Digest Logo

„100 ათასმა ქართველმა არ გაცვალა ქრისტე სარკინოზთა რჯულზე...“ - გიორგი ლობჯანიძე

1763021321
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:

„არსად არ ჰყავს ერს ამდენი წამებული ერთად, ერთ დღეში, რამდენიც და როგორც ჩვენ! ასი ათასი წმინდა მოწამის დღეს გილოცავთ!

100 ათასმა ქართველმა არ გაცვალა ქრისტე სარკინოზთა რჯულზე, არ შეუშინდა სიკვდილს და სიკვდილით თვით სიცოცხლე შეიძინეს!

რეალურად, რა მოხდა?

საიდან მივედით ამ მდგომარეობამდე?

ისტორიას სწავლა და კვლევა უნდა, მაგრამ დღევანდელ დროში ეს საგანი ყველაზე უინტერესო და არაპოპულარულია მთელი რიგი მიზეზების გამო.

ჩვენი ქვეყნის რყევა, მაშინ დაიწყო, როდესაც 1213 წელს წმინდა თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფოს მისნაირად მოაზროვნე ადამიანი არ ხვდა წილად.

ტახტი მეფის ძემ - გიორგიმ, ჯერ კიდევ, მაშინ ჩაიბარა, როცა თამარი ცოცხალი იყო, თუმცა ასაკის სიმცირიდან გამომდინარე, მხოლოდ თანამოსაყდრედ გამოცხადდა, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ კი სრულუფლებიანი მმართველი გახდა.

გიორგი IV-ის ზედმეტ სახელი იყო „ლაშა“, რაც აფსართა ენაზე ბრწყინვალესა და მანათობელს ნიშნავს. ამას ადასტურებს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი მონაკვეთი.

ისტორიკოსთა ნაწილი ხაზს უსვამს რომ გიორგი მმართველობის საწყის წლებში იყო საოცრად სახიერი და მომხიბვლავი, ტანად - კენარი, ახოვანი, ძალ-ღონით სავსე. „ლომი ძალითა და უმანკო გონებითა“. ჭეშმარიტი რაინდი, უშიშარი და საჩინო მახვილსა და ისარში. უსაზღვროდ კეთილი და გულმოწყალე. მის სიცოცხლეში ერთხელაც კი არ მოუქნევია მათრახი მისი მსახურებისთვის. ბჭე და მოსამართლე, მშვიდი, განურისხებელი ბუნებითა.

თუმცა, მისი ცხოვრება და ამავდროულად, საქართველოს ბედი რადიკალურად, 180 გრადუსით იცვლება მაშინ, რა წამს შეუყვარდება სხვისი მეუღლე, ამ ქალს კი თავისად გაიხდის. თითქოს, მეფის ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა: სიყვარულამდე და სიყვარულის შემდეგ.

მაშინდელ დროში, როცა კანონები და მსოფლმხედველობა სხვანაირი გახლდათ, რთულია, ზოგადად ვინმე გაამტყუვნო. ნაწილი იმ დროისთვის წესჩვეულებას იცავდა, ნაწილი კი ამას არაფრად აგდებდა. ფაქტი კი ერთი იყო: მეფეს იმ ქალისგან შვილი შეეძინა, „დავით VII ულუს“ სახელით, რომელსაც ისტორიკოსი „დიდთა განსაცდელთა მეფეს უწოდებს“.

დიდებულები გიორგის ცოლის შერთვას სთხოვდნენ, მეფე კი მტკიცე უარზე იყო, არ უსმენდა არავის და მეტიც, დედის, თამარის ერთგული კარისკაცები ნელ-ნელა დაითხოვა, მათ ნაცვლად კი მისი გამოუცდელი თანამოაზრეები შემოიკრიბა, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა.

ხოლო, მაშინ, როცა ეს ქალი ისევ მის მეუღლესთან გაგზავნეს და დარდით გარდაიცვალა, მეფეს განწყობა სულ წაუხდა. ერთ დროს პირმცინარი, ახოვანი მეომარი, გულისტკივილისა და ნაღვლის გასაქარვებლად სმას და აღვირახსნილ ცხოვრებას მიეცა. განსაცდელმაც არ დააყოვნა.

XIII საუკუნეში, 1220 წლისთვის საქართველოს ფართობი 246.178 კმ-ს, ხოლო მოსახლეობა კი 8.950.000 კაცს შეადგენდა. ქვეყანა იყო გამართული წელში, უხვად მოიპოვებდა სარჩო-საბადებელს. გავლენა ჰქონდა მთელ მსოფლიოში, ხოლო მეფე გიორგი საწყის წლებში იწოდებოდა, როგორც ახალი მაკედონელი და მხსნელი ევროპის კონტინენტისა. აი, ასეთი მამული ჩაბარდა ახალ მეფეს, თუმცა...

1219 წელს პაპი ჰონორიუს III სთხოვდა ქართველთა მეფეს დახმარებას, ურჯულოთაგან დახსნასა და შემწეობას. იწყებოდა დიდი ჯვაროსნული სამზადისი, სადაც საქართველო მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. გიორგიც სიხარულით შეხვდა ამ ამბავს, ის ის იყო უნდა გადგომოდა თავისი დიდი ამალით გზას, რომ მოულოდნელად ქვეყნის საზღვრებს უცხო ტომელები მოდგომოდნენ, ლაშქრობა კი ჩაიშალა.

კარს მომდგარნი მონღოლები იყო, რომელთა ვინაობა, არამცთუ ქართველთათვის, არამედ, მახლობელი აღმოსავლეთის მცხოვრებელთათვისაც უცნობი იყო. ვარამ გაგელმა და ივანე ათაბაგმა ამცნობეს მეფეს ჯარის მოახლოება. მეფემაც შეკრიბა ლაშქარი, რომელთა რიცხვიც 90 ათასს შეადგენდა. ქართველები დაიძრნენ, თუმცა ამ ომში დამარცხდნენ. დიდად დაზარალდა ჯარი. მეფე კი მონღოლურმა ისარმა მწარედ დაჭრა.

თავად მონღოლები 1 წლის შემდეგაც აპირებდნენ შემოსვლას, მაგრამ ვერ გაბედეს, არც მათ ჰქონდათ საქმე კარგად, რა გაიგეს ქართველთა ჯარი მზად იყო ხელახალი ომისთვის ტერიტორიას უბრალოდ გაეცალნენ.

მეფემ ეს მარცხი მალე დაივიწყა. ქვეყანაში დროებით სიმშვიდე ჩამოწვა. თითქოს სწრაფად დადგა ფეხზე გიორგი, მაგრამ მონღოლური ისრის ჭრილობა გაურთულდა, აქ კი იგრძნო მან ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი და ანდერძად მის დას თავისი უფლისწულის დავითის ტახტი შეავედრა. იქამდე კი ქვეყანას რუსუდანი განაგებდა.

სამწუხაროდ, ვერც თამარის მეორე შვილი, რუსუდანი აღმოჩნდა ქვეყნის ინტერესების გამტარი და ერთგული ადამიანი. ამ ქალბატონს მაშინდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთოდ არ ესმოდა, დრო კი გადიოდა, განსაცდელი კი სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა.

რუსუდანის მეუღლე რუმის სულთნის ძე „მოღის ედდინი“ გახლდათ, რომელმაც დაუტევა მაჰმადი და გაქრისტიანდა. მისგან დედოფალს, ასევე უფლისწული დავითი „ნარინი“ შეეძინა.

მალე იმპერიას ახალი მტერი, ხვარაზმელთა მმართველი ჯალალედინი მოადგა. ის მონღოლებთან ბრძოლაში მრავაგლზის იყო დამარცხებული, ხოლო ავტორიტეტის აღდგენისთვის კი ქართველებთან ომი საუკეთესო გამოსავალი იყო. გადამწყვეტი ბრძოლა გარნისთან შედგა. ორივე მხარეს მრავალრიცხოვანი არმია უმშვენებდა გვერდს. სამწუხაროდ, ქართველთა მოუმზადებლობამ და ამავდროულად კი ერთმანეთის შურმა და ღალატმა ამ ომშიც დიდი მარცხი განგვაცდევინა.

ივანე ათაბაგმა პირადი წყენისა და შუღლის გამო, ჯარი არ მიაშველა ორ გამორჩეულ მეომარს შალვა და ივანე ახალციხელებს, ისინი 6 ათასი კაცით ეკვეთნენ საწყის ეტაპზე 200 ათასიან მტრის ურდოს, იმ ტაქტიკით რომ გარკვეული დროის მერე ათაბაგი დაეცემოდა მათ თავზე, თუმცა ამაოდ ...

ამის შემდეგ კი დატრიალდა დიდი გოდება, სრული ტრაგედია. შურისა და ამპარტავნების, ურთიერთშეუთანხმებლობისა და წყენების გამო დამარცხებულ ომში, მტარვალი მხეცი ქალაქში შემოიჭრა. იწყო მისი ციხე-გალავნების მონგრევა, ეკლესია-ტაძრების რბევა და ხალხის უმოწყალოდ ჟლეტა.

ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა, ზედ კი მისი ბილწი საჯდომი დააშენებინა. იქიდან კი უყურებდა ხალხის წამებით დაჩეხვას. ხვარაზმელებმა შეკრიბეს ურიცხვი თბილისს მცხოვრებნი და უთხრეს, რომ მათ ბატონს სურდა უარეყოთ ქრისტეს რჯული, ხოლო ხატები კი შეენერწყვათ და ზედ ფეხით შემდგარიყვნენ, ვინც ამას არ იზამდა, ის გამოესალმებოდა სიცოცხლეს, ხოლო, ვინც იზამდა, კარგად დასაჩუქრდებოდა.

ერთ დღეში - ასი ათასმა ქართველმა შეჰფიცა ქრისტეს და მის ეკლესიას ერთგულება. ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იყო! არსად მსგავსი რამ არ მომხდარა. მტკვარი გარდაცვლილთა გვამების ადგილად გადაიქცა, წყლის ნაცვლად კი სისხლი მოედინებოდა მდინარეში.

ოჯახის წევრები, და-ძმები, ნათესავები, მეზობლები ერთმანეთს ამხნევებდნენ! ქრისტესთვის სიკვდილი მარადიული სიცოცხლის მიღების ტოლფასი იყო!

თავად ჯალალედინს ნამდვილად არ შერჩა ეს ამბავი! ცოტა ხანში ისიც მოკლეს!

ასე, გაიძარცვა და გადაიწვა ქალაქი, განადგურდა წლობით ნაშენები ინფრასტრუქტურა და რისთვის? ისევ ერთმანეთის ქიშპისა და პირადი ინტერესების წამოწევისთვის!

ისტორიამ გვასწავლა ის, რომ - ვერაფერი გვასწავლა! წლები გადის, შეცდომები მეორდება!

გილოცავთ, ასი ათასი წმინდა მოწამე იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!

გაცილებით უკეთეს და თამარისეულ საქართველოში გვეცხოვროს! სადაც პირადი კი არა, ჯერ საქართველოს ინტერესი იქნება თავში და ბოლოს კი ჩვენი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „25 ნოემბრიდან შენს ცხოვრებაში კარგი პერიოდი დაიწყება, 27-29 დეკემბრიდან უკვე კარგად იგრძნობ თავს... დაიმახსოვრე თარიღები“ - მარიამ ციმინტიას ვიდეომიმართვა

„შემოვატარებ სახლში საათის ისრის მიმართულებით, თან ვლოცულობ...“ - როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან? ეზოტერიკოსის რეკომენდაცია

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება