Digest Logo

„15 წლის ვიყავი პირველად რომ ჩავიცვი შავი, მის გამო, მან ჩამაცვა. 16 წლის აღვიკვეცე. აღკვეცის დღედაც პარასკევი ავირჩიე“ - სულის შემძვრელი ისტორია

1656141759
მონაზონიმონაზონი

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „წიგნის ჭიები“ 76 წლის მონაზვნის სულის შემძვრელი ისტორია ვრცელდება, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ. ემოციურ ამბავს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის...

/ამოკაწრული ვანში, დედათა მონასტრის კედელზე.../

ბოლო გაკვეთილის ზარიც დაირეკა. წიგნები სწრაფად ჩავალაგე ჩანთაში და სასკოლო ოთახიდან გამოვვარდი. მთელი დერეფანი სირბილით მოვიტოვე უკან. ეზოში გამოსასვლელს, რომ მივუახლოვდი, შევჩერდი. კაბა გავისწორე, თმა გავიშალე და ნელი ნაბიჯით გავაგრძელე სვლა. ვიცოდი, ყოველ პარასკევს, ამ დროს, ეზოში იდგა თანატოლებთან ერთად. რა დამავიწყებდა?!.. მთელ კვირას ამ დღის მოლოდინში ვატარებდი. გარდაუვალი რიტუალი იყო სკოლის მერე სახლში ერთი გზით წასვლა. მე მხოლოდ ის ერთი დღე მქონდა მის გვერდით ყოფნისა.
სკოლის ეზოსაც გამოვცდი. რა თქმა უნდა, უკან არ მომიხედავს. ჭადრების ხეივანს როგორც კი შევუდექი, უკან ნაცნობი ფეხის ნაბიჯების ხმა მომესმა. სუნთქვა აჩქარებული მომიახლოვდა, თითქოს ჩემს გვერდით და თან ერთი ნაბიჯით უკან მოდიოდა. ჩანთის გამორთმევა უნდოდა, არ დავანებე. ჩემითაც ვუმკლავდებოდი რამდენიმე წიგნის სიმძიმეს მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს შედარებით მძიმე ჩანთა მქონდა.

„დიდოსტატის მარჯვენა“ მედო სხვა წიგნებთან ერთად. კითხვა მქონდა დაწყებული. ისე, კი მინდოდა ამ რომანზე მასთან ლაპარაკი. ჭიაბერის გარეგნობის აღწერას რომ მივადექი, თვალებგაფართოებული ვკითხულობდი, მეგონა იმ ბიჭს აღწერდა ავტორი ყოველ პარასკევს ჩემს გვერდით და თან ერთი ნაბიჯით უკან, მორცხვად რომ მოდიოდა. წიგნზე კი არა, საერთოდ ვერაფერზე ვბედავდი მასთან საუბრის დაწყებას. არადა ლაპარაკი ძალიან მიყვარს. არ ვიცი პარასკეობით რა მემართებოდა...

ბავშვობაში ბებიაჩემი მიყვებოდა ხოლმე: თურმე ერთი ბიჭი ჰყვარებია სკოლაში. სანამ ჯარში წავიდოდა, ხშირად ვნახულობდიო მეუბნებოდა. ბაბუაჩები არ ყოფილა ის ბიჭი. ბაბუას მერე მოუტაცებია, იმის ჯარში ყოფნისას... ბებიაც დარჩენილა... მე სულ იმ ჯარისკაცზე მიყვებოდა და არა ბაბუაჩემზე. ბებია სულ იხსენებდა, ჩვენ ისე გვიყვარდა ერთმანეთი, ხელიხელ ჩაკიდებულებიც კი არ დავდიოდითო. თან ჩემს დროს აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდაო?!.. მე ამაზე სულ მეღიმებოდა. მერე მივხვდი, როგორც უყვარდათ ბებიას და იმ ჯარისკაცს ერთმანეთი, იმიტომ, რომ ჩვენც ასე დავდიოდით ხოლმე. გვერდიგვერდ და თან ერთი ნაბიჯით უკან...

მაღალი იყო, ზღვისფერი თვალები, გრძელი წამწამები, ოქროსფერ კულულებიანი თმა ჰქონდა. თმას მოკლედ არასოდეს იჭრიდა. იმ სიგრძე ჰქონდა ხოლმე, რომ თავის ლამაზ თვალებს სულ უფარავდა. ერთადერთხელ გავბედე მის მზისფერ თმას შევხებოდი, თვალები მინდოდა გამოსჩენოდა...

„რა ლამაზი იყავი, ბიჭო...“, მაშინ პატარები ვიყავით, სულ პატარები...

იმ პარასკევს ბოლო გაკვეთილი არ ჩამიტარდა. საკლასო ოთახიდან ადრე მაინც არ გამოვედი. ზარი რომ დაირეკა, მე უკვე გამოსაქცევად მზად ვიყავი. გულაჩქარებული, მაგრამ მშვიდი სახით გამოვედი სკოლის კარებიდან. გვერდით არ გამიხედავს, ვერ დავინახე. აქამდეც არ ვიხედებოდი ხოლმე, მაგრამ სულ ვხედავდი. ჭადრების ხეივანიც უკან მოვიტოვე. უფრო და უფრო ვანელებდი სიარულს. უკან ნაბიჯების ხმა მაინც არ მესმოდა. ნეტავ ახლა გამოჩნდეს და ვთხოვ ჩემი ჩანთა წამოიღოს -გავიფიქრე. ტირილი მინდოდა. სახლში მივედი. თვალცრემლიანი დედა შემომეგება. გულში მაგრად ჩამიკრა. ცოტაც და ავტირდებოდი...

„რა ლამაზი იყავი, ბიჭო...“ იმ დღის მერე შევიძულე პარასკევი. გაკვეთილების შემდეგ სახლში სირბილით ვბრუნდებოდი. ნეტავ, სხვა გზაც ყოფილიყო სახლამდე მისასვლელი, აღარ მომიწევდა ჭადრების ხეივანში მარტო გავლა...

„რა ლამაზი იყავი, ბიჭო...“
15 წლის ვიყავი, პირველად რომ ჩავიცვი შავი, მის გამო, მან ჩამაცვა. სკოლა დედაჩემის ხათრით დავამთავრე. ყოველ პარასკევს შავ ტანსაცმელს ვატარებდი. დედა წუხდა, მაგრამ ეს ჩემი რიტუალი იყო გლოვისა...
არ შემეძლო.. ვერც შევძელი ჭადრების ხეივანში მარტომ სეირნობა. სხვისი ფეხის ნაბიჯების ხმას აბა როგორღა ავიტანდი?!..

მხოლოდ პარასკევი არ იყო საკმარისი გლოვისთვის. არც იმ დღეს ჩაცმული შავები. ამიტომ გადავწყვიტე და ჩემი ცხოვრების ყოველი დღე პარასკევად ვაქციე.

„16 წლის აღვიკვეცე.“ აღკვეცის დღედაც პარასკევი ავირჩიე. ჩემი სოფლის მონასტერში დავრჩი. იქიდან ხელის გულივით ჩანდა ჩემი სკოლა და ჭადრების ხეივანი...

„76 აქ შემისრულდა.“

მისი სურათიც არ მაქვს. წელიწადში ერთხელ, ისიც პარასკევს, ავიღებ ხოლმე „დიდოსტატის მარჯვენას“, ვკითხულობ რომელიღაცამდენე თავს, რომელშიც ჭიაბერის თმასა და მშვენიერებას სიტყვებით ხატავს ავტორი და ვგრძნობ, თითქოს ჩემს გვერდით და თან ერთი ნაბიჯით უკან, ნაცნობი ნაბიჯების ხმას...

ნეტავ, მომეცა უფლება ჩემი ჩანთა გეტარებინა....

„რა ლამაზი იყავი, ბიჭო....“
/ ავტორი: მ. მგალობლიშვილი /“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ღიმილა ბიჭო, როგორ მენანები! გიყურებ და არ მჯერა“ - ვინ იყო კაცი, რომელიც ვალესთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

🎥 „თქვენი ნაციონალი დედა მოვ@@ან... ხელი გამიშვი“ - თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე

🔵„ჩვენ ხომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო, შვილო. მე მზად ვარ ერთად წავიდეთ დე, მენატრები უკვე“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი