Digest Logo

„აღორძინებასთან, სნეულთა კურნებასთან, ქალურ საწყისთან არის დაკავშირებული...“ - რას წერს დალილა ცატავა ბარბარობის დღესასწაულზე

1765915302
 დალილა ცატავა

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს.

მოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოჰკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება.

რა რიტუალები არსებობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბარბარობის დღესასწაულზე - თემაზე ასოცირებული პროფესორი დალილა ცატავა სოციალურ ქსელში წერს:

„ბარბალობა თუ ბარბარობა - საკრალური დღეები 17-22  

ბარბალობა ქართველური ტომების წარმოდგენით წელიწადის იმ დღეს გულისხმობს, როცა მზის სამყაროს ამ ძირითადი მანათობელის ქმედებაში რაიმე ცვლილება იგულისხმება. ეს წარმოდგენა წარმათობის გადმონაშთია და მზესაც ყოვლისშემძლეობა მიეწერება. მაგალითად, ამ უზენაეს მანათობელს უძველეს სამედიცინო წყაროებში- ღმერთი ეწოდება. „მზეში“ კი განსახიერებულია ქართველთა წარმართული პანთეონის ქალი - ღვთაება - ბარბალე.

ბარბალობა (არა ბარბარობა) ზამთრის ბუნიობასთან დაკავშირებული წარმართული დღესასწაულია.

მთელ საქართველოში იყო ღვთაება ბარბალე, რომელსაც ნაყოფიერების და მოსავლიანობის, ქალების და ბედობის მფარველად მიიჩნევდნენ, ვერა ბარდაველიძის და სხვა მკვლევრების ეთნოგრაფიულ ნაშრომებში ვხვდებით ღვთაება ბარბალესთან დაკავშირებულ რიტუალებს.

ბარბალეს დღესასწაულზე საქართველოში წრიული ფორმის შესაწირავები ცხვებოდა, მისი კულტი მზესთან იყო დაკავშირებული, კეთდებოდა მარცვლეულის რიტუალური ფაფები, აღევლინებოდა ლოცვა მომავალი წლის ბარაქისა და სიუხვისათვის, რადგან ბუნიობიდან იწყებოდა სინათლის შემოსვლა და უკუნის გაქრობა რაც დღის მატებას უკავშირდეოდა.

ბარბალობას იცოდნენ საქართველოში მეკვლეობა და სწორედ 17-დან 22 დეკემბრამდე ბედობის დღედ ითვლებოდა. სამეგრელოში, გურიაში, რაჭაში, სვანეთში, ქართლში განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ ბარბალეს დღეს და მაკუჩხურს, მფერხავს, გამორჩეული მნიშვნელობით ირჩევდნენ.

ამ დღეს მეგრელი პურმარილზე მიიწვევდა მეკვლედ სასურველ კაცს და შეძლებისდაგავარად პატივს სცემდა, რათა „კარგი ფეხით“ შემოსულიყო მის ოჯახში. მასვე ანდობდნენ საკალანდო “ქუჩუჩის” და სხვა „ოკუჩხურის“ გაწყობას.

მეგრელის წარმოდგენით ამ დროიდან - 4/17 დეკემბრიდან იწყებოდა მზის ბორბლის შეყოვნება და დღე იწყებდა მატებას. მაგრამ დღის გადიდება შესამჩნევი ხდებოდა „ქირსეს“ („შობის“) შემდეგ. „წაკურთხია დიდი დღა რე“ 6 იანვრიდან („ნათლისღებიდან“).

21 დეკემბრის ღამე განსაკუთრებით საკრალურად მიაჩნდათ სამეგრელოში, 21 დეკემბერი ზამთრის მზებუდობის დღეა ანუ ,,შვანი”, ჟამი, დროებაა, როცა დგება წლის ყველაზე გრძელი ღამე, რასაც სამეგრელოში “გეუკუმელუა” ანუ “უკუმელაშ გერია” – ბნელის მრეობა ჰქვია. გეუკუმელუა არის ღამის გამარჯვება დღეზე, მზის ნათელზე.
თუმცა ზამთარი ჯერ ისევ წინ არის, გეუკუმელუა ღამის გარდასვლის შემდეგ ამოდის მზე, ახალშობილი მზე, რომელიც ცხოვრების ახალ ციკლს იწყებს, ანუ იწყება მზეგრძელობა, დღის მატება.

გეუკუმელუა ღამეს ხდებოდა სამეგრელოში საწნახლიდან დამწდარი – ,,დაგუნდებული”, ,,გუნაფილი”, ,,წკონდელი” ღვინის გამოღება და გადასხმა სხვა ჭურჭელში, იქნებოდა ეს ქვევრი, თუ კასრი. ამ ღამეს დიასახლისები აუცილებლად ამზადებდნენ თხლეს შეჭამანდს – “თხოლოზადილს”, რომელსაც ნიგვზით კმაზავდნენ, ამავე დროს მოამზადებდნენ თხლეს ლეჭკერეს – ნიგოზში არეულ და ღვინომოსხურებულ წვრილად დაჭრილი კეჟერა ფხლის მწნილს. გაშლიდნენ ტაბლას, „ოხვამერს”, რომელსაც ჯვეშ დო ახალიშ გეწირუა – ძველისა და ახლის შეწირვა ერქვა. ეს პირველ რიგში გულისხმობდა წინა წელს დაწურული დაძველებული ღვინისა და გეუკუმელუა ღამეს გამოღებული ახალი ღვინის ჩამოდგმას ტაბლაზე. დააცხობდნენ პატარა, ყველიან და კვერცხიან მზის ფორმის კვერებს, შეწვავდნენ თევზს, მოხარშავდნენ ძველ და ახალ ლობიოს (საქართველოში ლობიოს შემოსვლამდე – ოსპს) და “თხოლო ზადილთან” და “ლეჭკერესთან” ერთად მიიტანდნენ ტაბლაზე. ამ ტაბლაზე უცილობლად გადააგორებდნენ მაგრად მოხარშულ კვერცხებს – მზის სიმბოლოს და ჩადგამდნენ ბარბალობისთვის დაკლული ღორის თავ-ფეხს, რომელსაც მზებუდობის ღამისთვის ინახავდნენ.  

მზებუდობის ღამეს მთელი სოფელი ზეიმობდა, თუმცა კი ერთმანეთთან გადასვლას ერიდებოდა, რადგან მზებუდობაც და ბარბალობაც, ფერხობას უკავშირდებოდა.

გურულები ამ დღეს იწყებდნენ შობისათვის მზადებას, შობის მარხვა მკაცრდებოდა, ოჯახში დიასახლისი მდუღრავდა ტაბლებს, რომ ცხიმი არ შეყოლოდა, გურიაში ბარბალობის დღეს ოჯახიდან რამეს გაცემას ერიდებოდნენ, და არასასურველი სტურის მიღებაც არ მიაჩნდათ კარგად. ოჯახში ბარბალობას მოსული ფეხადი დააპურებდა ქათმებს და გამრავლებას უსურვებდა. “ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხორაკი.”  . ამ დღეს იწყებდნენ საშობაო სანთლების ჩამოქნას ოჯახის ყველა წევრისთვის.  

ბარბალობის დღესასწაულზე სვანეთში შემწირველი ქალი იყო და ლოცვასაც ის აღავლენდა. ამ დღეს დილით სახლის უფროსი ქალი, რომელსაც ბალს¬ქვემოთ დიხსალ¬ი ეწო-დება, მოხარშავდა რძის ფაფას “ლჷჯემი გაგ¬ს” წმინდა პურის ფქვილისგან და შინაური საქონლის მფარველი ძალის სახელზე შესწირავდა.

რაჭაში ბარბარობა 4/17 ქრისტე¬ შობის თვე, ყველა დღესასწაულის დასაწყისად ითვლება. ამ დღეს ოდითგანვე განსაკუთრებით უქმობენ ქალები. დილიდან ქალები შეუდგებოდნენ სახლ-კარის დასუფთავებას; მთელი ჭურჭელი უნდა გაერეცხათ. კერვა, ჭრა და ქსოვა არ შეიძლებოდა. ამ დღეს ადრიანად სადილობისათვის უნდა მოეწვიათ საახალწლო მეკვლე “მკლოვიარე”, სადილზე დასტოვებდნენ – გამოუცხობდნენ ლობიანებს, უსათუოდ ღვინოს დაალევინებდენ და ისე გაისტუმრებდენ. თუ ეს მეკვლე კარგი ფეხის გამოდგებოდა, ე.ი. ოჯახს ადამიანის სული არ დააკლდებოდა და ბევრი გოჭ-ქათამი დაიბადებოდა, მაშინ ყოველ წელს ის არის მეკვლედ და მისი გამოცვლა არ შეიძლებოდა. სხვა შემთხვევაში მეკვლეს ცვლიდნენ. ბარბარობა საღამოს ვახშმობთვის უფროსი ქალი გამოაცხობდა სამ ჯვარდასახულ ტაბლას, რომლებშიც უსათუოდ უნდა ყოფილიყო ჩართული ლობიო, გოგრა და ნიგოზი, რადგან ეს ბარბალობიდან მოდიოდა, ბარბარობა დღეს გულცარიელი და ჯვარდაუსმელი კერძის გაკეთება ნიშნავდა მთელი წლის განმავლობაში ოჯახში სიცარიელეს.

ქართლში, ბარბალობა თავ დღეობად ითვლებდა, სახლში პატიჟებდნენ მეკვლეს, და დასვამდნენ იმ ტახტზე სადაც მიმობნეული იყო, ხორბლის ქერის და ფეტვის მარცვლები, როგორც სიუხვის სიმბოლო, თუმცა ეს ფრინველთა და შინაური საქონლის ბარაქას უფრო ეძღვნებოდა. აცხობდნენ ლობიან პურებს და ზეთში გაკეთებულ ქადას. ცხვებოდა ნიგვზიანი ქადები, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ - გმომვლელს ურიგებდნენ 
 ბარბალობაში შერწყმულია წმინდა ბარბარეს ხატება. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ბარბალეს ასტრალური კულტი შეცვალა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ხატებამ (მე-4 ს.).  ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენით, წმ. ბარბარე ბავშვთა მფარვვლი და შემწეა, სახადთან, ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, წმ. ბარბარე საქონლის მფარველი და მკურნალიცაა. ის ქრისტიანი, წმ. დიდმოწამე ბარბარეა. 

ორივე სიწმინდე კი ბარბარეც და ბარბალეც აღორძინებასთან, სნეულთა კურნებასთან, ქალურ საწყისთან არის დაკავშირებული და უმტკივნეულოდ გაერთიანდა პირველ ქრისტიანთა, ახალგაქრისტიანებულ ხალხთა წინარე რწმენებთან და დღემდე აღიქმება სიახლის, სიუხვის, მზის ხელახლა დაბადების, ახალი ათვლის მოლოდინთან“, - წერს დალილა ცატავა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„განვიკითხებით ჩვენი დამოკიდებულებით სასუფევლის, ღვთისმსახურების მიმართ“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ბებიკონას დანიელი❤️“ - მაგდა ჯოხაძე შვილიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ტრევის შადრევნის მონახულება ფასიანი ხდება... რომის მერია წელიწადში 20 მილიონი ევროს მოგებას მიიღებს“ - ნინა მამუკაძე-სორდინი