღმერთმა დედამიწაზე მოგვავლინა არა დასასჯელად, არამედ ჩვენი სულის ზრდისთვის.
ყველაფერი, რაც სიცოცხლის მანძილზე გვხვდება სიხარულიც და ტკივილიც იმისთვის ხდება, რომ დაცემული, გაუცნობიერებელი მდგომარეობიდან ცნობიერად მივწვდეთ ჩვენს სულს, ღმერთს და სამყაროს.
არაფერი ხდება უმიზეზოდ. ყოველი შედეგი მიზეზს ატარებს, თუნდაც ჩვენ ვერ ვწვდებოდეთ მას ადამიანური გონებით.
ხშირად ვიკარგებით უსამართლობებზე ფიქრში: რატომ დაეღუპა დედას შვილი, რატომ ავადდება ბავშვი, რომელსაც არაფერი დაუშავებია… ეს კითხვები ადამიანურია, მაგრამ პასუხები ყოველთვის არ ექვემდებარება ჩვენს გაგებას. „შეუცნობელია უფლის გზანი“ და სწორედ ამაში გვიჭირს სიმდაბლე. ამპარტავნებაა, როცა ვცდილობთ ღვთიური ნება განვსაჯოთ.
ამ პროცესში გვავიწყდება მთავარი„შეიცან თავი შენი“. ეს არის ჩვენი აქ მოსვლის არსი.
ხშირად გვგონია, რომ საკუთარი თავი ვიცით, მაგრამ ეს ილუზიაა. საკუთარ თავს მაშინ იცნობ, როცა ცნობიერად აცნობიერებ შენში არსებულ ყველა ნაწილს.
როცა ცნობიერი ხარ, აღარ ჩაერევი ჭორებში, სხვისი ცხოვრების განხილვაში, დაცინვაში. ეს ეგოს გამოვლინებაა. იქ, სადაც სხვას განიკითხავ, საკუთარ თავსაც აზიანებ. ნებისმიერი შეფასება, რომელსაც სამყაროში აგზავნი, უკან კარმის სახით ბრუნდება. ხშირად ვერც ვხვდებით, რამდენი ფიქრი და სიტყვა გვიბრუნდება მოვლენების სახით და მერე ვსვამთ კითხვას რატომ, ღმერთო..
ჩვენ დედამიწაზე არ ვართ იმისთვის, რომ სხვები განვსაჯოთ. ეს უფლის გზიდან გადახვევაა.
შიში კიდევ ერთი დიდი ბარიერია. ყოველდღე გვეშინია ეს არ მოხდეს, ის არ მოხდეს… შიში ნიშნავს უნდობლობას. რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერი შენი სულის ზრდისთვის ეშვება.
თუ განსაცდელს სიმშვიდით შეხედავ, დაინახავ გაკვეთილს სად უნდა შეცვალო, რა უნდა ისწავლო. თუ შიშითა და მსხვერპლის პოზიციიდან უყურებ, გაკვეთილს ვერ დაინახავ და იგივე მოვლენები ისევ და ისევ განმეორდება.
ხშირად ვამბობთ „რატომ ხდება სულ ასე ჩემს ცხოვრებაში?“
იმიტომ, რომ იგივე ქმედებებს ვიმეორებთ და შიგნით ცვლილება არ მომხდარა.
შეიძლება კარგი ადამიანი იყო, არავის აწყენინო, მაგრამ მაინც გტკენდნენ. რატომ? იმიტომ, რომ საკუთარი თავი არ გიყვარს. დათმობილი გაქვს, არ უსმენ საკუთარ საჭიროებებს. როგორც ექცევი საკუთარ თავს, ზუსტად ის გიბრუნდება გარედან.
ეს არ არის ეგოისტური სიყვარული. ეს არის მიღება, მადლიერება საკუთარი თავის მიმართ შენი სხეულის, სულის, გამოცდილების მიმართ.
როცა აღარ იჩერებ გარშემო მანიპულაციურ, ტოქსიკურ ადამიანებს, რომლებიც ენერგიას გაცლიან და მუდმივად თავის მართლების რეჟიმში გაყენებენ მაშინ ბრუნდება სიხარული. თუ ტოქსიკურ გარემოში რჩები მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ყოფნა გაშინებს, ეს არჩევანია და ამას თავისი შედეგი აქვს.
თუ ეს ადამიანები ოჯახის წევრები არიან მესმის, რთულია, მაგრამ კონფლიქტი გამოსავალი არ არის. სიმშვიდით უნდა ასწიო შენი ენერგია. თითოეულ სულს თავისი გზა აქვს და თუ მზაობა არ აქვს, ვერ გააგებინებ. აქ ისევ ნდობაა საჭირო.
რამდენჯერ გგონებია, რომ ძალა აღარ გაქვს და მაინც გაგიგრძელებია გზა. ეს სწორედ ის მადლია, რომელსაც ღმერთი საჭირო მომენტში გაძლევს. რაც არ უნდა მძიმე იყოს მდგომარეობა, ყოველთვის მოვა ის ძალა, რომელიც გამოსვლაში დაგეხმარება. სამყარო კანონზომიერია.
მიიღე ის ისეთი, როგორიც არის. ნუ ებრძვი ღვთიურ ნებას, წინააღმდეგობისას კონფლიქტში ხარ მთელ სამყაროსთან. მიღებაში მოდის სიმშვიდე. სიმშვიდეში ძალა. ძალაში კი ზრდა.
როცა ვამბობთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა, ეს არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას საკუთარ თავზე. პირიქით სწორედ აქ იწყება ნამდვილი პასუხისმგებლობა. ცნობიერება არის უნარი, დაინახო შენი როლი ყველაფერში, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, დანაშაულის გარეშე, მაგრამ სრული სიმართლით.
ბევრი ადამიანი ამბობს „ეს ჩემი ბრალი არ არის“. შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ კითხვა სხვაა რას გასწავლის ეს მდგომარეობა?
სულის გზაზე არ არსებობს შემთხვევითი მოვლენები, არსებობს მხოლოდ გაკვეთილები, რომლებიც ან ცნობიერად ისწავლება, ან ტკივილით მეორდება.
ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე განმათავისუფლებელი მომენტი არის ის, როცა მსხვერპლის როლიდან გამოდიხარ. მსხვერპლის მდგომარეობაში ადამიანი ენერგიას კარგავს, რადგან ძალას გარედან ელის. ხოლო ცნობიერი ადამიანი ძალას შიგნიდან პოულობს და ღმერთთან კავშირში ამყარებს.
ხშირად გვინდა, რომ სამყარო შეიცვალოს, ადამიანები სხვანაირები გახდნენ, გარემო დაგვეხმაროს. მაგრამ სინამდვილეში ცვლილება იწყება მაშინ, როცა თავის შეცნობას ვიწყებთ.
ცნობიერ ადამიანს აღარ სჭირდება მუდმივი დამტკიცება, რომ მართალია. აღარ სჭირდება ბრძოლა თავისი ღირებულებისთვის. ის მშვიდად დგას თავის სიმართლეში და ეს სიმშვიდე ხდება მისი ძალა.
მიტევება ამ გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია. არა იმიტომ, რომ სხვები ყოველთვის მართლები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ შენ აღარ ატარო შიგნით მძიმე ტვირთი. როცა არ ვპატიობთ, საკუთარ თავს ვაბამთ წარსულ ტკივილში. მიტევება არის გათავისუფლება და არა დავიწყება.
ასევე მნიშვნელოვანია მადლიერება არა მხოლოდ კარგისთვის, არამედ რთულისთვისაც. მადლიერება ცვლის ხედვას. იქ, სადაც ადრე უსამართლობას ხედავდი, ნელ-ნელა იწყებ აზრის დანახვას. ეს არ ნიშნავს ტკივილის გაუფასურებას ეს ნიშნავს მის გარდაქმნას.
როცა ადამიანი იწყებს გაცნობას თავისი შიშების, ბრაზის, წყენის, ეჭვების და აღარ გარბის მათგან, იქ იწყება რეალური სულიერი ზრდა.
სულიერი გზა არ არის მუდმივი სიმაღლეები და ეიფორია. უმეტესად ეს არის დაცლა, დაშლა, მარტოობა, გაუგებრობა. მაგრამ სწორედ ამ ეტაპებზე ხდება ყველაზე ღრმა ტრანსფორმაცია.
ღმერთი ყოველთვის ახლოს არის, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ შორსაა, როცა რამე გვტკივა. სინამდვილეში განსაცდელში ის ყველაზე ახლოს დგას.
როცა აღარ ებრძვი საკუთარ თავს, შინაგანი კონფლიქტები იკლებს.
როდესაც ადამიანი გარკვეულ გზას გაივლის, ერთ დღეს ამჩნევს, რომ ტკივილი აღარ აშინებს ისე, როგორც ადრე. არა იმიტომ, რომ აღარ სტკივა, არამედ იმიტომ, რომ იცის ტკივილსაც აქვს დასასრული და აზრი. ეს არის სულიერი სიმწიფის ნიშანი.
სიმწიფე არ ნიშნავს სრულყოფილებას. აქ იწყება სიყვარულის ახალი გაგება. სიყვარული აღარ არის მხოლოდ ემოცია, დამოკიდებულება ან მოლოდინი.სიყვარული ხდება პასუხისმგებლობა საკუთარ აზრებზე, სიტყვებზე, ენერგიაზე და ადამიანი იწყებს შეგნებულ არჩევანს რას ასხივებს სამყაროში.
ამ ეტაპზე ქრება სურვილი სხვების შეცვლის. ჩნდება ღრმა პატივისცემა სხვისი გზის მიმართ. აცნობიერებ, რომ ყველა სული თავის ტემპში მოძრაობს და ვერავინ დააჩქარებს მათ შინაგან გაღვიძებას.
ყველაფერი თავის დროზე მოდის და თავის დროზე მიდის.
საკუთარი თავის მიღების შემდეგ იწყება სხვისი მიღებაც. აღარ გჭირდება დამტკიცება, აღარ გჭირდება აღიარება.
აკეთებ შენს საქმეს სიყვარულით, მაგრამ შედეგს ღმერთს ანდობ“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: