
გიგი ქათამაძე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანას აცნობს. ასევე ხშირად სტუმრობს ეგზოტიკურ ადგილებს და ცდილობს მისი ვიდეოები მაქსიმალურად ექსტრემალური გამოვიდეს.
ამჟამად მას იუთუბიზე 135 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა ამას გარდა გიგი ქათამაძე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც აქტიურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გიგი ქათამაძე ბოლო პერიოდია სოციალურ ქსელებში ექსტრემალური ექსპერიმენტებით გამოირჩევა, და საზოგადოებას განსხვავებულ კონტენტს სთავაზობს.
5 დღე სიბნელეში - ასე ჰქვია ვიდეოს, რომელიც ცოტა ხნის წინ მან იუთუბის საკუთარ არხზე განათავსა. მიუხედავად თვალების ახვევისა, გიგი და მისი მეგობრები ცდილობენ ერთი შეხედვით მოსაწყენი და ამავდროულად დიდი სირთულის გამოწვევა, მაქსიმალურად დატვირთული და მრავალფეროვანი გახადონ.
თუ რატომ გადაწყვიტა მან 5 დღე სრულ სიბნელეში ყოფნა და თვალების ახვევა? - ამას თავად აღნიშნულ ვიდეოში ჰყვება:
„რა მოხდება თუ ხუთი დღე თვალებს დახუჭავ? არც შუქი არც ფერები, არანაირი ტელეფონი და ტელევიზორი. არ იცი დილაა თუ ღამე. მხოლოდ სიბნელე. ვიწყებ ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და ფსიქოლოგიურად რთულ ჩელენჯს ცხოვრებაში. მომდევნო ხუთი დღე ვიქნები თვალებახვეული, რადგან იმისათვის რომ დავინახო ის, რასაც თვალები ვეღარ ხედავს, დავაფასო მომენტები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ, ადამიანები ვერ ვაფასებთ. და გავიგო რას განიცდის უსინათლო ადამიანი. ამ ყველაფრის განხორციელებაში კი დამეხმარებიან ჩემი მეგობრები, ანა და აჩი.
ამ ჩელენჯით მინდა ავწიო ცნობიერება იმ ადამიანებზე, ვინც მხედველობის გარეშე ცხოვრობს და ყოველდღიურად ეჯახება სერიოზულ ბარიერებს ქალაქში, ტრანსპორტში, ქუჩაში, ცხოვრებაში. ეს იქნება სახიფათო, არაკომფორტული და დამაფიქრებელი გზა, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე ღირებული გზები სწორედ სიბნელიდან გადის.“, - ამბობს გიგი ქათამაძე ვიდეოში.
გიგი ქათამაძე ასევე ესტუმრა რესპონდენტს ანას, რომელმაც მხედველობა 5 წლის ასაკში დაკარგა:
„მე ვერ ვხედავ ხუთი წლიდან. ნელ-ნელა დამაკლდა მხედველობა. ვირუსი აღმომაჩნდა, რომელმაც დააზიანა თვალი. ამან გამოიწვია მხედველობის ნელ-ნელა დაქვეითება და ხუთი წლის ასაკში ტოტალურად უსინათლო გავხდი.
ასე გავიზარდე, რომ წარსულს კი არ უნდა მივტიროდე, დღევანდელობით და მომავლით უნდა ვიცხოვროთ. დამიჯერებთ, რომ ტექნოლოგიებს ძალიან კარგად ვფლობ? მაგრამ არასდროს მომიძებნია ინფორმაცია იმაზე, ჩემთვის ოპერაციის გაკეთება შეიძლება თუ არა“, - ჰყვება ანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება
⭕ „3 საათი უშედეგოდ ვაღვიძებდით...“ - სოფია კვინიკაძე შვილთან ერთად პოზირებს