
„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში „რეიმსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ქართველი ფეხბურთელი გუნდის რთული მდგომარეობის მიუხედავად, იმედოვნებს, რომ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებას შეძლებენ.
„დიახ, კვარაცხელიას ვესაუბრე და მივულოცე. პსჟ კარგი გუნდია და ფინალში გასვლა დაიმსახურა. იმედი მაქვს, რომ თასსაც მოიგებს.
„მონაკოსთან“ მარცხის შემდეგ კვირის დასაწყისი ჩვენთვის რთული იყო, ენერგია უნდა გვეპოვა და ვფიქრობ, კვირის განმავლობაში ეს შევძელით. ვიცით, რომ სათამაშო ორი ფინალი დაგვრჩა. ცხადია, სიტუაცია რთულია, მაგრამ თუ „რეიმსთან“ მოვიგებთ, ლე ავრში ხელსაყრელი შედეგის იმედი გვექნება, მზად ვართ, ყველაფერს გავიღებთ, რაც შეგვიძლია. „ლე ავრს“ რთული მატჩები დარჩა, „მარსელის“ და „სტრასბურის“ წინააღმდეგ. ვფიქრობ, „რეიმსი“ „მარსელთან“ დამარცხდება და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იქნება, შესაბამისად, „ტულუზთან ფინალი გვექნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ.
სტატისტიკურად ლიგა 1-ში პირველი სეზონისთვის არც ისე ცუდი მაჩვენებელი მაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესობის იმედი მაქვს. როდესაც გუნდი აგებს, ეს კარგი ნამდვილად არაა. პირადი მიზნები მეორე ადგილზეა, შემეძლო უკეთესი შედეგის ჩვენებაც, მაგრამ ერთადერთი, რაზეც კონცენტრირებული ვარ, კლუბის გადარჩენაა.
ლეო პეტროსთან შეთამაშება? ყოველი მატჩის წინ ყოველთვის ბევრს ვსაუბრობთ ერთმანეთში. ბოლო მატჩებში ჩვენს შორის ყველაფერი უკეთ წარიმართა, „სტრასბურთან“ შესანიშნავი პასი გამიკეთა, ხოლო „მონაკოს“ წინააღმდეგ კარგი კომბინაცია გავითამაშეთ. როდესაც მოედანზე ერთად ხშირად ვართ, რაც გვეხმარება, რომ ერთმანეთი ადვილად მოვიპოვოთ.
სენტ ეტიენი კარგი ქალაქია, მაგრამ დიდი არ არის. რა თქმა უნდა, მომწონს აქ ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს 7 საათის შემდეგ, ასევე, კვირას, ყველაფერი დაკეტილია (იღიმის), მაგრამ აქ კარგია ცხოვრება, ფეხბურთელისთვის, იდეალურია, რადგან აქ ყველაფერია.
ბორდო? რთული პერიოდი აქვს, მაგრამ იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება ჯერ ლიგა 2-ში, შემდეგ ლიგა 1-ში, რადგან კარგი კლუბია, შესანიშნავი ფანები ჰყავს და სტადიონი აქვს. ჩემთვის რთულია „ბორდოს“ ამ მდგომარეობაში ნახვა, რადგან იქ ორი წელი ვითამაშე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.
„სენტ ეტიენი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 27 ქულით გასავარდნ ზონაშია, ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, სტუმრად „რეიმსს“ შეხვდება, ხოლო ბოლო ტურში „ტულუზს“ უმასპინძლებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი კომპოზიტორის დაბადების დღეა!“ - ზურა ხაჩიძის მილოცვა მარიკა კვალიაშვილს